საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანში ჩადის

მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდება.
მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანს ეწვევა.

ინფორმაცია 24-25 ნოემბრის ორდღიანი ვიზიტის შესახებ 24 ნოემბერს გაავრცელა საგარეო უწყების პრესცენტრმა.

სამინისტროს ცნობით, მაკა ბოჭორიშვილი შეხვდება:

  • აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს;
  • პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს;
  • მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვას;
  • საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს.

24 ნოემბერსვე ბაქოში დაგეგმილია საქართველოს რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძის შეხვედრა თავის კოლეგასთან, რამინ მამადოვთან.

ვიზიტის წინა დღეს, 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, აზერბაიჯანში, კახის რაიონში, - ისტორიულ ჰერეთში - ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძართან, – მართლმადიდებელი მლოცველები არ მიუშვეს. მობილიზებული იყო პოლიცია.

აზერბაიჯანის ხელისუფლება ქურმუხის ტაძარს, - რომელსაც „კურმუკად“ მოიხსენიებს – „ალბანურ კულტურულ მემკვიდრეობას“ მიაკუთვნებს. სექტემბერში გაირკვა, რომ იქ არქეოლოგიური გათხრები დაიწყო, რაზეც საპატრიარქომ პროტესტი გამოთქვა.

გიორგობაზე ღვთისმსახურება იმავე რაიონში, სოფელ კახ-ინგილოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში აღევლინა. ლიტურგიას ესწრებოდა საქართველოს რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე.

​
XS
SM
MD
LG