აზერბაიჯანის საგარეო უწყება ტაძარს „კურმუკს“ უწოდებს და მიიჩნევს, რომ ეს ადგილი, – როგორც დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის შემთხვევაში, – „ალბანური კულტურის“ კუთვნილებაა. ახსენებს „სომხური ეკლესიის მიდგომებსაც“.
ოფიციალურ თბილისს ჯერ პოზიცია საჯაროდ არ დაუფიქსირებია, - რადიო თავისუფლებამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრს მიმართა საპასუხო კომენტარის მისაღებად.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას სულ რამდენიმე საათით უსწრებდა ილჰამ ალიევისა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარი, რომლის დროსაც ლიდერებმა „კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებაზე“ ისაუბრეს. ამ ეტაპზე უცნობია, იყო თუ არა ქურმუხის საკითხი ამ საუბრის ნაწილი.
აზერბაიჯანში მცხოვრები ეთნიკური ქართველების ნაწილი ამბობს, რომ მათი სამოქალაქო უფლებები ირღვევა, რაც ქურმუხის ტაძრის საკითხის გარშემოც გამოჩნდა, - თუმცა ახლა, აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან მკაცრი განცხადების შემდეგ, დუმილს ამჯობინებენ - მოსახლეობის უსაფრთხოების მოტივით.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საპატრიარქო ქურმუხის ეკლესიის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე შეშფოთებას გამოთქვამს.
ფოტოები „საინგილოს ახალგაზრდული მოძრაობისგან“
2026 წლის 24 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ განაცხადა:
„შემაშფოთებელია ბოლო დღეებში მედიასივრცეში გავრცელებული ინფორმაცია და ფოტო-ვიდეომასალა ისტორიულ ჰერეთში, ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში და მის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ“.
ფოტო-ვიდეო მასალა, რაზეც საპატრიარქო მიუთითებდა, ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან გაავრცელა ფეისბუკ-გვერდმა, „საინგილოს ახალგაზრდული მოძრაობა“.
„როგორც ადგილობრივები იტყობინებიან, ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძრის გარე და შიდა საძირკველია ამოთხრილი. ასეთი ფაქტი აღმაშფოთებელია რადგან, საქართველოსთან შეუთანხმებლად მიმდინარეობს ეს პროცესი“, - ასეთი აღწერა ერთვოდა ფოტოებს.
ეს მასალები 18 სექტემბერს პირველად სწორედ ამ გვერდმა გამოაქვეყნა და შემდეგ არაერთმა ფეისბუკ-გვერდმა და ჯგუფმა აიტაცა. იყო ვიდეოც, რომელიც მოგვიანებით წაიშალა.
„ადგილობრივი მართლმადიდებელი ქართველებოსთვის ერთ-ერთი წმინდა ადგილი ასეთ გაუბედურებულ დღეში როცა არის, ამ დროს რას ვაკეთებთ? ხმის ამოღებაც კი არ შეგვიძლია“, - წერდა „მოძრაობა“.
გაურკვეველია, თუ რა მიზნით იყო ეს სამუშაოები წარმოებული, - რაზეც შეკითხვები მოგვიანებით საპატრიარქოსაც ჰქონდა.
23 სექტემბერს გავრცელებულ მორიგ პოსტში იგივე ფეისბუკ-გვერდი წერდა:
„ტაძრის გზაზე არსებული ბანერი გვეუბნება, რომ „შესვლა აკრძალულია, მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები“.
ამ ფეისბუკ-გვერდს არ აქვს ბევრი აქტივობა - სულ ათამდე პოსტი აქვს გამოქვეყნებული. პირველი მათგანი 2014 წლით თარიღდება.
საპატრიარქო პასუხებს მოითხოვს
ფოტოების გამოქვენებიდან 6 დღეში, 2026 წლის 24 სექტემბერს, საპატრიარქომ შეშფოთება გამოხატა, შესაბამისი სამსახურების ჩართვა მოითხოვა და ხაზი გაუსვა, ტაძართან სამუშაოები ქართულ მხარესთან შეთანხმებული არ ყოფილაო.
„მართალია, ქურმუხის ტაძარი დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს, მაგრამ ის ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ისტორიული და სულიერი მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლია“, - აღნიშნა საპატრიარქომ.
„ბუნებრივია, ამ ფაქტმა ჩვენი საზოგადოების მწვავე რეაქცია და სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია, რაც უარყოფითად აისახება ორ მეზობელ სახელმწიფოსა და ხალხებს შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის განმტკიცების პროცესზე“, - ეწერა განცხადებაში.
„ჩნდება უამრავი კითხვა როგორც სამუშაოების გაურკვეველი მიზნებიდან, ისე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ქართულ მხარესთან შეუთანხმებელი რეაბილიტაციიდან გამომდინარე“, - განაცხადა საპატრიარქომ და ხაზი გაუსვა:
„ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, დადგინდეს, რა სახის სამუშაოები მიმდინარეობს ტაძრის ტერიტორიაზე, რა კვლევებს ეფუძნება და ვინ ახორციელებს მათ, ასევე, როგორ არის უზრუნველყოფილი ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვა“.
იმავე განცხადებით საპატრიარქომ პროცესებში საქართველოს სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების ჩართვა მოითხოვა და „სათანადო რეაგირება“.
ბაქო კრიტიკას მკაცრად უპასუხებს
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს კრიტიკას მეორე დღესვე, 25 სექტემბერს უპასუხა.
საგარეო უწყებამ ტაძარი მოიხსენია, როგორც „კურმუკის ტაძარი“ და განაცხადა, „აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული გეოგრაფიული და ისტორიული ადგილების სახელწოდებების სხვაგვარად წარმოჩენა მიუღებელიაო“.
სამინისტროს შეფასებით, საპატრიარქოს რიტორიკა „ეწინააღმდეგება აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრობის, პარტნიორობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების სულისკვეთებას“.
შემდეგ ხაზგასმულია, რომ „აზერბაიჯანი ყოველთვის პატივს სცემდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“ და წერია:
„ამავდროულად, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ქართული მხარის მიერ ანალოგიური პატივისცემის გამოხატვა წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობის უმნიშვნელოვანეს საფუძველს“.
ბაქო „ტერიტორიულ პრეტენზიებს“ ხედავს
„ამ მხრივ, გაუგებარია საქართველოს საპატრიარქოს მიდგომა, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებულ ტერიტორიულ პრეტენზიებს გულისხმობს“, - ეწერა საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საპატრიარქოს განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ტაძარი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს.
აზერბაიჯანის საგარეო სამინისტრომ მოუწოდა საპატრიარქოს, თავი შეიკავოს „ისეთი მიდგომებისგან, რომლებმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას აზერბაიჯანელთა და ქართველთა შორის საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ მეგობრულ და კეთილმეზობლურ კავშირებს“.
ბაქო პარალელს ავლებს სომხურ ეკლესიასთან
„ამ კონტექსტში, მიზანშეწონილი არ არის საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან სომხური ეკლესიის ცნობილი მიდგომების გამეორება ან მათი გზის გაგრძელება“, - განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
ბოლო პერიოდში ბაქოსა და ერევანს შორის ერთ-ერთი სადავო საკითხი, - რამაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში კვლავ წამოიწია, - სომხური ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ყარაბაღში კულტურულ მემკვიდრეობას უკავშირდება.
დაპირისპირების კონტექსტი - მოკლედ
- სომხური ეკლესია წლებია საუბრობს აზერბაიჯანში, მათ შორის ყარაბაღში, სომხური ეკლესიებისა და კულტურული მემკვიდრეობის სავალალო მდგომარეობაზე.
- ბაქო ამ პოზიციებში აზერბაიჯანის სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკას ხედავს.
- პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ბაქოს მცდელობა, ეს ძეგლები „არასომხურად წარმოაჩინოს, მიუღებელი და გაუგებარია“, თუმცა ასევე ამბობს, რომ საპირისპიროს მტკიცება არაფერს შეცვლის და ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანი სამშვიდობო პროცესია;
- ბოლო პერიოდში როგორც ბაქოსადმი, ისე ოფიციალური სომხეთისადმი კრიტიკული განცხადებები ჰქონდა სომხურ სამოციქულო ეკლესიას, - რომელსაც ფაშინიანთან დაპირისპირებული კათალიკოსი გარეგინ II ხელმძღვანელობს;
- თავის მხრივ, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 15 სექტემბერს განაცხადა, რომ სომხეთმა „აზერბაიჯანული მეჩეთები გაანადგურა“;
- 23 სექტემბერს აზერბაიჯანმა გამოაცხადა, რომ „დაძაბულობის განმუხტვამდე“ გადადო სომხეთში აზერბაიჯანული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების რუტინული ვიზიტი.
მინიშნება რუსეთის გავლენაზე?
ბაქოში მოქმედი Caucasus Policy Analysis Centre-ის დირექტორი აჰმად ალილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ეს საკითხი შესაძლოა უკავშირდებოდეს რუსეთის სავარაუდო მცდელობებს, ჩაერიოს სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესში, - რამაც 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში „ტრამპის მარშრუტზე“ შეთანხმების შემდეგ წინ წაიწია.
„ამჟამად აზერბაიჯანზე ზეწოლა ხორციელდება სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მხრიდან“, - ამბობს ალილი და დასძენს, რომ ბაქოში ექსპერტულ წრეებში სწორედ ამას მოაგონებთ საქართველოს საპატრიარქოს გავრცელებული განცხადებაც.
სომხეთის მთავრობა, ნიკოლ ფაშინიანის მეთაურობით, ყოველთა სომეხთა პატრიარქ გარეგინ II-ს რუსეთის ინტერესების გატარებაში სდებს ბრალს და მასთან მწვავედაა დაპირისპირებული.
- ფაშინიანის საარჩევნო დაპირება გარეგინ II-ის გადაყენებაც კი იყო.
- მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და ქვეყნის დატოვება აკრძალული აქვს;
- ის არც კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორის დაკრძალვაზე გამოუშვეს.
„არსებობს მოსაზრება, რომ კულისებს მიღმა შესაძლოა რუსეთის გავლენა იკვეთებოდეს“, - გამოთქვამს ვარაუდს აჰმად ალილი.
„სომხეთის ეკლესიის ბოლოდროინდელი კრიტიკული განცხადებები აზერბაიჯანის მიმართ კი ისე აღიქმება, როგორც ფაქტორი, რომელიც პოტენციურად ართულებს ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო პროცესს“, - უთხრა აჰმად ალილიმ რადიო თავისუფლებას 25 სექტემბერს.
„საყურადღებოა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში პირდაპირ იყო ნახსენები სომხეთის შემთხვევა, რაც იშვიათი რამაა აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობის კონტექტსში“, - გვითხრა მან.
საგარეოს განცხადებამდე ალიევმა კობახიძეს დაურეკა
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, - 25 სექტემბერსვე, - აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს დაურეკა.
საგარეოს კრიტიკული განცხადება საპატრიარქოსადმი 25 სექტემბერს 15:21 საათზე გამოქვეყნდა, ლიდერების ზარის შესახებ ცნობა კი ალიევის ადმინისტრაციამ 12:02 საათზე გამოაქვეყნა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავრცელებულ ცნობაში წერია, რომ ზარის ინიციატორი ილჰამ ალიევი იყო.
მან კობახიძეს დაბადების დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა; ასევე უსურვა ქართველი ხალხის კეთილდღეობა, რაზეც კობახიძემ მადლიერება გამოხატა.
„სატელეფონო საუბრისას მხარეებმა აზრები გაცვალეს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარების შესახებ“, - წერია ილჰამ ალიევის ადმინისტრაციის პრეს-რელიზში.
ოფიციალურ ცნობაში არ არის ნახსენები ქურმუხის ტაძარი. რადიო თავისუფლება 25 სექტემბერს დაუკავშირდა მთავრობის ადმინისტრაციას შეკითხვით, ისაუბრეს თუ არა ლიდერებმა ქურმუხის ტაძარსა და შექმნილ ვითარებაზე.
ასევე უცნობია, იცოდა თუ არა საქართველოს ხელისუფლებამ წინასწარ საპატრიარქოს განცხადების შესახებ და იყო თუ არა მისი პოზიცია აზერბაიჯანის მხარესთან რაიმე ფორმით შეთანხმებული.
ეს შეკითხვა რადიო თავისუფლებამ დაუსვა როგორც მთავრობის ადმინისტრაციას, ისე საგარეო საქმეთა სამინისტროს. პასუხები სტატიის გამოქვეყნების დროისთვის არ მიუღია.
ქურმუხის ტაძარი ფაქტობრივად უმოქმედოა
ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ძველი ეკლესია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, კახის რაიონში მდებარეობს.
საპატრიარქო – და ქართული სახელმწიფო – კანგარაკის მთის კდლეზე აღმართულ ამ გუმბათოვან ტაძარს ქართული ისტორიული და რელიგიური მემკვიდრეობის ძეგლად მიიჩნევენ.
აზერბაიჯანს აქაც, როგორც დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის შემთხვევაში, განსხვავებული პოზიცია აქვს და ამ ადგილს ალბანური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად მიიჩნევს.
ტაძარი მეტწილად უმოქმედოა და მხოლოდ წელიწადში ორჯერ - 23 ნოემბერსა და 6 მაისს, გიორგობისას, - იხსნება, რაც რადიო თავისუფლებას ადგილობრივებმა დაუდასტურეს.
ბოლო წლებში ტაძარს რამდენჯერმე ეწვივნენ თბილისიდან. მაგალითად:
- 2022 წლის 6 მაისს ტაძარში პარაკლისი აღავლინა ახალციხისა და ტაოკლარჯეთის მიტროპოლიტმა, ხორნაბუჯის, ჰერეთისა და ნეკრესის ეპარქიის დროებითმა მმართველმა თეოდორე (ჭუაძემ);
- დელეგაციაში, სასულიერო პირებთან ერთად, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა ვაშაყმაძე, პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ;
- 2023 წლის 23 ნოემბერს ქურმუხის ტაძარს საქართველოს ხელისუფლებისა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები კვლავ ეწვივნენ.
- „რელიგიის სააგენტოს თანამშრომლებმა ადგილობრივ ქართველ მართლმადიდებლებს საჩუქრებად ბიბლია დაურიგეს“, - წერდა სააგენტო. იქაურები ხშირად ჩივიან, რომ ქართულენოვანი ლიტერატურის შეტანის უფლებას არ აძლევენ.
ადგილობრივები ქართველებით დასახლებულ აზერბაიჯანულ რაიონებში მცხოვრებლები, ვისაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, მიუთითებენ ასიმეტრიაზე, რაც, მათი თქმით, საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებსა და აზერბაიჯანში მცხოვრებ ქართველებს შორის უფლებრივი კუთხით არსებობს.
მათ თანახმად, ეს უთანასწორობა ვლინდება ტაძრის გარშემო განვითარებულ მოვლენებშიც, თუმცა შიშობენ, რომ თუ რამეს იტყვიან, ამას აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან მწვავე რეაქცია მოჰყვება;
ამან, შიშობენ ისინი, შესაძლოა ადგილობრივების მდგომარეობა გაართოს და შეუქმნას პრობლემები ხელისუფლებასთან, - ამიტომაც ღიად საუბრისგან და პრობლემების გაზიარებისგან თავს იკავებენ.
აზერბაიჯანის 2019 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, ქვეყანაში 8400 ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს.
ქართველები აზერბაიჯანში ძირითადად კახის, ზაქათალისა და ბელაქანის რაიონებში ცხოვრობენ.
ეს არ არის საპატრიარქოს პირველი გამოხმაურება
2015 წლის 6 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქომ აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლებებს მოუწოდა, ქურმუხის ტაძარში „კადრების გადაღების ფაქტი“ გამოეძიებინათ, რადგან ეს ათიათასობით ადამიანის რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფდა.
სცენას საპატრიარქო ასე აფასებდა: „ამ კადრების გადამღებებმა სათამაშო მოედნად აქციეს ის სივრცე, რომელიც, როგორც მართლმადიდებლებისთვის, ისე მუსლიმებისთვისაც კი უდიდესი თაყვანისცემის ადგილია“.
მსგავსი შემთხვევა იყო 2017 წელსაც. „გაუგებარია და დიდად საწყენი, რომ შეუფერებელი ქმედებები ხდება ამ ტაძარში და მის საკურთხეველში“, - საჯაროდ სწერდა საპატრიარქო „აზერბაიჯანის საერო და სასულიერო ხელისუფლებებს“.
საპატრიარქო 2014 წელს გეგმავდა, ახლადშექმნილ კახისა და ქურმუხის ეპარქიაში ეპისკოპოსად გაემწესებინა არქიმანდრიტი დემეტრე თეთრუაშვილი, თუმცა სვეტიცხოველში მისი ეპისკოპოსად კურთხევა ივნისის ბოლოს მოულოდნელად შეჩერდა.
2015 წელს არქიმანდრიტი, - რომელიც 4 წლის განმავლობაში დადიოდა ქურმუხის ტაძარში, - აზერბაიჯანში არ შეუშვეს, რასაც საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა. საგარეო უწყებამ მაშინ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის კანონმდებლობით, ქვეყნის ტერიტორიაზე ღვთისმსახურების უფლება აქვთ მხოლოდ აზერბაიჯანის მოქალაქეებს, თეთრუაშვილი კი არ იყო აზერბაიჯანის მოქალაქე.
2024 წლის 1 აგვისტოს საქართველოს საპატრიარქომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას მიმართა, ქურმუხის ტაძარი გამხდარიყო მოქმედი ეკლესია და საპატრიარქოს მიეცეს ღვთისმსახურების რეგულარულად ჩატარების უფლება, - თუმცა ვითარება არ შეცვლილა.
ფორუმი