მრევლი, პოლიცია და ხმაური ქურმუხის ტაძრის გზაზე: რა მოხდა კახის რაიონში

რა მოხდა გიორგობა დღეს ქურმუხის ტაძრის გზაზე და რა მოვლენები უძღოდა წინ განვითარებულ მოვლენებს.
რა მოხდა გიორგობა დღეს ქურმუხის ტაძრის გზაზე და რა მოვლენები უძღოდა წინ განვითარებულ მოვლენებს.

2026 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე ისტორიულ ჰერეთში, აზერბაიჯანში, კახის რაიონში, ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძართან, – მრავალსაუკუნოვანი მემკვიდრეობის ძეგლთან, სადაც აზერბაიჯანის ხელისუფლება არქეოლოგიურ გათხრებს ატარებს, – მართლმადიდებელი მლოცველები არ მიუშვეს. მობილიზებული იყო პოლიცია.

აზერბაიჯანის ხელისუფლება ქურმუხის ტაძარს, - რომელსაც „კურმუკად“ მოიხსენიებს – „ალბანურ კულტურულ მემკვიდრეობას“ მიაკუთვნებს. სექტემბერში გაირკვა, რომ იქ არქეოლოგიური გათხრები დაიწყო, რაზეც საპატრიარქომ პროტესტი გამოთქვა.

გიორგობაზე ღვთისმსახურება იმავე რაიონში, სოფელ კახ-ინგილოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში აღევლინა. ლიტურგიას ესწრებოდა საქართველოს რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე. ის 24 ნოემბერს აზერბაიჯანელ კოლეგას ხვდება.

რელიგიის სააგენტოს გავრცელებულ ცნობაში არაფერია ნათქვამი ქურმუხის ტაძარში ლოცვის მსურველთა და იქ განვითარებული მოვლენების შესახებ. ადგილიდან ცნობები „დედოფლისწყაროს ტელევიზიამ“ გაავრცელა.

რა მოხდა ქურმუხის ტაძრის გზაზე?

„დედოფლისწყაროს ტელევიზიამ“ 23 ნოემბერს, გიორგობა დღეს, 14:43 საათზე გაავრცელა დაახლოებით 2-წუთიანი ვიდეო, სათაურით: „ხმაური კახში, ქურმუხის წმ. გიორგის ტაძარში მომლოცველებს არ უშვებენ“.

ვიდეო რამდენიმე სხვადასხვა მონაკვეთისგან შედგება.

პირველ კადრში ჩანს მრავალი ადამიანი – მრევლი – და აზერბაიჯანის პოლიციის ავტომობილი.

ისინი შეკრებილი არიან კანგარაკის მთის ძირში, გზაგასაყარზე. სწორედ ამ წერტილიდან იწყებდნენ ხოლმე მომლოცველები ფეხით მსვლელობას ქურმუხის ტაძრისკენ.

ხალხის მასა დგას. ისმის სირენების ხმა. ქვემოდან გადაღებულ კადრებში შორიდან, - ასე, ერთი კილომეტრის დაშორებით, - მოჩანს ქურმუხის ტაძარიც.

„ამასობაში დაღამდა“, – ისმის ხმა მრევლიდან.

ტაძრისკენ ბილიკზე, წინა მხარეს, მრევლის პირისპირ, პოლიციელები ჰყავთ ჩაყენებული. მათ შორის მდგარ სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილ პირს, – სავარაუდოდ, აზერბაიჯანის რომელიმე სახელმწიფო უწყების წარმომადგენელს, – მრევლი ესაუბრება. საუბრის შინაარსი არ ისმის. ხალხს ანთებული სანთლები უჭირავს.

ერთ ეპიზოდში პოლიციის ავტომობილი რამდენჯერმე გაბმულად ასიგნალებს. ისმის ხალხის ხმაური.

„არქეოლოგიური გათხრების გამო“

მეორე ვიდეო „დედოფლისწყაროს ტელევიზიამ“ 15:44 საათზე გამოაქვეყნა.

ამ ვიდეოს აღწერაში დაზუსტებულია, რომ ქურმუხის ტაძარი წელიწადში ორჯერ, გიორგობასთან დაკავშირებით იხსნებოდა, წელს კი „არქეოლოგიური გათხრების მიზეზით გზა გადაკეტეს“.

ქურმუხის ტაძარი. 2014 წლის 4 თებერვალი
ქურმუხის ტაძარი. 2014 წლის 4 თებერვალი

ქურმუხის ტაძარში რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ არქეოლოგიური გათხრები დაიწყო, 2026 წლის სექტემბერში გახდა ცნობილი.

ინფორმაცია „საინგილოს ახალგაზრდულმა მოძრაობამ“ გაავრცელა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებაც წერდა.

  • სექტემბრის ბოლოს ტაძრის სიახლოვეს გააკრეს ბანერი, რომელზეც აზერბაიჯანულ ენაზე ეწერა: „შესვლა აკრძალულია, მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები“;
  • მაშინ საქართველოს საპატრიარქომ განაცხადა, რომ ქართული მხარის გაუფრთხილებლად გაურკვეველი სამუშაოების დაწყება დაუშვებელი იყო;
  • პასუხად აზერბაიჯანის საგარეო უწყებამ მკაცრად გააკრიტიკა საპატრიარქო და განაცხადა, რომ მისი განცხადება „ტერიტორიულ პრეტენზიებს გულისხმობდა“.

„საქართველოც დამნაშავეა“

მეორე ვიდეოში ახლო კადრით ჩანს პოლიციელებთან ხალხის პრეტენზიები. პოლიციელებს აზერბაიჯანულ ენაზე ესაუბრებიან – სავარაუდოდ, ადგილობრივები, ეთნიკურად ქართველები.

„ფეისბუკში დავდოთ, ავტვირთოთ“, – ამბობს ერთ-ერთი ქალი. ის ქართულად და აზერბაიჯანულად საუბრობს.

„საქართველოც დამნაშავეა“, – ისმის რეპლიკა. „არც მეუფეა სადმე, არც პატრიარქი, არც მამაო“.

ბოლო, მესამე ვიდეო უკვე საღამოს ათი საათის შემდეგ გავრცელდა. ეს კადრებიც იმავე პერიოდში, დღისითაა გადაღებული.

ამ კადრებშიც ისმის პოლიციის მანქანის სიგნალი და ხალხის ხმაური და გაურკვეველი შეძახილები. რამდენიმე ადამიანი, – მათ შორის წითელთმიანი ქალი, რომლის სახეც არ ჩანს – პოლიციას ეკამათება. იქმნება დაძაბული ეპიზოდი. რა მოხდა ზუსტად, გაურკვეველია.

რა ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო

დღის 4 საათისთვის რელიგიის სააგენტომ გაავრცელა ცნობა, რომ მათ გიორგობა კახის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იზეიმეს:

„ტრადიცია არც წელს დაირღვა - დელეგაციის წევრები კახის რაიონის სოფელ კახ-ინგილოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარს ეწვივნენ, სადაც სადღესასწაულო წირვა ამავე ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა პეტრემ (ხუმარაშვილი) და მღვდელმა ტარიელმა (ფოლადაშვილი) აღავლინეს“.

სააგენტოს წარმომადგენლებს წინა წლებშიც არაერთხელ აღუნიშნავთ გიორგობა კახ-ინგილოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში.

ამავე ცნობაში წერია, რომ „წირვის დასრულების შემდგომ, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე გაესაუბრა ადგილობრივ მაცხოვრებლებს“.

ზაზა ვაშაყმაძე და დელეგაცია მრევლთან ერთად კახის რაიონის სოფელ კახ-ინგილოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში
ზაზა ვაშაყმაძე და დელეგაცია მრევლთან ერთად კახის რაიონის სოფელ კახ-ინგილოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში

ასევე წერია, რომ კახში იმყოფებოდნენ:

  • საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გიორგი ზაქარაშვილი;
  • საელჩოს თანამშრომლები;
  • რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ვლადიმერ მაჭარაშვილი.

პრესრელიზში არაფერია ნათქვამი ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძრისკენ გზაზე მლოცველების შეფერხებაზე.

რადიო თავისუფლება ამ ცნობის გავრცელების შემდეგ დაუკავშირდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს პრესცენტრს, განვითარებული მოვლენების დაზუსტებისა და ასევე შეფასების მიზნით.

მოგვიანებით, გვიან საღამოს, ვცადეთ დაკავშირება სააგენტოს ხელმძღვანელთან, ზაზა ვაშაყმაძესთან, თუმცა პასუხი არც პირადად მისგან არ მიგვიღია.

სააგენტოს გავრცელებული ინფორმაცია ფეისბუკზე ასევე გააზიარა აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს ფეისბუკ-გვერდმა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მოგვწერა, რომ ამ საკითხზე მოგვიანებით შევეხმიანოთ.

ვაშაყმაძის დაგეგმილი შეხვედრა კოლეგასთან

რელიგიის საკითხთა სააგენტოს პრესრელიზიდან ირკვევა, რომ დელეგაცია 24 ნოემბერს ბაქოში „აზერბაიჯანის რელიგიურ გაერთიანებებთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს, რამინ მამადოვს შეხვდება“.

რამინ მამადოვმა საქართველოს ელჩ გიორგი ზაქარაშვილს, რომელიც 2026 წლის 1 ოქტომბრიდან არის ელჩი აზერბაიჯანში, 11 ნოემბერს უმასპინძლა.

აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი აზერბაიჯანის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს შეხვდა.
აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი აზერბაიჯანის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს შეხვდა.

კომიტეტის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მამედოვმა მიმოიხილა „აზერბაიჯანში არსებული რელიგიური მრავალფეროვნების, სახელმწიფოსა და რელიგიას შორის ურთიერთობები და ამ მიმართულებით გატარებული სახელმწიფო პოლიტიკა“, რა დროსაც აღნიშნა:

  • „ქვეყანაში შენარჩუნებულია ისტორიულად არსებული ტოლერანტული გარემო, რასაც აქტიურად უწყობს ხელს რელიგიათაშორისი ჰარმონია და თანაცხოვრების კულტურა“.
  • პრესრელიზის თანახმად, „ამ პოლიტიკის თვალსაჩინო მაგალითად“ მამედოვმა დაასახელა აზერბაიჯანში „ქართული მართლმადიდებლური რელიგიური თემების საქმიანობისთვის შექმნილი პირობები“:
  • „აღნიშნა, რომ მათ სახელმწიფო მხარდაჭერა აქვთ“, – ეწერა პრესრელიზში.

კომიტეტი ასევე წერს: „ელჩმა ასევე მაღალი შეფასება მისცა აზერბაიჯანში რელიგიური თემების თავისუფალი საქმიანობისთვის შექმნილ ხელსაყრელ პირობებს“.

რადიო თავისუფლება 12 ნოემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრს დაუკავშირდა შეკითხვით, იყო თუ არა განხილულ საკითხებს შორის კონკრეტულად ქურმუხის ტაძარი, თუმცა პასუხი არ მიუღია.

წინა ისტორია

როგორც რადიო თავისუფლება წერდა, 2026 წლის 24-25 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საჯაროდ გაცვალეს კრიტიკული განცხადებები.

არქეოლოგიური გათხრები ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე
არქეოლოგიური გათხრები ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე

ქურმუხის ტაძრის გარშემო ვითარება 2026 წლის სექტემბერში მას შემდეგ დაიძაბა, რაც ფეისბუკგვერდმა „საინგილოს ახალგაზრდულმა მოძრაობამ“ ტაძრის შიგნით და გარეთ მიმდინარე სამუშაოების ამსახველი ფოტოები და ვიდეო გაავრცელა.

24 სექტემბერს საპატრიარქომ შეშფოთება გამოთქვა ტაძარში მიმდინარე სამუშაოების გამო.

  • საპატრიარქოს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქურმუხის ტაძარი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს, ის საქართველოს ისტორიული და სულიერი მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ძეგლია.
  • ეკლესიამ მოითხოვა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს დაედგინათ, რა სამუშაოები მიმდინარეობდა ტაძარში, რა კვლევებს ეფუძნებოდა ისინი, ვინ ახორციელებდა და როგორ იყო უზრუნველყოფილი ძეგლის დაცვა.
  • საპატრიარქოს შეფასებით, ქართულ მხარესთან შეუთანხმებელი სამუშაოები ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებსაც უარყოფითად შეიძლება ასახოდა.

მეორე დღეს საპატრიარქოს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო კრიტიკით გამოეხმაურა. ბაქომ ძეგლი „კურმუკის ტაძრად“ მოიხსენია; მისი ინტერპრეტაციით, საპატრიარქოს რიტორიკაში აზერბაიჯანის „ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები“ იკვეთებოდა.

საგარეო უწყებამ ქართულ მხარეს მოუწოდა, თავი შეეკავებინა ისეთი განცხადებებისგან, რომლებიც ორ ხალხს შორის ურთიერთობებს დააზიანებდა.

ქურმუხის ტაძარი. 2014 წლის 4 თებერვალი
ქურმუხის ტაძარი. 2014 წლის 4 თებერვალი
  • ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, კახის რაიონში, ისტორიულ ჰერეთში მდებარეობს;
  • საქართველოს საპატრიარქო და სახელმწიფო მას ქართული ისტორიული და რელიგიური მემკვიდრეობის ძეგლად მიიჩნევენ, აზერბაიჯანის ხელისუფლება კი ტაძარს „ალბანურ კულტურულ მემკვიდრეობას“ მიაკუთვნებს, – მსგავსად დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსისა;
  • ტაძარი ძირითადად უმოქმედოა და წელიწადში მხოლოდ ორჯერ, გიორგობის დღესასწაულებზე, 6 მაისსა და 23 ნოემბერს იხსნება;
  • აზერბაიჯანის 2019 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, აზერბაიჯანში 8400 ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს, – ძირითადად კახის, ზაქათალისა და ბელაქანის რაიონებში.
​
XS
SM
MD
LG