უშაკოვის კომენტარებს რუსეთის სახელმწიფო მედია ავრცელებს. მან დააზუსტა, რომ ევროპელებთან არ განიხილება მათი მონაწილეობა უკრაინაზე სამმხრივ მოლაპარაკებებში.
გასულ კვირაში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჩინეთში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კრემლმა დიპლომატიური არხებით „მოსკოვში დაპატიჟა ევროპელები, მათი პოზიციების გასარკვევად“. პუტინმა 19 ნოემბერს განაცხადა, რომ ევროპელებთან შეხვედრის შემდეგ კრემლი გადაწყვეტდა „რა ფორმატში გააგრძელებს უკრაინასთან დიალოგს“.
იური უშაკოვის თქმით, ევროპელების მოსკოვში მიწვევა ძალაში რჩება: „ველოდებით. დაპატიჟება კვლავაც ძალაშია“ და რომ მოსკოვში ჩასვლაზე ევროპელებისგან უარი არ მიუღიათ:
„როგორც ასეთი, უარი არ მიგვიღია. არის სხვადასხვა საჯარო განცხადებები. თუმცა, არის სიგნალი სხვა ხაზებითაც, მაგალითდ, სატელეფონო ხაზით“.
პუტინის თანაშემწემ რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალება „ვესტის“ ჟურნალისტს უთხრა, რომ შენჭენში ჩინეთის, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ, ის ტელეფონით ესაუბრა დონალდ ტრამპის მომლაპარაკებლებს სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს და ისიც აღნიშნა, რომ მოცემულ ეტაპზე რუსეთიდან „არავინ აწარმოებს მოლაპარაკებებს ზელენსკისთან“.
რუსეთის პრეზიდენტის არაერთ განცხადებაში გამოჩნდა, რომ მას ძალიან აღელვებს უკრაინისთვის ევროპის ქვეყნების სამხედრო დახმარება და მათი მზადყოფნა, ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში, უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა უსაფრთხოების გარანტიების შექმნაში.
ვლადიმირ პუტინმა 19 ნოემბერს განაცხადა, რომ უკრაინაში ომის შეწყვეტის მოლაპარაკებებში ევროპელების ჩართვას მას ამერიკული მხარე სთხოვს:
„ამერიკული მხარე დაჟინებით - აი, დაჟინებით გვთხოვს დავთანხმდეთ ამ მოლაპარაკებებში ევროპელების მონაწილეობას.
მაგრამ, ჩვენ ხომ ყოველდღე გვესმის რას გადმოგვცემენ ევროპელი ლიდერები: ომი, ომი, საჭიროა 2030 წლისთვის მომზადება. ჩვენ არავისზე თავდასხმისთვის არ ვემზადებით, რომ 2030 წლისთვის მზადება იყოს საჭირო, იქიდან კი სულ ეს გვესმის. ეს ნორმალურია? ვფიქრობ, რომ არა.
ამის მიუხედავად, გვესმის, რომ უსაფრთხოებასთან, მათ შორის - ევროპაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების ევროპელების გარეშე განხილვა უაზრობაა“.
პუტინმა განაცხადა, რომ სანამ მოლაპარაკებებში ევროპელების მონაწილეობის ფორმატი განისაზღვრება, კრემლს „სჭირდება გაიგოს რითი მივა ამ მოლაპარაკებებზე ევროპა“.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს აგრეთვე ნათქვამი აქვს, რომ მშვიდობის მიღწევის შემთხვევაში უკრაინის ტერიტორიაზე ევროპელი სამხედროების განლაგებას ეწინააღმდეგება, მათ ლეგიტიმურ სამიზნეებად და ომის გაგრძელების საფუძვლად განიხილავს.
19 ნოემბერსვე ბერლინში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში უნდა მონაწილეობდნენ უკრაინა, რუსეთი, აშშ და ევროპა. საფრანგეთის ლიდერის სიტყვებით, უსაფრთხოების გრძელვადიანი გარანტიებისა და ევროპის თავდაცვის საკითხები უპირატესად ევროპის ქვეყნებს ეხებათ და ისინი უნდა იყვნენ ჩართულები მათ უზრუნველყოფაში. ამასთან, მაკრონმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას სჭირდება სათანადო სამხედრო დახმარება, რომ მას მოლაპარაკებებში ძლიერი პოზიცია ჰქონდეს.
ფორუმი