ბათუმში 3 პოლიციელი დაშავდა, 16 ადამიანი დააკავეს - შსს განმარტებებს აკეთებს

შსს ბათუმში მომხდარის შესახებ განცხადებას ავრცელებს და უარყოფს, რომ მათი მხრიდან ძალის გამოყენება პალესტინის დროშას უკავშირდებოდა
შსს ბათუმში მომხდარის შესახებ განცხადებას ავრცელებს და უარყოფს, რომ მათი მხრიდან ძალის გამოყენება პალესტინის დროშას უკავშირდებოდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის გარშემო განვითარებული მოვლენების შედეგად პოლიციის სამი თანამშრომელი დაშავდა, ხოლო 16 ადამიანი დააკავეს.

„ცალკეული უცხოური მედიასაშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება პალესტინის მხარდამჭერი დროშებისა და ბანერების გამოფენას უკავშირდებოდა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს“, - წერს ასევე სამინისტრო.

„კატეგორიულად უარვყოფთ აღნიშნულ ინფორმაციას და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გულშემატკივართა მხრიდან ძალადობრივი ქმედებები და სამართალდამცველებთან ფიზიკური დაპირისპირება აღნიშნული დროშებისა და ბანერების გამოფენამდე, ჯერ კიდევ სტადიონის მიმართულებით მსვლელობისას დაიწყო“, - აცხადებს უწყება.

„უხეშად არღვევდნენ წესრიგს“

შსს თანახმად, ევროპის მოედნიდან „ბათუმი არენას“ მიმართულებით მსვლელობისას საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა ნაწილი „გამოირჩეოდა აგრესიული ქმედებებით“.

„ისინი უცენზურო შეძახილებითა და სხვადასხვა საგნის სროლით უხეშად არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, არ ემორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს და ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ მათ“, - აცხადებს შსს.

უწყების თანახმად, გულშემატკივართა ნაწილის მხრიდან „ძალადობრივი და პროვოკაციული ქმედებები სტადიონის ტერიტორიაზეც გაგრძელდა“:

„ისინი აზიანებდნენ სტადიონის ინფრასტრუქტურას, მათ შორის, სკამებს, რომლებსაც შემდგომ სამართალდამცველებს ესროდნენ, რითაც საფრთხეს უქმნიდნენ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“.

შსს ასევე წერს, რომ „გამოყენებული იქნა სპეციალური საშუალება“, - არ აზუსტებს, რა, თუმცა სავარაუდოდ ეს იყო წიწაკის სპრეი.

იქნება „მკაცრი რეაგირება“

შინაგან საქმეთა სამინისტრო „ხაზგასმით აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვა სავალდებულოა ყველა პირისთვის, განურჩევლად მისი მოქალაქეობისა, თუ ეროვნებისა“.

„სამართალდამცველებზე თავდასხმა, ძალადობა და საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა დაუშვებელია და თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას მოჰყვება კანონით გათვალისწინებული მკაცრი რეაგირება“, - წერია განცახდებაში.

რა მოხდა ბათუმში

თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩი, რომელიც 26 ნოემბერს ბათუმში გაიმართა, თავდაპირველად სტამბოლში უნდა ჩატარებულიყო.

თუმცა თურქეთის ხელისუფლებამ უსაფრთხოების რისკების გამო უეფას აცნობა, რომ შეხვედრის მასპინძლობა არ შეეძლო. უეფამ მატჩის ნეიტრალურ მოედანზე, ბათუმში გამართვის გადაწყვეტილება მიიღო.

თურქეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობები ღაზის ომის დაწყების შემდეგ მკვეთრადაა გაუარესებული.

ბათუმში მატჩის დაწყებამდე ვითარება დაიძაბა და დაძაბულობა მატჩის მიმდინარეობისას გაგრძელდა. თამაში გარკვეული პერიოდით შეწყდა კიდეც.

პოლიციასა და „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა, მათ შორის მას შემდეგ, რაც ტრიბუნაზე გულშემატკივრებმა პალესტინის დროშა გაშალეს.

  • მანამდე იყო დაპირისპირება ბათუმის ქუჩებში.
  • „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრები გარკვეულ ნივთებს ესროდნენ პოლიციელებს.
  • პოლიციელებმა რამდენჯერმე გამოიყენეს სპეციალური საშუალება - სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი.

მომხდარს თურქეთში პოლიტიკური გამოხმაურებაც მოჰყვა. ანკარაში საქართველოს სამართალდამცავების მოქმედებები გააკრიტიკეს.

თურქი გულშემატკივრებისადმი მოპყრობა გააკრიტიკა თურქეთის მმართველი პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ პრესსპიკერმა, ომერ ჩელიქმაც.

ბათუმში განვითარებული მოვლენების შესახებ ერთმანეთს ესაუბრნენ თურქეთისა და საქართველოს საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრები.

​
XS
SM
MD
LG