„ვალიდ აბუ ჰაიას განცხადება ბათუმში გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უპასუხისმგებლო, შეურაცხმყოფელი და სამარცხვინოა“, - დაწერა თურქეთის ელჩმა პლატფორმა X-ზე.
„ამასთანავე, სამწუხაროა, რომ ელჩი, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაცნობის გარეშე, მსგავს უსაფუძვლო განცხადებებს აკეთებს“, - დაწერა მან, რის შემდეგაც დასძინა:
„თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი, მტკიცე მეგობრობა მარადიული იქნება“.
რა დაწერა ისრაელის ელჩმა
წინა ღამით საქართველოში ისრაელის ელჩი, ვალიდ აბუ ჰაია X-ზე გამოეხმაურა ბათუმში თურქეთისა და ისრაელის საფეხბურთო კლუბების შეხვედრისას განვითარებულ მოვლენებს.
მან გააზიარა „ბათუმი არენაზე“ თურქული „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების დაპირისპირების კადრები პოლიციასთან და დაწერა:
„ტერორიზმი სპორტულ არენაზე: თურქული კლუბის, „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების ქმედებები ბათუმში, „ჰაპოელ ბეერ-შევასთან“ გამართულ მატჩზე. სირცხვილია, სამარცხვინო საქციელია“.
- თურქეთსა და ისრაელს შორის ვითარება ისრაელ-ღაზის ომის ფონზე დაძაბულია.
- მატჩი, - რასაც ბათუმში დაპირისპირება და პოლიტიკური გამოხმაურებებიც მოჰყვა - „ბეშიქთაშის“ მოედანზე, სტამბოლში უნდა გამართულიყო;
- თუმცა თურქეთის ხელისუფლებამ უეფას აცნობა, რომ უსაფრთხოების რისკების გამო, მატჩის სტამბოლში ჩატარება შეუძლებელი იყო.
ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები მკვეთრადაა გაუარესებული.
„ბეშიქთაში“ 2024 წლის ნოემბერში ისრაელის თელ-ავივის „მაკაბის“ ასევე სტამბოლში უნდა შეხვედროდა, თუმცა მატჩი უნგრეთში გაიმართა - ისე, რომ მატჩზე გულშემატკივრები არ დაუშვეს.
- 2026 წლის 26 ნოემბერს ბათუმში, ევროპის ლიგის მატჩის დაწყებამდე, „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება სტადიონისკენ მსვლელობისას დაიწყო.
- მოგვიანებით დაპირისპირება ტრიბუნაზეც მოხდა და თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩი დაახლოებით ნახევარი საათით შეწყდა. „ბეშიქთაშმა“ 2:1 გაიმარჯვა.
- UEFA-მ 27 ნოემბერს განაცხადა, რომ მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს გამოიძიებს და ის „მკაცრად გმობს ძალადობისა და უწესრიგობის სერიოზულ ინციდენტებს“.
ფორუმი