ამაღლობელის ადვოკატი: მინისტრმა დაადასტურა, რასაც თავიდანვე ვამბობდით

მაია მწარიაშვილი: მინისტრმა „დაანგრია მითი მზია ამაღლობელის მსჯავრდების უკან სამართლებრივი მოტივების არსებობაზე“
მაია მწარიაშვილი: მინისტრმა „დაანგრია მითი მზია ამაღლობელის მსჯავრდების უკან სამართლებრივი მოტივების არსებობაზე“

„ბათუმელების“ დაპატიმრებული დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა დღევანდელი განცხადებით „კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მზია ამაღლობელის შემთხვევას სამართალთან საერთო არაფერი ჰქონდა და ის პოლიტიკური დევნის ობიექტი გახდა“.

ამაღლობელის ადვოკატი მაია მწარიაშვილი, - რომლის რეაქციასაც „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ ავრცელებენ, - მინისტრ სულხან თამაზაშვილის ბოლო კომენტარის შემდეგ აცხადებს:

„როცა შინაგან საქმეთა მინისტრმა ძალიან ამაყად განაცხადა, რომ მზია ამაღლობელის შემთხვევა იყო სხვა რამე და ეს იყო დემონსტრაციული სილა პოლიციისადმი, სწორედ ამით დაანგრია მითი მზია ამაღლობელის მსჯავრდების უკან სამართლებრივი მოტივების არსებობაზე“.

„პირველ რიგში, როცა მინისტრი ამბობს, რომ პოლიციელებმა სხეულის დაზიანება მიიღეს და დაკავებულები ადმინისტრაციულ ჯარიმებს მიიღებენო, ეს არის ძალიან დიდი სამართლებრივი უმეცრება“, - უთხრა „ნეტგაზეთს“ მწარიაშვილმა.

მისი თქმით, სხეულის დაზიანება ყოველთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მიღმაა.

„სილა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფარგლებში იყო“

„სხეულის დაზიანება როგორც კი არის, ავტომატურად უკვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფარგლები გადაკვეთილია და გადავდივართ სისხლის სამართალში“, - თქვა ადვოკატმა.

თუმცა მისი თქმით, მზია ამაღლობელის შემთხვევაში არავითარი სხეულის დაზიანება არ იყო და ყველაზე მძიმე შემთხვევაში - სილა, რომელმაც ლოყის გაწითლება გამოიწვია - „სწორედაც რომ ეტეოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფარგლებში“.

„აქ ბატონმა მინისტრმა ბრძანა, რომ პოლიციელებმა სხეულის დაზიანებაც მიიღეს, მაგრამ მერე რა, ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევააო. ეს არის აბსოლუტურად სამართლებრივი აბრაკადაბრა, როგორც გაუხარდებათ, ისე“, - თქვა ადვოკატმა.

მან ასევე გაუსვა ხაზი გარემოებას, რომ მზია ამაღლობელს პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდნენ.

„თუ დემონსტრაციულად გაარტყა თუნდაც სილა, მაშინ არანაირი დანაშაული არ არის, მაშინ მას წინააღმდეგობა სწორედაც რომ არ გაუწევია. ამიტომ გასაგებია, თურქული საფეხბურთო კლუბის გულშემატკივრები რატომაც გაათავისუფლეს და ისიც გასაგებია, მზია ამაღლობელის პატიმრობა რა მოტივებზე დგას“, - განაცხადა მან.

რა თქვა თამაზაშვილმა?

2026 წლის 27 ნოემბერს ჟურნალისტებმა სულხან თამაზაშვილს ჰკითხეს, რატომ გაათავისუფლეს ბათუმში საფეხბურთო მატჩის მიმდინარეობისას დაკავებული თურქი ქომაგები, მაშინ როცა საქართველოში საპროტესტო აქციებზე დაკავებულ დემონსტრანტებს მცირე ზიანის მიყენებისთვისაც კი ხანგრძლივ პატიმრობას უსჯიან.

მაგალითად მათ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეც მოიყვანეს. ამაღლობელს პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა განაცხადა:

„[მზია ამაღლობელის საქმე და ბათუმის სტადიონზე დაპირისპირება] ეს არის განსხვავებული მოვლენა, იმიტომ, რომ სპორტული ღონისძიების ფარგლებში, ქომაგებს აქვთ განსაკუთრებული აგრესია და ემოციები, არის ასეთი პრაქტიკა“.

„[...] გეტყვით ახლა განსხვავებას ქომაგებისა და მზია ამაღლობელის ქმედებას შორის: ქალბატონმა მზიამ დემონსტრაციულად პოლიციას, განა ირაკლი დგებუაძეს, გაარტყა სილა. ის იყო დემონსტრაციული აქტი, პოლიციისთვის სილის გაწვნა, ესენი არიან ქომაგები, რომლებსაც სამწუხაროდ აქვთ ასეთი არაადეკვატური“, - თქვა თამაზაშვილმა.

მზია ამაღლობელის საქმე

  • მზია ამაღლობელი - „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, 2025 წლის 12 იანვრიდან პატიმრობაშია.
  • მისი გათავისუფლება არაერთხელ მოითხოვეს საერთაშორისო თუ ადგილობრივმა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა, ასევე, ევროკომისიამ და არაერთი ევროპული ქვეყნის მთავრობებმა.
  • 2026 წლის 30 სექტემბერს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სახელობის სოლიდარობის ჯილდო გადასცა.
  • პატიმრობის პირობებში, 2025 წელს მზია ამაღლობელს ევროპარლამენტმა ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცა.
  • „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო და ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (თავდასხმა პოლიციელზე).
  • 2025 წლის 6 აგვისტოს მას ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა - ამით მან ბრალი გადააკვალიფიცირა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველ ნაწილად;
  • იმავე წლის 18 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ ნიკოლოზ მარგველაშვილის თავმჯდომარეობით, გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა, უზენაესმა სასამართლომ კი საქმე აღარ განიხილა.
​
XS
SM
MD
LG