ესპანეთში დაიწყო გამოძიება მესენჯერ ტელეგრამის წინააღმდეგ

ტელეგრამის ლოგო სმარტფონში. 6 აპრილი, 2018.
ტელეგრამის ლოგო სმარტფონში. 6 აპრილი, 2018.

ტელეგრამის შემქმნელმა პაველ დუროვმა განაცხადა, რომ ესპანეთმა მესენჯერის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის მიმართ გამოთქმული კრიტიკის გამო.

„თებერვალში ესპანეთის მომხმარებლები გავაფრთხილეთ ციფრულ თავისუფლებებზე სანჩესის თავდასხმების შესახებ. ახლა მისი მარეგულირებელი ტელეგრამის მიმართ „გამოძიებას“ ატარებს და ამტკიცებს, რომ ჩვენმა გაფრთხილებამ შესაძლოა მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია (GDPR) დაარღვია. თუ მათი მიზანი ჩვენი გაჩუმებაა, იმედგაცრუება ელით. GDPR იცავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას და არა პოლიტიკოსებს კრიტიკისგან“, წერს დუროვი.

თებერვლის დასაწყისში სანჩესმა წარმოადგინა ხუთი ზომისგან შემდგარი პაკეტი, რომელიც დიდი ციფრული პლატფორმების მხრიდან დარღვევების წინააღმდეგ არის მიმართული:

  • პროკურატურასთან თანამშრომლობა სოციალურ ქსელებში შესაძლო დანაშაულების გამოსაძიებლად, განსაკუთრებით ბავშვების წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისა.
  • იურიდიული პასუხისმგებლობის დაწესება ალგორითმებით მანიპულაციებზე, რომლებიც მონაცემებს მომხმარებელთა თანხმობის გარეშე იყენებს.
  • სისხლისსამართლებრივი დევნა ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელების მიმართ, რომლებიც პლატფორმებიდან უკანონო კონტენტის წაშლაზე უარს ამბობენ.
  • მონიტორინგის სისტემის შექმნა იმის შესაფასებლად, თუ რამდენად უწყობს ხელს ციფრული პლატფორმები სიძულვილის გავრცელებას.
  • 16 წლამდე ასაკის მომხმარებლებისთვის მავნე კონტენტზე წვდომის შეზღუდვა.

ამის პასუხად დუროვმა განაცხადა, რომ სანჩესის მთავრობა „ხელს უწყობს სახიფათო ახალ წესებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის ინტერნეტში თქვენს თავისუფლებას“ და „სიტყვის თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისთვის მუქარას წარმოადგენს“.

​
XS
SM
MD
LG