Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიის ოპოზიცია ზავისთვის პირობებს აყენებს


ლიბიის ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღეს თქვეს, რომ მზად არიან ზავი გამოაცხადონ, თუ მუამარ კადაფი თავის ძალებს გაიყვანს ლიბიის ქალაქებიდან. ამ განცხადების ფონია ინტენსიური დაბომბვა, რომელიც მეამბოხეთა ერთ-ერთ ბასტიონს, მისურატას იღებს მიზანში.

ბენღაზიში გამაგრებული მეამბოხეების ლიდერმა, მუსტაფა აბდულ-ჯალილმა, გაეროს ელჩთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, ზავის გამოცხადების პირობა ის არის, რომ კადაფის ძალები „გავიდნენ ლიბიის ქალაქებდან და მათი შემოგარენიდან, რათა ლიბიელ ხალხს თავისუფლება მიეცეს და არჩევანი გააკეთოსო“.

დღევანდელი მონაცემებით, გაურკვეველია სად გადის ფრონტის ხაზი. მიმდინარე კვირაში კადაფის ძალებმა ცუდად შეიარაღებული და არაორგანიზებული მეამბოხეები სანაპიროდან დაახლოებით 160 კილომეტრის მანძილზე განდევნეს, თუმცა მეამბოხეები კვლავ ორგანიზებას ცდილობდნენ. დღეს მეამბოხეებმა განაცხადეს, რომ კატართან ნავთობზე შეთახმებას მიაღწიეს და ახლა უფრო მეტი იარაღის შესყიდვას შეძლებენ. ხუთშაბათს აშშ-ის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო კოალიციის საჰაერო დარტყმებს კადაფის სამხედრო შესაძლებლობების დაახლოებით მეოთხედის განადგურება მოჰყვა.

ასეთ ფონზე, ვრცელდება ცნობები, რომ კადაფის მთავრობა რამდენიმე მაღალჩინოსანმა დატოვა. მათ შორის ყველაზე მაღალი რანგის ოფიციალური პირი - საგარეო საქმეთა მინისტრი მუსა კუსა - ბრიტანეთში ოთხშაბათს ჩავიდა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა ხუთშაბათს ლონდონში განაცხადა, კუსას და სხვა ოფიციალური პირების მხრიდან კადაფის მთავრობის დატოვება მოწმობს, რომ კადაფის რეჟიმის დასუსტებაზე მიმართული დიპლომატიური მცდელობა ნაყოფიერიაო: „ფაქტი, რომ [ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუსა კუსამ] გადაწყვიტა წამოსულიყო, - ფაქტობრივად, რეჟიმისგან გამოქცეულიყო და თავისი პოსტი მიეტოვებინა, - ჩემი აზრით, ძალიან ბევრ რამეს ამბობს იმაზე, თუ რა ხდება იმ რეჟიმის შიგნით. ჩვენ კადაფის გარშემო მყოფ ხალხს მივმართეთ და ვუთხარით, თუკი არ გსურთ იმ რეჟიმთან ერთად დაემხოთ, რომელიც თავისსავე ხალხს სასტიკად უსწორდება, მაშინ ახლავე წამოდით, გამოეყავით, უარი თქვით თქვენს თანამდებობებზე. იმედისმომცემია რომ ეს ვიღაცამ მართლაც გააკეთა.“

გადადგომების შესახებ ინფორმაციის ფონზე, ბრიტანეთის მედია ავრცელებს ცნობას, რომ კადაფის მთავრობის წარმომადგენელი ლონდონში იმყოფება და საიდუმლო მოლაპარაკებას მართავს კადაფის ხელისუფლებიდან წასვლის სტრატეგიაზე. ამ ცნობების თანახმად, კადაფის შვილის, საიფ ალ-ისლამის მთავარმა თანაშემწემ, მუჰამედ ისმაილმა, ლონდონში ბრიტანელ ოფიციალურ პირებთან გამართა შეხვედრები. თუმცა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ცნობას არ ადასტურებს.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG