ლიბიის საკითხზე საერთაშორისო საკონტაქტო ჯგუფმა დღეს დოჰაში პირველი შეხვედრა გამართა, რომელსაც ერთობლივად უძღვებოდნენ მასპინძელი ქვეყანა, კატარი და ბრიტანეთი. შეხვედრაში გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი-მუნიც მონაწილეობდა - 40 ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად. გაეროს ხელმძღვანელმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, ლიბიის შესახებ „გაერთიანებული ხმით“ ილაპარაკონ. ლიბიელი მეამბოხეების წარმომადგენლებმა ნატოს მოუწოდეს გააძლიეროს საჰაერო დარტყმები მუამარ კადაფის ძალების ტანკებზე და რაკეტებზე. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, უილიამ ჰეიგმა განაცხადა, შეხვედრა კადაფიზე ზეწოლას გააძლიერებსო - და მეამბოხეთა მხარდაჭერისთვის რეგიონული ფინანსური მექანიზმების შექმნის იდეით გამოვიდა. დღეს მოგვიანებით ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, დევიდ კამერონი პარიზში ჩავა და ლიბიის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტთან, ნიკოლა სარკოზისთან გამართავს მოლაპარაკებას. ბრიტანეთი და საფრანგეთი ნატოს სთხოვენ გააძლიეროს საჰაერო დარტყმები, რატა მეამბოხეებს კადაფის ძალების შეტევების გაძლების საშუალება მიეცეს. დღესვე ნატომ განაცხადა, რომ მისმა თვითმფრინავებმა სამშაბათს გაანადგურეს კადაფის ძალების 16 ტანკი - მათგან 12 მეამბოხეთა კონტროლის ქვეშ მყოფ მისურატასთან ახლოს.
ყველაზე პოპულარული
1