Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

შენობების დიდ ნაწილში მხოლოდ შესასვლელებია ადაპტირებული


ზუგდიდი
ზუგდიდი

ზუგდიდში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ქალაქში ადაპტირებული გარემოს შესაქმნელად გარკვეული სამუშაოები ჩატარდა და ბოლო წლების განმავლობაში დადებითი ტენდენციები შეიმჩნევა. თუმცა მესამე სექტორის წარმომადგენლები იმაზეც თანხმდებიან, რომ ეს სამუშაოები არის მხოლოდ ფასადური, შენობა-ნაგებობების დიდი ნაწილის მორგება შშმ პირებზე მხოლოდ გარეთა პერიმეტრზე ხდება, შიგნით არ არის საამისოდ ინფრასტრუქტურა გათვლილი. ამასთან, ხშირ შემთხვევაში აქცენტი კეთდება მხოლოდ ეტლით მოსარგებლეებზე და არ არის გათვალისწინებული სხვა პირთა საჭიროებები, მათ შორის, სმენა და მხედველობადაქვეითებულებისა.

ასოციაცია „დეას“ აღმასრულებელი დირექტორის, მადონა ხარებავას, განცხადებით, საკითხი არ არის პრიორიტეტული არც ცენტრალური და არც ადგილობრივი ხელისუფლებისთვის:

გადმოწერა

„რომ ვთქვათ, რომ არაფერი არ გაკეთებულა, არ იქნება მართალი. ძალიან ბევრ შენობა-ნაგებობას ჰქონდა არასტანდარტულად მიშენებული პანდუსები. მოხდა ნაწილი შენობების რეკონსტრუქცია და შეიძლება ითქვას, რომ გამოსწორდა და გახდა სტანდარტის შესაბამისი. სტანდარტს შეესაბამება, მაგალითად, გამგეობის პანდუსი. იგივე შეიძლება ითქვას მერიის პანდუსზე. გამგეობის პანდუსი კი არის მორგებული სტანდარტს, თუმცა შენობის შიგნით იმდენი კიბეა, თან არ არის ლიფტი. პრინციპში, მეუბნები, შემოდი და კართნ დადექი“.

არაადაპტირებული გარემოს მიზეზით, მოქალაქეების ნაწილი ვერ ესწრება გამგეობის შენობაში, სადაც ასევე საკრებულოცაა, ბიუჯეტის განხილვის პროცესს და სხვა მნიშვნელოვან შეხვედრებს. ანალოგიურად შეუღწევადია შშმ პირებისთვის ისეთი მნიშვნელოვანი დაწესებულებები, როგორიც არის ბიბლიოთეკა, სოციალური მომსახურების სააგენტო და სახალხო დამცველის ზუგდიდის ოფისი.

შშმ პირთა ინტეგრაციისა და ხელოვნების განვითარების ასოციაცია „ჰანგის“ თავმჯდომარე რუსლან საჯაია მიიჩნევს, რომ შეზღუდვებს ქმნის, ამ მხრივ, საგზაო ინფრასტრუქტურაც:

„კი, უკეთესობა შეიმჩნევა, არის პანდუსების სიმრავლე ქალაქში, მაგრამ ის, ხშირ შემთხვევაში, სტანდარტებთან მწყრალად არის. რაც შეეხება უსინათლოებისთვის სპეციალურ ბილიკებს და ხმოვან შუქნიშნებს, ასეთი ჯერჯერობით არ არის“.

ადგილობრივ ხელისუფლებაში თანხმდებიან, რომ სახელმწიფომ უნდა შექმნას ყველა მოქალაქისთვის თანაბარი გარემო, თუმცა, როგორც ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, მსგავსი ინფრასტრუქტურული სამუშაოები დიდ ფინანსურ რესურსებთან არის დაკავშირებული, რაც მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია.

მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროს ეკატერინე თოდუას განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ ამ საკითხზე ზრუნვა განსაკუთრებით ბოლო წლებში დაიწყო და ადრე აშენებული საბჭოური ნაგებობები არ არის მორგებული სტანდარტებს, ძნელია მოკლე ვადებში პრობლემის საბოლოოდ გადაჭრა. მისი სიტყვებით, იმას, რომ მერიის შენობა ყოფილიყო ადაპტირებული როგორც გარეთა, ისე შიდა პერიმეტრით, რამდენიმე მილიონი დასჭირდა.

„არც ერთი ნებართვა ნაგებობების მშენებლობაზე არ გაიცემა ამ საჭიროებების გათვალისწინების გარეშე. მართალია, ძველ ნაგებობებში პრობლემაა, სტანდარტები დარღვეულია, მითითებებს ვაძლევთ და გამოსწორდა კიდევაც, მაგრამ დღესდღეობით მაინც რჩება პრობლემა. ამისი მოგვარება ეტაპობრივად ხდება. ვერ ხდება ამის სწრაფი მოგვარება. ძალიან ბევრი ნაგებობაა ისეთი, რომელიც საჭიროებს კოლოსალურ თანხებს, ადაპტირების თვალსაზრისით“, - განაცხადა ეკატერინე თოდუამ.

როგორც ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, მოქალაქეებისთვის თანაბარი გარემო, ფინანსური რესურსების გათვალისწინებით, თანდათანობით შეიქმნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG