Accessibility links

მოქალაქეები ჩივიან, რომ თუ აეროპორტში ჩემოდნიდან რამე ნივთი მოიპარეს, მისი დაბრუნების შანსი თითქმის არ არსებობს. შსს ინფორმაციით, ასეთი შემთხვევები ხშირი არ არის, მაგრამ მაინც ხდება, პროცედურები კი, რომლის გავლაც დაზარალებულ მგზავრს უწევს, საკმაოდ ჩახლართულია.

საქართველოდან სერბეთში მივლინებით ჩასულმა ეკა ელოშვილმა ჩემოდნის გახსნისას აღმოაჩინა, რომ ე. წ. ნოუტბუკიდან მხოლოდ შალითა იყო დარჩენილი. კომპიუტერი დაიკარგა. ის ეცადა, კუთვნილი ნივთი დაებრუნებინა, მაგრამ უშედეგოდ:

„მივდიოდი მივლინებაში, თურქეთის გავლით, სერბეთში. როცა სერბეთში ჩავედი, იქვე აეროპორტში არა, მაგრამ სასტუმროში აღმოვაჩინე, რომ ლეპტოპი, რომელიც ჩემოდანში მედო (ძალიან ვინანე, რომ ხელბარგით არ წამოვიღე), აღარ იყო. იყო შალითა და თვითონ კომპიუტერი - აღარ. დავრეკე ჩემს სამსახურში და ვთხოვე, დაკავშირებოდნენ კომპანიას, რომლითაც ვიფრინე. სამწუხაროდ, ვერაფერში გაგვარკვიეს და გვიპასუხეს ასეთი რამ, რომ ჩვენ არ ვართ დარწმუნებული, რომ ლეპტოპი თურქეთში დაიკარგა, შეიძლება ბელგრადის აეროპორტში დაიკარგაო“.

ნინოს ოჯახის წევრები თბილისიდან სანკტ-პეტერბურგში მიფრინავდნენ. მათ ჩემოდანში ჰქონდათ ძვირფასეულობაც, რომლის ხელბარგში გადატანაც სიჩქარისას დაავიწყდათ. უკვე რუსეთში ჩასულებმა აღმოაჩინეს, რომ სამკაულები - მათ შორის, რამდენიმე ძვირად ღირებული ბეჭედი - დაიკარგა. დაზარალებულებმა თბილისის აეროპორტს მიმართეს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც პასუხი იგივე იყო: არ ვიცით, ჩემოდანი საქართველოში გაძარცვეს თუ რუსეთის აეროპორტშიო.

„საკმაოდ ძვირად ღირებული ბრილიანტის ბეჭდები იყო და სხვა სამკაულებიც. ადგილზევე მივმართეთ პოლიციას როგორც თბილისში, ასევე სანკტ-პეტერბურგისას. გვანახვეს ვიდეოჩანაწერები, სანკტ-პეტერბურგში არ იყო დაფიქსირებული ისეთი რამ, რომ ვინმეს ჩემოდანი გაეხსნა, რადგან იქ სამ წუთშივე გამოდიან“.

მისი თქმით, სანკტ-პეტერბურგის აეროპორტი ისეა მოწყობილი, რომ ჩემოდნები პირდაპირ კონტეინერზე ხვდება და მუშებს მათთან შეხება არა აქვთ. რაც შეეხება თბილისს, გამოძიება დღემდე მიმდინარეობს, თუმცა რამე ხელშესახები ჯერჯერობით არ გამოკვეთილა.

თბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი

ტურისტულ კომპანია „ლავთრეველის“ წარმომადგენელი ნინო ხითარიშვილი ამბობს, ბარგის გაძარცვის შემთხვევები ამ კომპანიის ტურისტებს არ ჰქონიათ, არის ბარგის დაკარგვის ფაქტები, თუმცა, ძალიან იშვიათადო.

დამოუკიდებელი გიდი ნუცა ცქიმანაურიც ამბობს, რომ ძირითადად ტურისტებს ბარგის დაგვიანების პრობლემა აქვთ. მისი თქმით, ზოგი ამას ისეა შეჩვეული, რომ მაშინვე მაღაზიაში მიდის, რათა ორი ხელი ტანსაცმელი იყიდოს და ჩემოდნის მოძიებამდე ჩაიცვას:

„ძირითადად ბარგის დაკარგვის შემთხვევა არის ის, რომ აგვიანებს. დაკარგვაში ამას ვგულისხმობ. ხშირ შემთხვევაში 12 საათიდან ერთ კვირამდეც გაწელილა ბარგის მოძიების პროცესი“.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ნესტან ლონდარიძე იხსენებს შემთხვევას, როცა საქართველოს ერთ-ერთმა მოქალაქემ ჩემოდანი დაკარგა. ბილეთში აღნიშნული იყო, რომ ბარგის თითოეული კილოგრამი გარკვეული თანხით ნაზღაურდებოდა, თუმცა დაზარალებულისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა:

„სადავო გახდა ის, რომ მას მოჰქონდა ოქროს ნივთები. მისი ძმა დაქორწინდა და ჩამოდიოდა იმისთვის, რომ საჩუქრები ჩამოეტანა, რომლის ღირებულება გაცილებით დიდი იყო, ვიდრე ანაზღაურებას სთავაზობდნენ. ამის გამო მოლაპარაკება ვერ შედგა და, საბოლოოდ, სასამართლოს მიმართა“.

თბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი

ნესტან ლონდარიძის თქმით, პრობლემა ისაა, რომ გაურკვეველია, სად და რომელ ქვეყანაში იკარგება ნივთი და ამის გარკვევას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. ასევე რთულია იმის გარკვევა, ნივთი შემთხვევით დაიკარგა თუ მოიპარეს. ნესტან ლონდარიძე ამბობს, რომ, სამოქალაქო კოდექსის 668-ე მუხლის თანახმად, ნივთის დაზიანების, დაკარგვის შემთხვევაში პასუხისმგებელი გადამზიდავი კომპანიაა. ბარგის ჩაბარებისას აუცილებელია შედგეს ზედნადები, სადაც ჩამოთვლილია, თუ რა ნივთებია ჩემოდანში. ასევე, ბარგი უნდა შემოწმდეს უშუალოდ ჩამოსვლის დროს და არა აეროპორტის გარეთ.

„თუ მგზავრი სახლში მივა და მერე დაიწყებს ამაზე დავას, უკვე დგება პრობლემა, ნამდვილად აკლდა ეს ნივთი? რითია დადასტურებული, რომ ნივთი დაიკარგა?“

მისივე თქმით, რეალურად, როგორც წესი, ბევრი სწორედ სახლში ჩემოდნის ამოლაგების შემდეგ ხვდება, რომ ყველაფერი ადგილზე არ არის. ნესტან ლონდარიძე ამბობს, რომ, მართალია, ბარგის ჩაბარების შემდეგ პასუხისმგებლობა ავიაგადამზიდავს ეკუთვნის, მაგრამ:

„რეალურად ძალიან დიდ პრობლემას უკავშირდება და თითქმის ყოველთვის იცილებენ პასუხისმგებლობას. ამასთან, ყველაზე დიდი პრობლემა არის ღირებულების სტანდარტული შეფასება, ვთქვათ, კილო დაკარგული ტვირთის ნაცვლად - 20 ევრო, მაშინ როცა ის ნივთი, შესაძლოა, სულაც არ შეადგენდეს ერთ კილოს, მაგრამ სტანდარტულ ღირებულებას ბევრად აღემატებოდეს“.

ეკა ელოშვილი, რომელმაც ერთი წლის წინ დაკარგული კომპიუტერი დღემდე ვერ დაიბრუნა, ამბობს:

„შემდეგ, როცა გავიკითხე, საკმაოდ უიმედო შემთხვევები ყოფილა, როდესაც ბარგს ხსნიან და იპარავენ რამეს, ძალიან იშვიათია და თითქმის არ არსებობს ისეთი შემთხვევა (მათ შორის ვარ უკვე მეც), რომ პატრონს დაუბრუნდეს დაკარგული ნივთი“.

გაძარცულ ბარგთან დაკავშირებით შს სამინისტრომ კომენტარი არ გააკეთა, თუმცა მოგვაწოდა ინფორმაცია, თუ რამდენად ხშირია მსგავსი შემთხვევები. გაირკვა, რომ, 2016 წლის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ჩადენილი ქურდობის ფაქტზე კრიმინალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საგამოძიებო სამსახურში ერთ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, ხოლო თბილისის პოლიციის დეპარტამენტში - ექვს საქმეზე. აქედან მხოლოდ ორია გახსნილი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG