Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ელით აფეთქებული კორპუსის მცხოვრებლებს?


აფეთქებული კორპუსის რეკონსტრუქცია
აფეთქებული კორპუსის რეკონსტრუქცია

გლდანის მეორე მიკრორაიონის 25-ე კორპუსის მობინადრეთა ნაწილს გამგეობამ ბინები უქირავა. 12 აპრილს კორპუსში ძლიერი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაშავდა. წინასწარი დასკვნით, აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ და შემდეგ მისმა გაჟონვამ გამოიწვია. კორპუსში მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოების გამო ერთი სადარბაზოს მცხოვრებლებს ბინები დაატოვებინეს.

გლდანის მეორე მიკრორაიონის 25-ე კორპუსის მე-9 სართულზე ძლიერი აფეთქება 12 აპრილს დილის საათებში მოხდა. აფეთქების შედეგად ჩამონგრეულმა სინკარმა თან მოიყოლა ქვედა სართულზე მცხოვრები ასაკოვანი ქალი, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. მძიმედ დაშავდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც, მძიმე ოპერაციის შემდეგ, მართვით სუნთქვაზე იმყოფება ქირურგიის ეროვნული ცენტის რეანიმაციულ განყოფილებაში.

როგორც გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ ქარცივაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ, ორი სართულის დანგრევის გარდა, 40 მეტრის რადიუსში ფანჯრების მინები ჩაიმსხვრა. ამ დროისთვის კორპუსში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს და მეცხრე და მერვე სართულების მცხოვრებლები გამგეობამ დროებით საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყო. გამოძიების დასრულების პარალელურად დაიწყება აღდგენითი სამუშაოებიც, რომელსაც გლდანის რაიონის ბიუჯეტიდან დაფარავენ:

„8 მობინადრე უკვე გაყვანილია. მათთვის გამგეობა ბინებს ქირაობს და ამ ნაქირავებ ბინებში იცხოვრებენ მანამ, სანამ მათი ბინების რემონტი არ დასრულდება და არ იქნება საცხოვრისად მზად. აღდგენით სამუშაოებს, თავისი კონსტრუქციული ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობის ნაწილით აწარმოებს გლდანის გამგეობა თავისი ბიუჯეტის ფარგლებში“.

კორპუსში გაწმენდითი სამუშაოებისას უსაფრთხოების მიზნით შეწყვეტილია ელექტრო და წყალმომარაგება, რის გამოც იმ მობინადრეებსაც კი, რომელთა ბინები არ დაზიანებულა, გარკვეული დროით სახლების დატოვება უწევთ, თუმცა ალტერნატიული ფართით მათ უზრუნველყოფაზე გამგეობა არ ფიქრობს. 25-ე კორპუსის ერთ-ერთი მცხოვრები, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა, ამბობს, რომ გამგეობის მხრიდან უყურადღებობას არ გრძობენ, თუმცა საკუთარ თავზე თავად უწევთ ზრუნვა:

„ჩვენ, მაგალითად, ნათესავთან გადავედით. უყურადღებოდ მიტოვებულები არ ვყოფილვართ. უსაფრთხოების გამო შუქი, წყალი და გაზი გაგვითიშეს, მოგვიანებით კი ჩართეს, მაგრამ ახლა კორპუსი დაცლილია და, ალბათ, ისევ გადაკეტავდნენ“.

აფეთქებული კორპუსის რეკონსტრუქცია
აფეთქებული კორპუსის რეკონსტრუქცია

კორპუსის მეცხრე სართულზე მდებარე ბინა, რომელშიც აფეთქება მოხდა, ჟურნალისტ მერაბ მეტრეველს ეკუთვნის, თუმცა ამჟამად მისი ოჯახი იქ არ ცხოვრობს. ბინა მიგირავებული ჰქონდა სხვა პირისთვის, რომელსაც, თავის მხრივ, გაქირავებული ჰქონდა ის. მერაბ მეტრეველი ამბობს, ვინაიდან გამგეობამ განაცხადა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჩაატარებს, თავად აღარ დავინტერესებულვარ პროცესითო:

„ოფიციალურად არავინ დამკავშირებია და მეც არ მიმიმართავს გამგეობისთვის. რადგან თქვეს, გავაკეთებთო, ველოდები, რომ, ალბათ, გააკეთებენ“.

ვის ევალება ასეთ შემთხვევაში დაზარალებულთა ბედზე ზრუნვა და სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება? - „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტის სულხან სალაძის თქმით, კანონმდებლობაში არ მოიძებნება ჩანაწერი, რომელიც მსგავს შემთხვევებში სახელმწიფოს დაავალდებულებდა დაზარალებულის საშველად აუცილებელი ყველა ხარჯის გაწევას. ამჯერად საუბარი შეიძლება იყოს თვითთმმართველობის ბიუჯეტსა და მის ფარგლებში გასატარებელ ღონისძიებებზე:

„სპონტანურ შემთხვევებში, რომელიც მყისიერ ჩარევას საჭიროებს, თვითმმართველობის მხრიდან გარკვეული პროგრამები მოქმედებს. ეს შეიძლება იყოს დროებით თავშესაფარში მოთავსება ან დროებით ბინით და ქირით უზრუნველყოფა, ასევე გარკვეული სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება, თუმცა თავიდან ბოლომდე სარეაბილიტაციო სამუშაოების კისრადღება თვითმმართველობის მიერ დამოკიდებულია იმაზე, რამდენად აქვს საამისოდ ხარჯები გათვალისწინებული და, ჯამში, რა თანხაზე შეიძლება იყოს საუბარი“.

საგულისხმოა კიდევ ერთი საკითხი: სულხან სალაძის თქმთ, გამოძიება დაადგენს, იყო თუ არა ეს ერთი კონკრეტული პირის გამოისობით მომხდარი ფაქტი. ამ შემთხვევაში, თანხის სიდიდიდან გამომდინარე, ნაკლებ სავარაუდოა მას თანხის ანაზღაურება დაეკისროს, თუმცა, თუ იქნება ეს დაკავშირებული გაზგაყვანილობის სისტემის მონტაჟთან, რომელიც კონკრეტული კომპანიის თანამშრომლებმა შეასრულეს, მაშინ პარალელურად შესაძლებელია ბინის მესაკუთრეებმა ამ კომპანიისგანაც მოითხოვონ ზარალის ანაზღაურება.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG