Accessibility links

21 აპრილს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები კანონში „საგზაო მოძრაობის შესახებ“. კანონპროექტს მესამე მოსმენით უყარეს კენჭი და მას 89 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ არავინ წასულა. ცვლილებების შედეგად, შემოდის მართვის მოწმობაზე 100-ქულიანი სისტემის მინიჭების წესი. თითოეული დარღვევის შემდეგ 100 ქულას სამართალდარღვევის ტოლფასი ქულა გამოაკლდება. კალენდარული წლის განმავლობაში სამართალდარღვევების გამო ქულების 0-მდე შემცირება ერთი წლით მართვის უფლების შეჩერებას გამოიწვევს.

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებიდან ძირითადი მართვის მოწმობასა და უკონტაქტო პატრულირებასთან დაკავშირებული ცვლილებებია“, - ამბობს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, დეპუტატი არჩილ თალაკვაძე. მისივე თქმით, ამან ბევრ ქვეყანაში მოიტანა დადებითი შედეგი. თალაკვაძე ამბობს ასევე, რომ მხარი დაუჭირეს სხვა ცვლილებებსაც:

არჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე

„სხვა ცვლილებებსაც, რომელიც შემოთავაზებულია, საპარლამენტო უმრავლესობა, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება ერთიანად მხარს უჭერს“.

გელა კვაშილავა, დამფუძნებელი ფონდისა „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ყურადღებას ამახვილებს ავტოავარიების შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა სტატისტიკაზე და ამბობს, რომ, 2015 წელთან შედარებით, 2016 წელს დაშავებულთა რიცხვმა 700 ადამიანით მოიმატა და ის 10 000-ს მიუახლოვდა. გაზრდილია დაღუპულთა რიცხვიც. 15 %-ითაა გაზრდილი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა, ისევე როგორც გაზრდილია სიჩქარის გადაჭარბების მაჩვენებელი.

გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების გამო ექსპერტები ნასვამი მძღოლების განსაკუთრებულად დასჯას ითხოვდნენ. ირაკლი იზორია, კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავდა, თუ რატომ იყო ეს მოთხოვნა მნიშვნელოვანი:

„ახლა ნასვამობა მართვის მოწმობის ნახევარწლიანი ჩამორთმევით ისჯება, მძღოლს ორი-სამი თვის მერე აქვს საშუალება ჯარიმის გადახდის შემდეგ დაიბრუნოს მოწმობა. ჩვენი მოთხოვნაა, თანხით ვერ ხდებოდეს მართვის მოწმობის დაბრუნება. პირიქით, უფრო უნდა გამკაცრდეს - დაახლოებით, ერთწლიანი ჩამორთმევა უნდა ხდებოდეს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მივიღოთ ისეთი კანონები, როგორებიც ევროკავშირში მოქმედებს და ხვალ და ზეგ დავდგებით რეალობის წინაშე და მაინც მოგვიწევს მსგავსი კანონების მიღება“.

პატრულს დამრღვევთან უშუალო კონტაქტი არ ექნება. უბრალოდ, საღამოს ჩანაწერს შეამოწმებენ, დარღვევებს დააფიქსირებენ და მძღოლებს შეტყობინებები დაეგზავნებათ...
გელა კვაშილავა

საბოლოოდ, სანქციები, მართლაც, გამკაცრდა, მაგრამ, როგორც გელა კვაშილავა ამბობს, არც ისე, როგორც ექსპერტები მოითხოვდნენ. ახალი წესებით, ნასვამი მძღოლები 1000 ლარით დაჯარიმდებიან, მანქანის მართვის უფლება კი სამი თვით ჩამოერთმევათ.

გარდა ამისა, ცვლილებების შედეგად შემოვა უკონტაქტო პატრულირების ინსტიტუტიც. კერძოდ, სამოქალაქო ფორმაში გადაცმული პატრულები მანქანაზე დამონტაჟებული კამერებით გზებზე ივლიან და მანქანების მოძრაობას გადაიღებენ:

„პატრულს დამრღვევთან უშუალო კონტაქტი არ ექნება. უბრალოდ, საღამოს ჩანაწერს შეამოწმებენ, დარღვევებს დააფიქსირებენ და მძღოლებს შეტყობინებები დაეგზავნებათ“.

გელა კვაშილავა ამბობს, რომ უკონტაქტო პატრულირების ინსტიტუტი ბევრ ქვეყანაში წარმატებულად მუშაობს და, შესაბამისად, ვითარების გაუმჯობესებას საქართველოშიც ელიან.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG