რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო - დოკუმენტი ივანიშვილის დასანქცირებასა და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს

ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის (ALDE) საბჭომ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც გმობს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ რეპრესიებს და საერთაშორისო პარტნიორებს ბიძინა ივანიშვილისა და რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.

ამ პარტიის წევრები არიან ქართული ოპოზიციური პარტიები: დროა, გირჩი-მეტი თავისუფლება და სტრატეგია აღმაშენებელი

დუბლინში, 13–14 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე მიღებული რეზოლუციით, ALDE ასევე მოითხოვს საქართველოში ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

დოკუმენტში ALDE გმობს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებს, პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლისსამართლებრივ დევნას, ონლაინკრიტიკისთვის მოქალაქეების დასჯას, სამოქალაქო სივრცის შეზღუდვასა და უფლებადარღვევებისთვის დაუსჯელობას.

რეზოლუციის თანახმად, ეს ქმედებები საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება.

ALDE მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები, მათ შორის ისეთი პარტიების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები, რომლებიც აკრძალული პარტიების სამართალმემკვიდრეებად შეიძლება ჩაითვალონ.

დოკუმენტი ასევე მოითხოვს, რომ პოლიტიკური საქმიანობის უფლება არ შეიზღუდოს პარტიული კუთვნილების ან უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციაში მუშაობის გამო.

„დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლდნენ ყველა პოლიტიკური პატიმარი და პირი, რომლებიც ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობის გამო არიან დაკავებული“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

დოკუმენტი ასევე მოითხოვს ოპოზიციის ლიდერებისთვის პოლიტიკურად მოტივირებული საბოტაჟის ბრალდებების მოხსნას და მშვიდობიანი დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების დაცვას.

ALDE მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს მშვიდობიან საპროტესტო აქციებსა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული დაკავებები და არაპროპორციული ჯარიმების დაკისრება.

„გაუქმდეს რეპრესიული კანონები უცხოეთის აგენტებისა და დაფინანსების შეზღუდვის შესახებ; აღდგეს დამოუკიდებელი მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველების საქმიანობის შესაძლებლობა“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

რეზოლუცია ასევე მოითხოვს წამების, არასათანადო მოპყრობისა და თავდასხმების დამოუკიდებელ გამოძიებას.

სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ და ახალი არჩევნები

ALDE ევროკავშირს, ევროპის სახელმწიფოებსა და პარტნიორ ქვეყნებს ბიძინა ივანიშვილისა და რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ კოორდინირებული სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.

„კოორდინირებულად გამოიყენონ მიზნობრივი ფინანსური სანქციები (აქტივების გაყინვა) და გადაადგილების შეზღუდვები ბიძინა ივანიშვილის, რეპრესიებზე პასუხისმგებელი გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და იმ ხელშემწყობების წინააღმდეგ, რომელთა დასანქცირებაც სამართლებრივად შესაძლებელია“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

დოკუმენტის თანახმად, თუ ევროკავშირის დონეზე სანქციებზე შეთანხმება ვერ მოხერხდება, ქვეყნებმა კოორდინირებული ეროვნული ზომები უნდა მიიღონ.

ALDE ასევე მიიჩნევს, რომ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზება დემოკრატიული პროგრესის კონკრეტულ შედეგებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და საარჩევნო კრიზისის მოგვარებას უნდა დაუკავშირდეს.

რეზოლუცია მოითხოვს ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.

„ჩატარდეს ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები მიუკერძოებელი ადმინისტრირებით, საერთაშორისო დაკვირვებით, ოპოზიციის შეუზღუდავი მონაწილეობითა და დაშინებისგან დაცვის გარანტიებით“, – წერია დოკუმენტში.

ამასთან, ALDE მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებს, შეინარჩუნონ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა, საგანმანათლებლო და პირადი კავშირები და მხარი დაუჭირონ საქართველოს ევროპულ მომავალს.

ALDE ქართველი წევრი პარტიების მონაწილეობას დაიცავს

რეზოლუციის ბოლოს ALDE აცხადებს, რომ დაიცავს ორგანიზაციაში ქართველი წევრი პარტიების მონაწილეობის უფლებას, მიუხედავად საქართველოში მათ წინააღმდეგ დაწესებული პოლიტიკური აკრძალვებისა.

დოკუმენტის მიხედვით, ALDE-ის ბიურომ ქართველ წევრებთან და ევროპარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფ „განახლებულ ევროპასთან“ (Renew Europe) უნდა შეათანხმოს მუშაობა პოლიტპატიმრების, სასამართლო პროცესების მონიტორინგისა და სანქციების საკითხებზე.

„სამი თვის განმავლობაში წარადგინოს ანგარიში და მობილიზება გაუწიოს ლიბერალ პოლიტიკოსებს ეროვნულ და ევროპულ ინსტიტუტებში“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

​
XS
SM
MD
LG