Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელექტრონული სიგარეტის უარყოფითი მხარეები


ელექტრონული სიგარეტი ეფექტიანად არ უწყობს ხელს თამბაქოსთვის თავის დანებებას. ამ დასკვნამდე მივიდნენ ახლახან ჩატარებული ორი გამოკვლევის ავტორები. ერთი კანადელ მეცნიერებს ეკუთვნის, მეორე კი გერმანიაში ჩატარდა.

როგორც ტორონტოს უნივერსიტეტის თანამშრომელი რიად ალ-ლეჰები ამბობს, მართალია, ელექტრონული სიგარეტი ხშირად მიიჩნევა თამბაქოსგან გადაჩვევის მსურველთა გაჭირვების ტალკვესად, მაგრამ ჯერჯერობით არ მოგვეპოვება მისი ხანგრძლივი დადებითი მოქმედების დამადასტურებელი საბუთები. ექიმები თამბაქოსგან გადაჩვევის სხვა, ტრადიციულ, მეთოდებს ამჯობინებენ.

ოცზე მეტი გამოკვლევის საფუძველზე აღმოჩნდა, რომ ელექტრონულ სიგარეტს კარგი ეფექტი აქვს მოკლე ვადით. დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ის მართლაც ეხმარება მწეველებს თამბაქოსგან თავის შეკავებაში. მაგრამ იმავეს ვერ ვიტყვით ხანგრძლივი პერსპექტივით.

ამასთან, ელექტრონული სიგარეტის შემთხვევაში თანმდევ ეფექტებთან თან - ხველებასთან, ქოშინთან, ხორხის არეში წვასთან - უფრო ხშირად გვაქვს საქმე, ვიდრე თამბაქოსგან გადასაჩვევი სხვა ტრადიციული მეთოდებისას.

მეორე მხრივ, გერმანელი მეცნიერების მიერ ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ელექტრონული სიგარეტი შეიძლება მავნებელიც კი იყოს. ახლახან ბერლინში წარმოადგინეს გამოკვლევის შედეგები, რომელიც გეტინგენელმა მეცნიერებმა ჩაატარეს მიუნხენელ და მაინცელ კოლეგებთან ერთად. მათ პირველად შეისწავლეს, რა ზემოქმედებას ახდენს ელექტრონულ სიგარეტში გამოყენებული არომატული სითხე, ე.წ. „ლიკვიდები“, პირის ღრუს ლორწოვან გარსზე.

გამოკვლევის ფარგლებში ხუთი დღის განმავლობაში სწავლობდნენ სხვადასხვა გემოს „ლიკვიდს“. გეტინგენის ყელ-ყურ-ცხვირის საუნივერსიტეტო კლინიკის თანამშრომლის, მარტინ კანისის თქმით, აღმოჩნდა, რომ ყოველი „ლიკვიდი“ აშკარად ამცირებდა უჯრედების სიცოცხლისუნარიანობას და იზრდებოდა დნმ-ის დაზიანებები. სხვათა შორის, ხილის არომატის მქონე სითხეებს თამბაქოს არომატიანზე უარესი შედეგი ჰქონდა. კანისის თანახმად, კვლევის შედეგები საკმარისი არ არის იმის მტკიცებისთვის, რომ ელექტრონული სიგარეტი კიბოს წარმოქმნის საფრთხეს ზრდის, მაგრამ არსებული მონაცმები ნათელყოფს, რომ ამ მიმართულებით მეტი კვლევაა აუცილებელი. მისი ვარაუდით, ელექტრონული სიგარეტის შემთხვევაში კიბოთი დაავადების საფრთხე ბევრად ნაკლები უნდა იყოს თამბაქოს წევასთან შედარებით, მაგრამ სრული საფუძველი გვაქვს საიმისოდ, რომ ელექტრონული სიგარეტის მოხმარების მიმართ ეჭვები გვქონდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG