Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკა-საქართველო - ინტერესებსა და პრინციპებზე აგებული თანამშრომლობა


ამერიკისმცოდნეობის ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
ამერიკისმცოდნეობის ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკის შესწავლის ინსტიტუტი ამ დღეებში ამერიკისმცოდნეობის ყოველწლიურ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენცია ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წლისთავს ეძღვნება. მისი მონაწილეები საქართველო–ამერიკის ურთიერთობის ფონზე განიხილავენ პოლიტიკის, ეკონომიკის, მეცნიერების, განათლებისა და კულტურის საკითხებს. კონფერენცია გამოფენით გაიხსნა, რომლის ფარგლებშიც გამოიფინა შეერთებული შტატებში სხვადასხვა დროს მოღვაწე ქართველთა ფოტოები და სამეცნიერო მასალა.

1992 წლის 23 აპრილს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდა. შეერთებული შტატები იყო რიგით მეორე სახელმწიფო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა და, როგორც ვასილ კაჭარავა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ამერიკის შესწავლის ინსტიტუტის დირექტორი, ამბობს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში მთავარია ურთიერთობათა სწრაფი ევოლუცია - ის, რომ 25 წლის წინ დაწყებული დიპლომატიური ურთიერთობა, რომელიც იმჟამად ჰუმანიტარული მხარდაჭერით დაიწყო, დღეს მჭიდრო სტრატეგიულ პარტნიორობადაა ქცეული:

„დღეს საქართველო არის შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე ერთგული პარტნიორი. სხვათა შორის, ეს ორმხრივი ერთგულებაა - საქართველოც ერთგულია და შეერთებული შტატებიც და ეს ამ ბოლო დღეებშიც დადასტურდა კიდევ ერთხელ. და ეს ევოლუცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუ როგორ სწრაფად განვითარდა ის 1992-93 წლებიდან მოყოლებული, როცა ჩვენი ქვეყანა ძალიან გაჭირვებული იყო და ჰუმანიტარულ დახმარებას ვიღებდით აშშ-დან და შემდგომში ამან მიიღო რეგულარული სახე, თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში. თუ თავიდან მედიკამენტები და ჰოსპიტლების აღჭურვილობა მოდიოდა, მერე ეს სულ სხვა პოლიტიკურ და ეკონომიკურ დონეზე განვითარდა“.

ვასილ კაჭარავა
ვასილ კაჭარავა

ვასილ კაჭარავა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობათა ევოლუციაზე საუბრისას 8-10 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეერთებულ შტატებში ვიზიტსაც უსვამს ხაზს. სწორედ ამ ვიზიტის ფარგლებში მოეწერა ხელი შეთანხმებას აშშ-სა და საქართველოს შორის ინფორმაციის ძირითადი უსაფრთხოების შესახებ (GSOIA). შეთანხმება შეეხება ორი ქვეყნის თანამშრომლობას ტერორიზმთან ბრძოლისა და სამხედრო სფეროს განვითარების მიმართულებებით.

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე 9 მაისს გამოქვეყნებულ ცნობაში ნათქვამია, რომ „შეთანხმება (GSOIA) წარმოადგენს ძირითად ქვაკუთხედს აშშ-სა და საქართველოს შორის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ თანამშრომლობაში. ეს შეთანხმება (GSOIA) ქმნის კანონიერ საფუძველს სადაზვერვო ინფორმაციის ორმხრივი გაცვლისთვის და გააძლიერებს თანამშრომლობას ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. შეთანხმება ასევე გაზრდის საქართველოს სამხედრო თავსებადობას ნატოს წევრი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებთან. ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოს მცდელობას შეიარაღებული ძალების გარდაქმნის კუთხით და სამომავლოდ გზას გაუკვალავს უსაფრთხოების სფეროს სხვა შეთანხმებების გაფორმებას შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის“.

გამოფენა
გამოფენა

სამხედრო და პოლიტიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით თანამშრომლობა, რაზეც ახლა შესაძლებელია საუბარი, 25 წლის წინ წარმოუდგენელ ფუფუნებად მიიჩნეოდაო, ამბობს დიპლომატი და მწერალი გელა ჩარკვიანი. დღეს რომ ოკეანისმიღმა უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები არსებობს, არამხოლოდ შტატების რეგიონალური ინტერესის შედეგია მისთვის. გელა ჩარკვიანი ამბობს, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ყველა მთავრობა ესწრაფოდა და მნიშვნელოვან ძალისხმევას მიმართავდა შტატების ადმინისტრაციასთან კონტაქტის ჯერ დასამყარებლად და მერე უკვე გასაღრმაველად. შეერთებულ შტატებთან დიპლომატიური ერთიერთობის პრინციპულ შედეგად მიაჩნია გელა ჩარკვიანს ის, რომ დღეს საქართველოში არის თავისუფალი საზოგადოება. მისი თქმით, აშშ არის სუპერსახელმწიფო, რომელიც მოქმედებს არა მხოლოდ ინტერესებით, არამედ პრინციპებით და იღბალია ის, რომ მსოფლიოში შეერთებული შტატებია სუპერსახელმწიფო და არა რომელიმე სხვა დიდი ქვეყანა, ვინაიდან ფართო ალტერნატივები ამ თვალსაზრისით არც არსებობს და საქართველოც, ამის გათვალისწინებით, სულ სხვანაირი იქნებოდა:

გელა ჩარკვიანი
გელა ჩარკვიანი

„ეს დიდი საქმეა, რომ ამერიკაა დღე სუპერსახელმწიფო, იმიტომ რომ ამერიკაა ქვეყანა, რომელიც მოქმედებს არა მხოლოდ ინტერესებით, არამედ პრინციპებითაც. ჩვენ ძალიან დიდ შრომას ვეწეოდით, რომ საქართველო შეემჩნიათ. ხალხშია გავრცელებული ასეთი მოსაზრება, რომ ეს ვიღაცის ინტერესებშია იქ. სამწუხაროდ, არ არის ასე. თუ არ დააინტერესე, ასეთი ინტერესები არ ჩნდება. რასაკვირველია, ამერიკას, როგორც სუპერსახელმწიფოს, წვდომა აქვს მთელ მსოფლიოში და ყველგან აქვს ინტერესები და, რასაკვირველია, კავკასიაშიც აქვს და საქართველოს მიმართაც აქვს, მაგრამ საქართველოს ხელმძღვანელობას - ყველას რომ არ ემოღვაწა ასე და არ გაეკეთებინათ ყველაფერი, რაც მათ გააკეთეს, ეს ურთიერთობები ასეთი ვერ იქნებოდა და მხოლოდ ამერიკის იმედზე, რომ მას მოუნდებოდა მაინცდამაინც ამის გაკეთება, არ უნდა ვყოფილიყავით“.

საქართველოსთვის ამერიკის მხარდაჭერა გადამწყვეტი აღმოჩნდა განსაკუთრებით რამდენიმე კრიტიკულ მომენტში, მათ შორის, როგორც ვასილ კაჭარავა ამბობს, 2008 წლის აგვისტოს ომის დროსაც, უფრო მოგვიანებით კი, მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა და თბილისმა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას მოაწერეს ხელი. შეერთებული შტატების მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობის აღიარების თვალსაზრისით არის საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პოზიცია. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ 5 მაისს ხელმოწერილი 2017 წლის ბიუჯეტის კანონი, რომელშიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ ჩანაწერიც გაკეთდა. ამ ჩანაწერის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების საბიუჯეტო დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერც ერთი ქვეყნის მთავრობა, რომელმაც აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ან მათთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა. ამერიკის შეერთებული შტატების 2017 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მკაფიო და უპრეცედენტო მხარდაჭერას კონფლიქტების მშვიდობიანად მოწესრიგების ინსტრუმენტად განიხილავენ საქართველოში. ამ აზრს იზიარებს საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე, რომელიც, თავის მხრივ, არაღიარების პრევენციაზეც ამახვილებს ყურადღებას:

გამოფენა
გამოფენა

“ამერიკის შეერთებული შტატები ამ აქტით ძალიან მკაფიო მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა, ახდენს იმ შესაძლო განვითარების პრევენციას, რომელიც უკავშირდება სხვა სახელმწიფოების მიერ ოკუპაციის მხარდაჭერას და, ამ თვალსაზრისით, კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მკაფიო მხარდაჭერას“.

მაგრამ პოლიტიკურ-ეკონომიკურ სტრატეგიულ თანამშრომლობას შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის წინ უსწრებდა კულტურული, სამრეწველო და სამეცნიერო თანამშრომლობა ორი ქვყენის ხალხს შორის. ამ ურთიერთობათა ამსახველი ხელნაწერები, პერიოდიკა და ფოტომასალა იყო გამოფენილი ამერიკისმცოდნეობის მე-18 ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში მოწყობილ გამოფენაზე, რომელსაც თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის მუზეუმმა უმასპინძლა. როგორც მუზეუმის ხელმძღვანელი რუსუდან კობახიძე ამბობს, შეერთებული შტატებისკენ პირველი სვლა დაიწყო 1920-იან წლებში საქართველოდან ემიგრირებულმა პოლიტიკურმა ელიტამ, რომელსაც მოგვიანებით კულტურისა და მეცნიერების სფეროს წარმომადგენლებიც შეუერთდნენ:

რუსუდან კობახიძე
რუსუდან კობახიძე

„ერთ-ერთი პირველი, რომელიც წავიდა ამერიკაში პოლიტიკური ემიგრაციიდან, ეს გახლდათ გიორგი მაჩაბელი, რომელიც გახლდათ ჯერ პირველი მსოფლიო ომის დროს, 1914-18 წლებში, დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრი და კაცი, რომელიც წყალქვეშა გემით შემოდიოდა და შემოჰქონდა იარაღი და ფული მეფის რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად, შემდეგ ის იყო იტალიაში საქართველოს წარმომადგენელი და შემდეგ ელჩი და 1921 წლის შემდეგ გაემგზავრა ამერიკაში თავის მეუღლესთან, ცნობილ მსახიობთან, ნორინა ჯეელისთან ერთად და იქ დააარსა სუნამოს მრეწველობა „პრინცი მაჩაბელის“ სახელწოდებით. და ეს არ იყო მხოლოდ ერთი სუნამო - აქ იყო როგორც ქალის, ასევე მამაკაცის. ასევე აქ იყო საპნები. მრეწველობაში, გიორგი მაჩაბლის გარდა, იყო ჯორჯ კობი, იგივე გრიგოლ კობახიძე, რომელმაც მინის მრეწველობა ააღორძინა ამერიკაში. ის ჯერ სამედიცინო ამპულებს, სინჯარებს და სხვა სამედიცინო ინვენტარს აწარმოებდა, ხოლო ომის შემდეგ მან დაიწყო საშობაო ნაძვისხის წარმოება და სათამაშოებიც გვაქვს მისი და ეს სათამაშოები, ამერიკის გარდა, კანადაშიც იყიდებოდა“.

ამერიკა-საქართველოს 25-წლიანი დიპლომატიური თანამშრომლობის გარდა, ამერიკისმცოდნეობის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე მეცნიერებმა ილაპარაკეს ამერიკის ლიტერატურის, კულტურის, მეცნიერების სხვადასხვ დარგის, მათ შორის, მედიცინის საკითხებზე. სამდღიანი კონფერენცია თბილისში წელს მე-18-ედ ჩატარდა.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG