Accessibility links

NDI-ის გამოკვლევა ამომრჩეველთა განწყობების შესახებ


საპარლამენტო არჩევნები

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი განწყობების კვლევის შედეგების მეორე ნაწილი წარმოადგინა. 3,141 გამოკითხულიდან უმრავლესობა მიიჩნევს, რომ არჩევნები მშვიდ და მოწესრიგებულ გარემოში ჩატარდა, თუმცა გამოკითხულთა დაახლოებით ნახევარი ფიქრობს, რომ დეპუტატები მხოლოდ საკუთარ ინტერესებს დაიცავენ პარლამენტში. გამოკითხულთა მეოთხედი კვლავ არ იცნობს თავის მაჟორიტარ დეპუტატს.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის გამოკვლევაში აქცენტი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში ამომრჩეველთა მოლოდინებზე დაისვა. ამასთან, უახლესი კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობის უმეტესობას ეჭვი არ ეპარება საარჩევნო პროცესების სანდოობაში და აცხადებს, რომ არჩევნების დღემ მშვიდად და მოწესრიგებულად ჩაიარა. კითხვაზე, როდის გადაწყვიტეთ ვისთვის მიგეცათ ხმა საპარლამენტო არჩევნებში, 62 %-მა უპასუხა, რომ საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე, ანუ ივლისამდე. კონკრეტული პარტიისთვის ხმის მიცემისას ამომრჩეველთა 39 % პარტიის ეკონომიკურ პოლიტიკას ითვალისწინებდა, 16 % კი -ჯანდაცვის პოლიტიკას. პარტიებისა და კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მიღების მთავარ წყაროდ მოსახლეობის 73 % ტელევიზიას ასახელებს. გამოკითხულთა 65 %-მა იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი. ჯამში, 33 %-ს შეადგენს იმათი რაოდენობა, ვინც არასწორი პასუხი გასცა ან არ იცოდა, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი.

NDI-ს გამოკვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა - 65 % - მოელის, რომ პარლამენტის წევრი იმას გააკეთებს, რასაც პარტია ეტყვის. 48 % აცხადებს, რომ ის მხოლოდ თავის ინტერესებს დაიცავს. გამოკითხულთა 42 % მიჩნევს, რომ ახალი პარლამენტი იმუშავებს წინაზე უკეთესად, 30 % კი ფიქრობს, რომ იმუშავებს ძველებურად.

რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? - NDI-ს ნოემბრის თვის კვლევაში 40 % ასეთად „ქართულ ოცნებას“ ასახელებდა, ახლა მას მხოლოდ 24 % ასახელებს. 22 % ამბობს, რომ არც ერთი პარტია არ დგას მასთან ახლოს. ნოემბრიდან დღემდე 4 %-ით არის გაზრდილი იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელიც თავის ინტერესებთან ახლოს მდგომად „ნაციონალურ მოძრაობას“ მიიჩნევს. ნოემბრის კვლევაში მას ასეთად 10 % ასახელებდა, ახლა კი - 14 % ასახელებს.

NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორის, ლორა თორნტონის, სიტყვებით, გამოკვლევაში რამდენიმე მნიშვნელოვანი მიგნება გამოიკვეთა - მათ შორის ის, რომ ამომრჩეველთა უმრავლესობა არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მოქალაქეობრივი ვალის მოხდის მიზნით მივიდა და არა მთავრობის მხარდასაჭერად ან მის შესაცვლელად:

„ვფიქრობ, მთავარი გზავნილი, რაც გამოიკვეთა ამ პრეზენტაციის პირველ ნაწილში, არის ის, რომ ქართველმა ამომრჩეველმა ეს არჩევნები შეაფასა როგორც მშვიდი, ზეწოლისგან თავისუფალი და კარგად ორგანიზებული. ჩემი აზრით, ეს არის საოცარი მიგნება. და ამას ეთანხმება 90 %-ზე მეტი. ვფიქრობ, ასევე საინტერესო მიგნება უკავშირდება არჩევანის გაკეთების თაობაზე გადაწყვეტილებას და იმას, რომ მოსახლეობა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას სამოქალაქო ვალდებულებად მიიჩნევს და არჩევნებში მონაწილეობს არა იმის გამო, რომ რომელიმე პარტია დგას ახლოს მის მოსაზრებებთან ან იმის გამო, რომ შეცვალოს მთავრობა ან შეინარჩუნოს მთავრობა. ეს საკმაოდ უჩვეულოა, რადგან ქვეყნების და ხალხის უმეტესობა ხმას აძლევს მთავრობის შენარჩუნებას ან შეცვლას. ქართველმა ამომრჩეველმა კი ხმა მისცა, სამოქალაქო ვალდებულებიდან გამომდინარე. რაც შეეხება პარლამენტის მომავალი საქმიანობის მიმართ დამოკიდებულებას, ხალხი უფრო ოპტიმისტურად არის განწყობილი, მარტის თვესთან შედარებით. ჩანს პარტიული ნიშნით განსხვავება: „ქართული ოცნების“ მომხრეები უფრო ენდობიან ახალ პარლამენტს, ვიდრე სხვა პარტიების მხარდამჭერები. ისინი უფრო პესიმისტურად არიან განწყობილი და ნაკლებად ენდობიან ახალი პარლამენტის წევრებს, რაც ჩემთვის მესიჯია, რომ პარლამენტის წევრებს ნამდვილად სჭირდებათ მისწვდნენ და უფრო მეტად წარმოადგენდნენ ყველა მოქალაქეს და არა მხოლოდ თავიანთი პარტიის მომხრეებს“.

NDI-ს საზოგადოებრივი განწყობების კვლევის მიმართ მმართველი გუნდის წევრები კრიტიკულად არიან ხოლმე განწყობილი. მიუხედავად იმისა, რომ ნოემბერ-დეკემბრის თვეების გამოკვლევაში ბევრი ისეთი პოზიციაა, რომელიც ხელისუფლების პოზიციებს ემთხვევა, ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საზოგადოებრივ განწყობებს თავად უკეთ იცნობენ. ამას ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ნუკრი ქანთარიაც ამბობს, რომლის სიტყვებითაც, NDI-ს კვლევის შედეგები „არ არის უტყუარი ჭეშმარიტება, ეს არის რაღაც გამოკითხვებზე დაყრდნობილი დასკვნა, რომელსაც ვიღაც შეიძლება ენდოს და ვიღაც - არა“:

„NDI-მ სულ რომ ხალიჩები გაგვიფინოს - „თქვენა ხართ, რაცა ხართო", მგონია, არც ის უნდა იყოს დიდად სარწმუნო და არც ახლა ეს შედეგები. ცდომილებები ყოველთვის არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყურად არ იღო“.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, გოჩა თევდორაძის, განცხადებით კი, NDI-ს გამოკვლევაში „მანიპულაციის კვალი ჩანს“:

„სულ დაკარგულია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ამომრჩეველი, რომელმაც ბარიერი გადალახა და დღეს გვაჩვენებენ, თითქოს 3 % იყო. NDI მისთვის სასურველს წარმოაჩენს რეალობად“.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი აკაკი მინაშვილი კი კვლევის საფუძველთან დაკავშირებით ამბობს, რომ მის პარტიას მეტი და გახსნილი მუშაობა მართებს ამომრჩეველთან:

„ნიშანდობლივია, რომ ეს კვლევა ჩატარდა იმ პერიოდში, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წინა, მმრთველი გუნდი ცდილობდა მიხეილ სააკაშვილის დისტანცირებას და ამან, ბუნებრივია, ჩვენს ამომრჩეველში იმედგაცრუება გამოიწვია. ჩვენთვის მთავარი არის ის, რომ ჩვენ, „ნაციონალურ მოძრაობას“, გვმართებს მეტი და გახსნილი ურთიერთობა ჩვენს ამომჩეველთან, ჩვენს მოსახლეობასთან“.

ვინაიდან NDI-ს გამოკვლევის თანახმად, გამოკითხულთა 96-მა პროცენტმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები აღიქვა გამჭვირვალედ, ზეწოლისა და მუქარის გარეშე ჩატარებულად, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელს, ალეკო ცქიტიშვილს, რომელიც არჩევნებს აკვირდებოდა, ვკითხეთ, არსებობდა თუ არა ამგვარი შთაბეჭდილების რეალური საფუძველი. ალეკო ქციტიშვილის თქმით, არჩევნები, მართლაც, გამოირჩეოდა ძალადობის სიმცირით, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციებს მართებდათ მუშაობის უკეთ წარმართვა - კვლავ პრობლემებს ქმნიდა პარტიების, მათ შორის, მმართველი და მთავარი ოპოზიციური ძალის პარტიული აგიტატორების ქცევა არჩევნების დღეს.

საზოგადოებრივი განწყობების კვლევა, NDI-ს დაკვეთით, „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ აწარმოვა 4 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით, გამოიკითხა 3,141 პირი და საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,8 %.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG