Accessibility links

არაფერი გეტკინოთ!


გიორგი მიქელაძე

ექიმი გიორგი მიქელაძე ქრონიკული ტკივილის ცენტრის ხელმძღვანელია კაიზერ პერმანენტის დიდ კლინიკაში, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ სან-ფრანცისკოში, მდებარეობს.

არაფერი გეტკინოთ!
please wait

No media source currently available

0:00 0:09:44 0:00
Direct link

ქართველი წარმატებული ექიმების უცხოეთში ცხოვრება და საქმიანობა ყოველთვის საინტერესოა: როგორ მიაღწიეს წარმატებას? როგორ ხედავენ ისინი ჯანდაცვის სისტემის მდგომარეობას საქართველოში? რა არის მოსაწონი თუ პრობლემური, რისი შეცვლაა საჭირო ან გაუმჯობესება? რა შეიძლება შესძინონ სამშობლოს ქართველმა ექიმებმა, რომლებიც უცხოურ სამედიცინო ცენტრებში მოღვაწეობენ? ამ და სხვა პრობლემებზე დღეს გიორგი მიქელაძე საუბრობს.

„ამერიკაში სრულიად შემთხვევით მოვხვდი“, - ამბობს გიორგი მიქელაძე, სან-ფრანცისკოს კაიზერ პერმანენტის კლინიკის ქრონიკული ტკივილის ცენტრის ხელმძღვანელი. 1990-იანი წლების დასაწყისში რამდენიმე თვით მეუღლე მიუწვევიათ სამუშაოდ მერილენდის უნივერსიტეტში. „ჩვენ რომ წავედით, საქართველოში გათბობა და ცხელი წყალი ჯერ კიდევ ყველას ჰქონდა და შუქიც მუდმივად იყოო“, - იხსენებს გოგი მიქელაძე. მერე მეუღლეს კონტრაქტი რამდენჯერმე გაუგრძელეს, თურმე, და „ამასობაში დაიქცა საქართველოში ყველაფერიო“, ამბობს ღიმილით და დანანებით. მოკლედ, დარჩნენ. და მერე გიორგიმ ჩააბარა ყველა გამოცდა, რომლებიც ექიმობისთვის იყო საჭირო ამერიკაში, მერე გაიარა რეზიდენტურა, ყველა საფეხური ამერიკაში ექიმობისთვის და ახლა ცდილობს იქ მის პაციენტებს არაფერი ეტკინოთ.

დღეს გიორგი მიქელაძის სამსახურს ტკივილის მართვის ცენტრი ჰქვია და პირველი, რაც თვალში და გულში გხვდება, სწორედ ტკივილის საგანგებო ცენტრის არსებობაა. რატომ არის საჭირო, რომ ცალკე არსებობდეს ტკივილის ცენტრი? ტკივილი ხომ ყოველთვის რაიმე ავადმყოფობის თანმდევია! ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასე ვიცოდით და ვთვლიდით, რომ რაც გაწუხებს, „იმის“ ექიმმა უნდა შეძლოს, ტკივილი მოგიხსნას.

გოგი მიქელაძე კი, კაიზერ პერმანენტის კლინიკის ქრონიკული ტკივილის ცენტრის ხელმძღვანელი, ამბობს, რომ უკვე 30-35 წელია, რაც ამგვარი ცენტრები შეიქმნა, რადგან აღმოჩნდა, რომ არსებობს უამრავი ავადმყოფი, რომელთაც შესაბამისი დარგის სპეციალისტები ბოლომდე ვერ კურნავენ. ყველა დარგის ექიმს შეიძლება ჰყავდეს პაციენტი, რომელსაც ზოგჯერ ვერაფრით შველის:

„აი, ვისაც ვერ შველიან და ვისაც ეს ტკივილი 6 თვის, 8 თვის განმავლობაში აქვს, მერე ტკივილის ცენტრში ხვდება. და აქ უკვე მკურნალობ არა კონკრეტულ დაავადებას, არამედ ადამიანს, იმიტომ რომ უკვე ტკივილი, თავისთავად, ქრონიკული ტკივილი, დამოუკიდებელი დაავადება ხდება რაღაც გარკვეული დროის შემდეგ და აქ უკვე ჩვენ საქმე გვაქვს არა დაზიანებასთან, რომელიც იწვევს ამ ტკივილს, არამედ უკვე იმ ცვლილებებთან, რომელიც ნერვულ სისტემაში ხდება და რომელიც უკვე თავისთავად საჭიროებს გარკვეულ მოვლას, მკურნალობას და ასე შემდეგ“.

როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ სწორედ ტკივილის სპეციალისტს მიმართოს? იმიტომ რომ, სიმპტომებიდან გამომდინარე, ის ეძებს რაღაც დაავადებას, რაც ამ ტკივილს იწვევს:

„მაგალითად, წელის ტკივილი გაქვს და მიდიხარ ორთოპედთან. ისინი გარკვეულ მკურნალობას ნიშნავენ, მაგალითად, ვარჯიშებს, ან ინექციებს, ან სულაც ოპერაციას... და მაინც რომ არ გადის ეს ტკივილი, მერე, ბუნებრივია, ეუბნებიან, ჩვენ მეტის გაკეთება აღარ შეგვიძლია და სწორედ ამ კონტინგენტის ავადმყოფებისთვის შეიქმნა ჩვენი სამსახური. უმეტეს შემთხვევაში, ამ ტკივილის მოშორება შეუძლებელია და ჩვენ ვასწავლით, რომ ადამიანმა მაქსიმალურად კარგად შეძლოს ცხოვრება, ტკივილის მიუხედავად“.

რა მეთოდები არსებობს ძლიერი და ქრონიკული ტკივილის მოსახსნელად? ტკივილის, რომლის მსგავსსაც ხშირად ვხვდებით ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ყველა გაიხსენებს, ალბათ, თუნდაც ერთ ადამიანს, ვინც თავისა თუ წელის ძლიერი ტკივილით იტანჯება. მკურნალობის რა ხერხებია ასეთ შემთხვევაში მიღებული, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში?

„ამისათვის ვიყენებთ არა მარტო წამლებს, არა მარტო ამ ინექციებს, არამედ, ასევე, ჩვენ გვყავს ძლიერი ფსიქოლოგიური სამსახური და ამ ავადმყოფებთან ისინი გამუდმებით მუშაობენ, ასწავლიან როგორ იცხოვრონ ამ ტკივილის მიუხედავად, როგორ არ იფიქრონ ტკივილზე“.

და, ალბათ, ამიტომაც გამოიყენება ტერმინი - მართვა.

"დიახ, მართვა. იმიტომ რომ ჯერჯერობით მორჩენა, უმეტეს შემთხვევაში, შეუძლებელია".

მაგრამ ეს, თურმე, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ტკივილის ცენტრში მივიდეს. აი, ასე მაგალითად: „თავი მტკივა და ერთი ტკივილის ცენტრში უნდა შევიარო....“

გიორგი მიქელაძის თქმით, „თავისით ავადმყოფი ჩვენთან ვერ მოვა, აუცილებლად უნდა გამოაგზავნოს გარკვეულმა სპეციალისტმა. და მერე ამ ავადმყოფებს ჩვენ შესაბამისად ვმკურნალობთ. მაგრამ ავადმყოფების რაოდენობა საკმაოდ დიდია და რაც უფრო განვითარებულ ქვეყანასთან გაქვს საქმე, მით უფრო მეტი ფული იხარჯება ასეთი ქრონიკული ავადმყოფების მკურნალობაზე და ქრონიკულ დაავადებებზე“.

ტკივილის მართვა სწორედ ქრონიკული დაავადებების მკურნალობის ნაწილია, როცა ავადმყოფს იმდენად უმსუბუქდება მდგომარეობა, რომ ნორმალური ცხოვრებისა და მუშაობის შესაძლებლობა ეძლევა. გიორგი მიქელაძე ამგვარ პრეპარატებზე საუბრობს და ამბობს, რომ მათ შორის არის ნარკოტიკული საშუალებებიც.

„ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც, საქართველოსგან განსხვავებით, არა მხოლოდ სიმსივნიან ავადმყოფს ეძლევა, არამედ სხვა ავადმყოფებსაც, ძლიერი ართრიტებით, რომელთაც სიარული უჭირთ, სახსრების ტკივილებით და ა.შ. ეს ის წამლებია, რაც ამერიკაში არსებობს, აქ, არა მაგონია, რომ ერთი-ორიც იყოს".

ბუნებრივია, გიორგი მიქელაძეს ნარკოტიკების გავრცელების პრობლემასა და ბოროტად გამოყენების საფრთხეზეც ვეკითხებით:

„არის გარკვეული ნაწილი, სადაც ეს საკმაოდ საშიშია. მიდრეკილება აქვთ ნარკომანიის მიმართ, ცუდად იყენებენ ამ წამლებს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ექიმის ვალდებულებაა, რომ ყურადღებით იყოს.

ახლახან დიდი პრობლემა იყო ამერიკაში... აღმოჩნდნენ ექიმები, რომლებიც ამით ფულს აკეთებდნენ. ხსნიდნენ სპეციალურ კლინიკებს, სადაც ნარკომანები მიდიოდნენ, იხდიდნენ გარკვეულ საფასურს, ექიმი უწერდა რეცეპტს და აფთიაქიდან წამლები გამოჰქონდათ. ცდილობენ, რომ ესეც გააკონტროლონ. ასე რომ, რა თქმა უნდა, ყველგან არის პრობლემები“.

გიორგი მიქელაძე მიიჩნევს, რომ ამგვარი შემთხვევების გამო არ შეიძლება უდანაშაულო ადამიანებს უარი ეთქვათ ტკივილის გაყუჩებასა და ნორმალური ცხოვრების შესაძლებლობაზე და რომ სახელმწიფო შესაძლო პრობლემების პრევენციაზე უნდა ფიქრობდეს და არა რეპრესიულ ზომებზე:

„აი, კალიფორნიაში, როდესაც ჩემთან ავადმყოფი მოდის, საშუალება მაქვს ავკრიფო კომპიუტერზე (არსებობს სპეციალური სამსახური) და ვნახო, წლის განმავლობაში ვინ, ვის და რამდენი ნარკოტიკი გამოუწერა, იმიტომ რომ ხანდახან ასეთი ტიპის ავადმყოფები, რომელთაც მხოლოდ წამალი აინტერესებთ და არა მკურნალობა, სხვადასხვა ექიმთან მიდიან და ეუბნებიან, რომ ტკივილი აწუხებთ და ექიმებიც უწერენ წამლებს. მაგრამ ახლა უკვე ამის საშუალება აღარ არის, იმიტომ რომ ამოწმებ ამას“.

როცა საქართველოში იმავე მეთოდების გამოყენების პრობლემურობაზე ვსაუბრობთ, გიორგი მიქელაძე იღიმება და ამბობს:

„ერი, სადაც ბევრი ადამიანი სვამს, სასაცილოა ნარკოტიკზე ლაპარაკობდეს. სტატისტიკა არსებობს და ხშირად მომყავს, რომ ალკოჰოლს კაცობრიობისთვის გაცილებით უფრო დიდი ზიანი აქვს მოტანილი, ვიდრე ყველა ნარკოტიკს, ერთად აღებულს. აი, ერთი წლის განმავლობაში, მაგალითად, შედარება არ არის, იმდენად დიდია ზიანი, რაც ალკოჰოლს მოაქვს - იგივე ეს მთვრალ მდგომარეობაში მანქანაზე ჯდომა, ჩხუბები, სასმელი და ჯანმრთელობა... ნარკოტიკების მიმართ ასეთი მიდგომა ნამდვილად არ შეიძლება, თუმცა სისტემა კარგად უნდა იყოს ორგანიზებული, კონტროლი უნდა იყოს ექიმის მხრიდან, სახელმწიფოს მხრიდან. მაგრამ მარტო იმის გამო, რომ ეს მავნებელია, ვიღაცა მიეჩვევა, დაიღუპება, ამის გამო უარის თქმა ნარკოტიკზე, როგორც წამალზე, არ არის სწორი“.

როცა უცხოეთში წარმატებული ექიმი საქართველოში ჩამოდის, ყოველთვის გვაინტერესებს, რას ფიქრობს საქართველოში არსებულ ვითარებაზე, რა ძირეულ განსხვავებას ხედავს საქართველოში არსებულსა და დასავლეთის ჯანდაცვის სისტემას შორის. გიორგი მიქელაძის პასუხი ასეთია:

„განსხვავება ამერიკის შეერთებული შტატების მედიცინასა და საქართველოს შორის ექიმების საშუალო დონეშია. იქ გაცილებით უფრო მაღალია ეს საშუალო დონე. მე გამონაკლისებზე არ ვსაუბრობ, გამონაკლისები ყველგან არსებობენ - საქართველოში შეიძლება გენიალური ექიმი იყოს, რომელიც ინფორმაციასაც იღებს და საუკეთესო დონისაც არის. მე საშუალო დონეზე ვლაპარაკობ, რადგან სახელმწიფოს სწორედ საშუალო დონე აინტერესებს, მოსახლეობის უმეტესობა უნდა იყოს ნამკურნალები. ეს საშუალო დონე კი იქაური სისტემის შედეგია. ეს არ არის ჩემი ან სხვა ამერიკელი ექიმების დამსახურება, იქ სისტემა უზრუნველყოფს ამას“.

გოგი მიქელაძის აზრით, მთავარი პრობლემა ჩვენში ის არის, რომ ახალგაზრდა ექიმებს პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება არ აქვთ. სისტემა ისეა აწყობილი, რომ სტუდენტობის პერიოდში პრაქტიკულ საქმიანობას ვერ ეწევიან და პრაქტიკულ მედიცინას ვერ სწავლობენ:

„ამის შემდეგ ხდება რაღაც ცოდნის ნაწილების მოპოვება საზღვარგარეთ. კონფერენციაზე წავა ვიღაც ერთი თვით, ორი თვით, ჩამოდიან და მერე ამ ცოდნას იყენებენ. და კიდევ ერთი მომენტი, რაც დავინახე და რაც საკმაოდ საშიშია: საკუთარ ინტერპრეტაციას აძლევენ საგნებს, რომლებიც ბოლომდე არ იციან და ეს ძალიან საშიშია. ამბობენ: „მე, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ასე ვიცი", რაც სწორი არ არის, რადგან ერთი ადამიანის გამოცდილება არ არის საკმარისი, იმიტომ რომ რაღაც შეცდომა ასეთ დროს ყოველთვის შეიძლება იყოს“.

გამოსავალს კი გიორგი მიქელაძეც განათლებაში ხედავს - „ალბათ, ყველა ამას გეუბნებათო“, თვითონვე ამბობს,

„მე ვფიქრობ, რომ ამისათვის უნდა ჩამოიყვანო რამდენიმე ექიმი ამერიკიდან, ევროპიდან, რომლებიც უკვე პენსიაში გავიდნენ, და იმათ ჩაიბარონ რეზიდენტები, რომელთაც ინსტიტუტი დაამთავრეს. ბევრად უფრო იაფი დაჯდება ეს, ვიდრე საქართველოდან ხალხის გაგზავნა, და მათ შეიძლება, შესაბამისად, შემდეგი თაობები მოამზადონ. ამაზე ბევრი მიფიქრია, დამიწერია კიდეც, თუმცა ჩემს ნაწერებს არასოდეს არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია. ალბათ, ეს არის ყველაზე კარგი გზა, რომ ადრე თუ გვიან დაიწყონ და, მაგალითად, რევმატოლოგია ისწავლონ გამოცდილი რევმატოლოგისგან, ენდოკრინოლოგია - ენდოკრინოლოგისაგან, ქირურგია - ქირურგისგან და ასე რომ მოხდეს, 5-კაციანი რეზიდენტურა რომ იყოს, 8-კაციანი რეზიდენტურა რომ იყოს, ალბათ, ისინი შეძლებენ სწავლას და ავადმყოფებიც, ალბათ, მოიზიდება ის რაოდენობა, რომ რეზიდენტებს სწავლის შესაძლებლობა ჰქონდეთ“.

სხვანაირად რთული იქნებაო, - მიიჩნევს გოგი მიქელაძე. - ექიმობა ხელობაა და ხელობა თუ არ გასწავლა ვინმემ, თუ არ გაჩვენა, რა და როგორ გააკეთო, ზეპირად ვერ ისწავლიო.

დაბოლოს, ამბობს: ორი დიდი პრობლემა ელოდება საქართველოს! და აი, რა არის, მისი აზრით, ეს პრობლემები:

„ერთია სამედიცინო კადრების დაბალი კვალიფიკაციის საფრთხე რამდენიმე წელიწადში და, მეორე, როგორმე თუ გადარჩა ეს ხალხი, ამ ჰაერს თუ გადაურჩა, რასაც თქვენ თბილისში სუნთქავთ. შეიძლება აღარ დაგჭირდეთ არაფერი ამ ჰაერის მერე, არც ექიმი და არც არაფერი, იმიტომ რომ ასეთი საშინელი გრძნობა მე არსად არ მქონია, აი, ამ ჰაერის გამო, რითიც თქვენ სუნთქავთ...“

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG