Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნების მეორე ტური


საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. არჩევნები საქართველოს 50 ოლქში ტარდება და ერთმანეთს, ძირითადად, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები უპირისპირებიან. დამკვირვებლების თქმით, არჩვენებზე მოსახლეობის აქტიურობა მაღალი არ არის.დამკვირვებლები სხვადასხვა დარღვევებზე საუბრობენ.

12:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 12.7% შეადგინა. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა მიხეილ ბენიძემ აღნიშნა, რომ ეს უფრო დაბალი მაჩვენებელია, ვიდრე 8 ოქტომბრის არჩევნებზე იყო დაფიქსირებული. მან ასევე ისაუბრა დარღვევებზეც.მისი თქმით, ძირითადად, დაღვევები პროცედურული ხასიათისაა.

„კენჭისყრის პროცესი უმეტესად მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში მიმდინარეობს. ამ დროისთვის მნიშვნელოვან დარღვევებს მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში აქვს ადგილი,უმეტესად მარნეულის ოლქში“.

რადიო „თავისუფლება“ გაესაუბრა თბილისის სხვადასხვა საარჩევნო უბნების დამკვირვებლებს.

„ამ წუთისთვის 192 კაცია მოსული.8 ოქტომბერს ამ დროს 260-280 კაცი იყო. დარღვევებს რაც შეეხება, მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა. ხუთ წუთში ერთხელ ერთი კაცი რომ შემოვა, რა თქმა უნდა, კარგად აკვირდებიან“, – აცხადებს საიდა ბერია, „თავისუფლებისა და თანასწორობის ცენტრის“ დამკვირვებელი.

„საარჩევნო პროცესი, მთლიანობაში, მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. აქტიურობა არის საკამოდ დაბალი. ამ დროისთვის 85 ამომრჩეველია მხოლოდ მოსული. რაღაც ერთ პატარა ინციდენტს ჰქონდა ადგილი. საჩივარი დაიწერა იმასთან დაკავშირებით, რომ გადასატანი ყუთის ამომრჩეველი მოვიდა და გაჩნდა ეჭვი, რომ სპეციალურად მოიყვანეს უბანზე“, – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გიორგი ბოჟაძე.

„არანაირი ექსესები არ არის. პირველ ტურთან შედარებით აქტივობა ნაკლებია“, – აცხადებსმერი კვირიკაშვილი, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი.

ცესკოს მონაცემებით, უკვე სამი საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 25.3% იყო.

არჩევნების მეორე ტური
please wait

No media source currently available

0:00 0:02:01 0:00

დღის განმავლობაში, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე „ქართული ოცნება“ ერთმანეთს პროვოკაციებში სდებდა ბრალს. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძარობას“ ე.წ. ზონდერები ჰყავს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომლებიც, ვითომდა, არჩევნებზე დაკვირვების მიზნით შექმნა.

სისხლის სამართლის საქმე აღიძრა გორში, სოფელ ქვემო სოდისში, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერის, ალბერტ მერებაშვილის ცემის ფაქტზე. „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ მერებაშვილმა საარჩევნო უბანზე პროვოკაცია მოაწყო და დაპირისპირებაც ამას მოჰყვა. ნაციონალური მოძრაობა კი სხვა დარღვევებზეც საუბრობს. პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა თინათინ ბოკუჩავამ.

„რამდენიმე ოლქში არის დაპირისპირების საფრთხე. ჩვენ ვხედავთ დიდი კონცენტრაციით სპორტსმენებს, რომლებიც იკრიბებიან, მაგალითად, გორში, ქუთაისში, რუსთავში. გორში – განსაკუთრებით დიდი კონცენტრაციაა სოფელ გარეჯვარში, 50-ე უბანთან... ასევე მნიშვნელოვანია ოქროყანა, სადაც კრიმინალური ავტორიტეტის მქონე ადამიანების საკმაოდ დიდი ჯგუფი იკრიბება. ისინი იღებენ ალკოჰოლს და აშინებენ მოსახლეობას. აქაც მივმართავთ შსს-ს, რომ წარმომადგენლები მიავლინონ, რათა არ მოხდეს რამე ძალადობრივი ან სხვა ტიპის დაპირისპირება“.

მისივე თქმით, არის შემთხვევები, როცა ერთი და იგივე ადამიანები სხვადასხვა უბნებზე აძლევენ ხმას. გარდა ამისა, არის ზეწოლისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე ხმის მიცემის ფაქტები, პრობლემები გადასატან ყუთებთან დაკავშირებით. „ნაციონალური მოძრაობა“ საუბრობს იმაზეც, რომ, შესაძლოა, ამა თუ იმ უბანზე, დარღვევების გამო, შედეგები გაბათილდეს.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს 50-ე საარჩევნო უბანთან დაკავშირებით. აქ ვითარება დღის პირველ საათზე იმდენად დაიძაბა, რომ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ პოლიცია გამოიძახა. უბანი რამდენიმე წუთით დაკეტეს. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის ინფორმაციით, საარჩევნო უბანზე აყალ-მაყალი მას შემდეგ ატყდა, რაცერთ-ერთმა დამკვირვებელმა ყვირილი დაიწყო, რომ საარჩევნო კაბინაში რიცხვი 41 ეწერა.

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი არჩილ ყანჩაველი აღნიშნავს, რომ:

„ჩვენი სადამკვირვებლო მისიის მიერ დაფიქსირდა რიგი პროცედურული დარღვევები, მათ შორისაა საარჩევნო უბანზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნა; გადასატანი ყუთით ხმის მიცემის პროცედურის დარღვევა; საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ შევსება და სხვ. ჩვენ მიერ ასევე დაფიქსირდა, ე.წ. კოორდინატორების მობილიზების შემთხვევები საარჩვენო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე. ისინი ჟურნალებში კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის მხარდამჭერების აღრიცხვას აწარმოებენ. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული ქმედება არ წარმოადგენს მოქმედი საარჩევნო კოდექსის დარღვევას, თუმცა, ვფიქობთ, რომ აღნიშნული მანკიერი პრაქტიკა არაპირდაპირი აგიტაციის განხორციელების საშუალებაა“.

დარღვევებზე საუბრობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც. დღის ორი საათისთვის, საია-ს დამკვირვებლებმა 33 საჩივარი დაწერეს და ჩანაწერთა წიგნში 25 შენიშვნა დააფიქსირეს. ორგანიზაციის ინფორმაციით, დაფიქსირებულია შემდეგი დარღვევები: მუქარა და დამკვირვებლების უფლებების შეზღუდვა, დამკვირვებელთა სამკერდე ნიშნების მონაცემების სიზუსტის პრობლემები და სხვ.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG