Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NDI: “ორი პარალელური და განსხვავებული საქართველო”


ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაცია
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაცია

17-21 ივლისს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციამ შეხვედრები გამართა პოლიტიკურ პარტიებთან, კანდიდატებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და სხვ. მათ გამოაქვეყნეს სპეციალური ანგარიში, რომლის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ქართველებს ბევრი მიღწევით შეუძლიათ იამაყონ, მაინც რჩება სფეროები, რომელთა გაუმჯობესებაც საჭიროა. ერთ-ერთი პირველი პრობლემა, რომელზეც დელეგაციის წევრები განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ, არჩევნების დღესთან ძალიან ახლოს სამი რეფორმის პროცესია, რომელსაც გამჭვირვალობა და ჩართულობა აკლია. კვლავ შეშფოთების საგნად რჩება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, რომელიც საქართველოსთვის ძირეული და დიდი ხნის პრობლემაა. სივრცე ერთი შეხედვით პლურალისტური პოლიტიკური დისკუსიებისთვის სულ უფრო ვიწროვდება.აგვისტოში NDI საქართველოში გრძელვადიან დამკვირვებელთა ჯგუფებს ჩამოიყვანს, რასაც არჩევნების დღეს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია დაემატება.

გადმოწერა

ორი პარალელური და განსხვავებული საქართველო - ამ სიტყვებით გახსნა პრესკონფერენცია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს დირექტორმა, ლორა თორნტონმა. NDI-ის საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ოქტომბერში დანიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადების პროცესი შეაფასა. დელეგაციის წევრებმა ხუთი დღის განმავლობაში, 17-დან 21 ივლისის ჩათვლით,შეხვედრები გამართეს პოლიტიკურ პარტიებთან, კანდიდატებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და სხვ. ლორა თორნტონის სიტყვებით, საქართველო ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს მდიდარი დემოკრატიული მონაპოვრით უახლოვდება, თუმცა, მიუხედავად ამისა, დელეგაციის წევრებმა შეხვედრების მსვლელობისას ორად გაყოფილი საზოგადოება აღმოაჩინეს: ერთი ჯგუფი, რომელიც ამბობს, რომ დღეს საქართველოში მხოლოდ მცირე დემოკრატიული გამოწვევებია, მედიისა და პოლიტიკური გარემოს თავისუფლება უზრუნველყოფილია, სასამართლო დამოუკიდებელია და ქვეყანაში რეფორმები ყველა მხარის ჩართულობით ხორციელდება და მეორე ჯგუფი, რომელმაც დელეგაციის წევრებს სულ სხვა, საპირისპირო, რეალობა აღუწერა, კერძოდ, რომ მიმდინარეობს ძალაუფლების კონსოლიდაცია, სამართლებრივი და საკონსტიტუციო რეფორმები მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, პოლიტიკურ ინტერესს ემსახურება, პარტიები და კანდიდატები არათანაბარ სიტუაციაში იმყოფებიან და ალტერნატიული მოსაზრებების გამოთქმისთვის მედიაგარემო ვიწროვდება. ამგვარ სიტუაციას ლორა თორნტონი არასახარბიელოდ მიიჩნევს:

“მიუხედავად ამ ორი ვერსიიდან ერთ-ერთი ვერსიის სიზუსტისა თუ მცდარობისა, ამგვარი განსხვავება არ არის ჯანსაღი და, საბოლოო ჯამში, საზოგადოების გარიყვას უწყობს ხელს. საქართველოს ესაჭიროება გარემო, რომელიც არის გადაწყვეტილების მიმღები, ინკლუზიური, კარგად დაგეგმილი და ზოგად კონსენსუსზე აწყობილი. ჩვენ აი, ამ კონტექსტით შევდივართ წინასაარჩევნო პერიოდში. ადგილობრივი არჩევნები მნიშვნელოვანია. სწორედ ადგილობრივი მმართველობაა ის რგოლი, რომელიც ამყარებს კონტაქტს მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის. ეს არის კანდიდატებისა და პოლიტიკური პარტიებისათვის საუკეთესო საშუალება, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გაკეთდეს აქცენტი”.

დელეგაციის წევრები, რომლებმაც დეტალურად შეისწავლეს თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამზადისი, მათ შორის, მიმდინარე საკონსტიტუციო და საკანონმდებლო რეფორმები, საარჩევნო კოდექსისა და ადგილობრივი ხელისუფლების რეფორმის ჩათვლით, ასევე კამპანიების დაფინანსებისა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საკითხები და მედიაგარემო, ამბობენ, რომ ბევრი მიღწევის და არაერთი მიმართულებით წარმატებისა, მაინც რჩება სფეროები, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებს. ერთ-ერთი პირველი პრობლემა, რომელზეც დელეგაციის წევრები განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ, ეს არჩევნების დღესთან ძალიან ახლოს სამი საწინააღმდეგო რეფორმის პროცესია, რომელსაც გამჭვირვალობა და ჩართულობა აკლია. ლაპარაკია საკონსტიტუციო, საარჩევნო და ადგილობრივი ხელისუფლების რეფორმაზე. კვლავ შეშფოთების საგნად რჩება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, რომელიც საქართველოსთვის ძირეული და დიდი ხნის პრობლემაა. ერთი შეხედვით პლურალისტური პოლიტიკური დისკუსიებისთვის სივრცე სულ უფრო ვიწროვდება. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც განსაკუთრებულ აქცენტს სვამს დელეგაციის წევრი მარია ბაბიჩი, დამოუკიდებელი ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ეს არის საარჩევნო პროცესსა და პოლიტიკურ სივრცეში ქალთა წარმომადგენლობის სიმწირე:

ეს არის პრობლემები, დაფინანსების წყაროებთან დაკავშირებული, და გამჭვირვალობა, რაც ანგარიშშიც იყო ასახული; ასევე ის საკითხები, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებს ეხება, ეს იქნება პოლიტიკურ პროცესში ქალთა წარმომადგენლობა, ასევე, თვითმმართველი ქალაქების სტატუსის გაუქმება...
ნინო ხითარიშვილი

“საქართველოს პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობა მხოლოდ 15 %-ს შეადგენს. საკრებულოს წევრების საერთო რაოდენობიდან მხოლოდ 12 %-ია ქალი და 71 მერიდან და გამგებლიდან მხოლოდ ერთია ქალი. სამწუხაროა, თუკი დაგეგმილი რეფორმებიდან არც ერთი არ შეუწყობს ხელს და არ გააძლიერებს პოლიტიკურ ცხოვრებაში გენდერულ თანასწორობას. ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობისათვის დაწესებული წამახალისებელი ზომები არ გამოდგა საკმარისი იმისათვის, რომ ბარიერები, რომელსაც ქალები პოლიტიკაში ჩართულობის თვალსაზრისით აწყდებიან, აღმოიფხვრას”.

ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელის დელეგაციის წევრებს შეხვდა, იყო „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“. ორგანიზაციის წარმომადგენელი ნინო ხითარიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ დელეგაციის წევრებს არასამთავრობო ორგანიზაციებმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ქვეყანაში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესის გარშემო და ყურადღება განსაკუთრებით გაამახვილეს ადგილობრივი ხელისუფლების რეფორმაზე, რომლის მიხედვითაც, 12 თვითმმართველი ქალაქიდან შვიდის მეზობელ თემებთან შეერთება იგულისხმება:

“ეს არის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები. ეს არის პრობლემები, დაფინანსების წყაროებთან დაკავშირებული, და გამჭვირვალობა, რაც ანგარიშშიც იყო ასახული; ასევე ის საკითხები, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებს ეხება, ეს იქნება პოლიტიკურ პროცესში ქალთა წარმომადგენლობა, ასევე, თვითმმართველი ქალაქების სტატუსის გაუქმება. ამასთან დაკავშირებით გუშინ პრეზიდენტის ვეტოც ვიხილეთ”.

დელეგაციის წევრებმა 21 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე დანანებით აღნიშნეს, რომ წინა არჩევნებისათვის გაცემული რეკომენდაციების დიდი ნაწილი ბოლომდე არ იქნა გათვალისწინებული და, ამასთანავე, გამოითქვა იმედი, რომ მათი ახალი რეკომენდაციები ოქტომბერში დანიშნული თვითმმართველობის არჩევნებისთვის მაინც იქნება მხედველობაში მიღებული. რეკომენდაციები კი მიმართულია როგორც პოლიტიკური პარტიებისა და პარლამენტის, ისე სხვადასხვა სამთავრობო უწყებისა და საარჩევნო ადმინისტრაციისადმი. გარდა ამისა, რეკომენდაციები შეეხება მედიასა და საერთაშორისო საზოგადოებას. პარლამენტისთვის გაგზავნილი რეკომენდაციების მიხედვით, რაკი არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლებია დარჩენილი, უმჯობესია თავი შეიკავონ არჩევნებთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანისგან. რეკომენდაცია ეხება სამართალდამცავ უწყებებსაც, რომლებსაც დელეგაციის წევრები მოუწოდებენ რეაგირება მოახდინონ და დაშინებისა და ძალადობის შესახებ განცხადებები დროულად და ეფექტურად გამოიძიონ.

XS
SM
MD
LG