Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოსთვის ევროკავშირის მნიშვნელობა უკრაინის ფონზე


კარლ ბილდტი
კარლ ბილდტი
საქართველო ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას ხელს ზაფხულის ბოლომდე მოაწერს - ევროკავშირის ეს განწყობა კიდევ ერთხელ დაადასტურა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან, დავოსში გამართული შეხვედრის შემდეგ. რას ფიქრობენ საქართველოში ევროკავშირის მზაობაზე, დააჩქაროს ხელმოწერის პროცესი?

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტის შეხვედრა გაიმართა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც ესწრებოდნენ. როგორც მაია ფანჯიკიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, საუბარი შეეხო საქართველოსთან დაკავშირებულ იმ საფრთხეებს, რაზეც ექსპერტები ამახვილებენ ყურადღებას და რაც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების პარაფირებიდან ხელმოწერამდე დროშია მოსალოდნელი:

„ვისაუბრეთ იმ მოსალოდნელ წნეხზე, რომელზეც ყველა ლაპარაკობს და არცთუ უსაფუძვლოდ, თუკი გადავხედავთ ჩვენი მეზობელი ქვეყნების მდგომარეობას და იქ განვითარებულ პროცესებს, და განვიხილეთ სწორედ ამ მიმართულებით რისი გაკეთება შეუძლია ევროკავშირს“.
ჩვენ ახლა სწრაფად მივიწევთ წინ და იმედი გვაქვს, რომ ხელშეკრულებას ხელი მოეწერება ზაფხულის ბოლომდე და, რა თქმა უნდა, ეს არის შესაძლებლობა საქართველოსთვის გააგრძელოს დემოკრატიული რეფორმების პროცესი, დააჩქაროს ეკონომიკური განვითარება, გააღრმავოს თანამშრომლობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან...
კარლ ბილდტი

მას შემდეგ, რაც უკრაინამ უარი განაცხადა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერაზე, რასაც, ერთი მხრივ, საერთაშორისო საზოგადოების იმედგაცრუება, ხოლო, მეორე მხრივ, უკრაინაში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა, რაც ამ დრომდე გრძელდება, საქართველოში ორი კითხვა გაჩნდა: ხომ არ გადაუხვევს ევროკავშირი თავის გაცხადებულ სურვილს, ხელი მოაწეროს ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას საქართველოსა და მოლდავეთთან და, მეორე, ხომ არ გაძლიერდება საქართველოზე რუსული ზეგავლენა და, ამ ფონზე, საქართველოც ხომ არ დაიხევს უკან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებისგან. ამ ორივე კითხვას პასუხი საკმაოდ ნათლად გაეცა. ჯერ ერთი, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ კიდევ ერთხელ გაიმეორა ევროსაბჭოს პრეზიდენტის ჰერმან ვან რუმპეს მიერ 20 დეკემბერს გაკეთებული განცხადება, რომ საქართველო ზაფხულის ბოლომდე მოაწერს ხელს ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას ევროკავშირთან:

„ჩვენ ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა. მე მივულოცე საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების პარაფირება. ჩვენ ახლა სწრაფად მივიწევთ წინ და იმედი გვაქვს, რომ ხელშეკრულებას ხელი მოეწერება ზაფხულის ბოლომდე და, რა თქმა უნდა, ეს არის შესაძლებლობა საქართველოსთვის გააგრძელოს დემოკრატიული რეფორმების პროცესი, დააჩქაროს ეკონომიკური განვითარება, გააღრმავოს თანამშრომლობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. შვედეთი ამ პროცესს კვლავინდებურად მხარს დაუჭერს. ამაზე ვისაუბრეთ ჩვენ“.

ევროკავშირის ამ მზაობის ფონზე, არც საქართველოში განელებულა ევროპული მიმართულებით სწრაფვა. გეოპოლიტიკური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ფხალაძე ამბობს, რომ საქართველოში ხელისუფლება და საზოგადოება ევროპულ არჩევანთან მიმართებით ერთ აზრს ინარჩუნებს:

”საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი ნამდვილად არის საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არჩევანი და არა რომელიმე პოლიტიკური ძალის აკვიატებული იდეა და, რომ ამ გზაზე ხელისუფლება და საზოგადოება არიან ერთიანი, ეს არის ყველაზე მთავარი კოზირი, რომელიც ჩვენ გვაქვს”.

ევროკავშირის მიმართ ეს დამოკიდებულება განასხვავებს ერთმანეთისგან საქართველოსა და უკრაინას, თუმცა ის, რომ ევროკავშირი, უკრაინაში მიმდინარე პროცესების ფონზე, აჩქარებს საქართველოსა და მოლდავეთთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერას, „ევროპული კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელს, კახა გოგოლაშვილს აფიქრებინებს, რომ ევროკავშირმა საჭიროდ მიიჩნია ნაკლები ბიუროკრატიული ბარიერების შექმნით დააჩქაროს ტემპი იმ მიზნების მისაღწევად, რაც მას აქვს რეგიონის ქვეყნებთან:

„ადრე თუ ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი არ იყო ტემპი და უფრო მნიშვნელოვანი იყო შედეგი, ახლა ტემპმაც მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი განზომილება, იმიტომ რომ ჩვენ პრაქტიკულად მივიღეთ სიტუაცია, როცა მისი მეტოქე, რეგიონალური მეტოქე, გეოპოლიტიკური მეტოქე გახდა რუსეთი და ამ თვალსაზრისით ადგილი აქვს, ასე ვთქვათ, გეოპოლიტიკური ხასიათის ცივ ომს, რომელშიც ხანდახან საჭიროა მოქმედება, რომელიც
კახა გოგოლაშვილი
კახა გოგოლაშვილი
ხანდახან რაღაცის ხარჯზე ხორციელდება, ისეთი რაღაცების ხარჯზე, რაც ადრე ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ახლაც მნიშვნელოვანია, მაგრამ რაღაც მომენტებში შეიძლება დათმოს, ვთქვათ, რაღაც პირობების შეუსრულებლობა იმისთვის, რომ არ დაკარგოს რაღაც უფრო დიდი“.

სამოქალაქო საზოგადოების ფორუმმა „საქართველოს ეროვნულმა პლატფორმამ“, რომელიც 100-მდე არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება შეშფოთებულია უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენებით. ბოლო ორი თვის განმავლობაში უკრაინის ხელისუფლება უგულებელყოფდა ხალხის სამართლიან და მშვიდობიან მოთხოვნებს და, მეტიც, მიიღო სამოქალაქო უფლებების შემზღუდავი კანონები, რითაც მოახდინა დემონსტრანტების პროვოცირება და ამით ხელი შეუწყო საყოველთაო დაძაბულობის ესკალაციას. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი „საქართველოს ეროვნული პლატფორმა“ პროტესტს უცხადებს უკრაინის ხელისუფლებას ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების ხელყოფის გამო და გამოთქვამს იმედს, რომ საერთაშორისო საზოგადოება გააქტიურდება იმისათვის, რომ ქვეყანაში შეწყდეს ძალადობა. ამასთან, უკრაინის სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების 60-ზე მეტი ორგანიზაციის წარმომადგენელი უცხადებს სოლიდარობას მის სამართლიან მოთხოვნებში და მოუწოდებს მტკიცედ იდგეს და არ გადაუხვიოს მშვიდობიანი ბრძოლის გზიდან. განცხადების ხელმომწერები მიმართავენ ევროკავშირის ინსტიტუტებს დაარწმუნონ უკრაინის ხელისუფლება, არ გამოიყენოს ძალა მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ.

როგორც სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის, „საქართველოს ეროვნული პლატფორმის“ წარმომადგენლები ამბობენ, მათი ასეთი დამოკიდებულება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისადმი, პირველ რიგში, განპირობებულია იმით, რომ ისინი, როგორც საქართველოს მოქალაქეები, მხარს უჭერენ ევროინტეგრაციას და ამ პროცესის შეუქცევადობას.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG