Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავიაცია ფაროსანას წინააღმდეგ


სამუშაოები მავნებელი მწერების წინააღმდეგ
სამუშაოები მავნებელი მწერების წინააღმდეგ

სამეგრელოში გრძელდება სამუშაოები მავნებელი მწერის, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ, რომელმაც წელს დასავლეთ საქართველოს დიდ ტერიტორიაზე სხვადასხვა ნარგავის ნაყოფი გაანადგურა. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში, ამჯერად, ავიაციაც ჩაერთვება. პარალელურად, მოსახლეობა ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. 11 სექტემბერს ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის წინ ხალხი შეიკრიბა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ფაროსანასგან მიყენებულ ზარალთან მოსახლეობა მარტო არ უნდა დატოვოს.

ავიაცია ფაროსანას წინააღმდეგ
please wait

No media source currently available

0:00 0:03:34 0:00
გადმოწერა

აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას ვადა 18 სექტემბრამდე მისცეს. მათი თქმით, მავნებელმა მთელი მოსავალი გაანადგურა, რის გამოც, ბანკის ვალების გადახდა არ შეუძლიათ. ისინი სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, აქციების გაგრძელებით იმუქრებიან. თავის მხრივ, სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ კომპენსაციების გაცემა მათი პრეროგატივა არ არის.

იგივე აზრი გამოთქვა ზუგდიდის გამგებლის პირველმა მოადგილემ, მამუკა წოწერიამაც. მისი თქმით, სახელმწიფო მხოლოდ ტექნიკური სამუშაოებით ეხმარება მოსახლეობას და, ინდივიდუალურად, ზარალის ანაზღაურება გათვალისწინებული არ არის:

„მთელი რესურსები მობილიზებულია ისეთ კომპლექსურ ღონისძიებებზე, როგორიცაა შეწამვლები და ცნობიერების ამაღლება მოსახლეობის, თუ როგორ უნდა შეებრძოლონ სოკოვან დავადებებს და მავნებლებს. ინდივიდუალური კომპენსაციების თემა არ განიხილება“

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში ავიაციაც ჩაერთვება. ავიაციის მეშვეობით, სამეგრელოსა და გურიის რეგიონებში 20 ათასამდე ჰექტარი ფართობის სასოფლო-სამეურნეო მასივების დამუშავებაა დაგეგმილი. შეწამვლას 13 სექტემბერს, დილით, სოფელ ანჟელის ტერიტორიიდან დაიწყებენ. სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, მოერიდოს და პირუტყვიც მოარიდოს იმ ადგილებს, რომელიც ქიმიურად უნდა დამუშავდეს.

აღსანიშნავია, რომ ფაროსანას შესახებ ალაპარაკდა აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კან ტანია „ეხო კავკაზასთან“ საუბარში აცხადებს, რომ ამ პრობლემის შესახებ ჟენევის საერთაშორისო შეხვედრაზეც აპირებს საუბარს.

„ახლა თხილს ჭამს, ფიქრობენ, მერე მანდარინზე გადავა. მანდარინების გარეშე უკვე ძალიან გაუჭირდება ეკონომიკას. მერე შეიძლება პომიდორზე გადავიდეს. ამბობენ, რომ უკვე დააზიანა კიდეც პომიდვრები სადღაც. აფხაზეთის ტერიტორიის, დაახლოებით, 80 პროცენტზე უკვე მოდებულია ფაროსანა. აფხაზეთის თითქმის ყველა რაიონშია, ყველაზე მეტად სოხუმისა და გალის რაიონებში“.

ექსპერტების განმარტებით, არაფრით არ უნდა დაუშვან, რომ ფაროსანა აღმოსავლეთ საქართველოსაც მოედოს. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, ზურაბ ლიპარტიას თქმით:

„ამერიკის მაგალითიდან ვიცით, ყველაზე საყვარელი მცენარეები ფაროსანასთვის არის ვაშლი, ატამი, ვაზი, მსხალი... ანუ, თუ გადმოვიდა აღმოსავლეთ საქართველოში, ძალიან დიდი პრობლემა იქნება. მაგრამ აღმოსავლეთ საქართველოში წამლობები ტარდება. 9-10-12 წამლობა ატამზე, ვაზზე და ამ წამლობებში მოყვება, რა თქმა უნდა. საბედნიეროდ, არ არის დაფიქსირებული. ცალკეული შემთხვევები არის, მაგრამ ის რაოდენობა რაც დასავლეთშია, აღმოსავლეთში, საბედნიეროდ, არ არის“.

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, იქ, სადაც საავიაციო სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია, შეწამვლა სპეციალური ტექნიკით, სამანქანე აგრეგატებით გაგრძელდება. ამ დროისთვის სულ დამუშავებულია 83 ათასამდე ჰექტარი ფართობი.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG