Accessibility links

უფლებადამცველებში ეჭვს აღძრავს აზერბაიჯანელი ბლოგერის ციხეში დაღუპვა


მეჰმან გალანდაროვი

ვაშინგტონმა აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოუწოდა, ჩაატაროს გამჭვირვალე გამოძიება აზერბაიჯანელი ბლოგერის დაღუპვის ფაქტზე. მეჰმან გალანდაროვი, რომელიც ნარკოტიკების უკანონო ვაჭრობაში იყო ეჭვმიტანილი, 28 აპრილს გარდაიცვალა საპატიმროში.

"აშშ ღრმა მწუხარებას გამოხატავს აზერბაიჯანელი ბლოგერისა და აქტივისტის, მეჰმან გალანდაროვის, დაღუპვის გამო 28 აპრილს აზერბაიჯანის ციხეში“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 3 მაისს გავრცელებულ სპეციალურ განაცხადებში. აზერბაიჯანის არასამთავრობო ორგანიზაცია „რეპორტიორების თავისუფლებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის“ ცნობით, ციხეში გარდაცვლილი აქტივისტი და ბლოგერი მეჰმან გალანდაროვი ბაქოში არსებულ ფილოსოფიის, სოციოლოგიისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა კოლეჯის მასწავლებლად მუშაობდა. ვაშინგტონი მოუწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, ჩაატაროს ამომწურავი, გამჭვირვალე და დამოუკიდებელი გამოძიება გალანდაროვის სიკვდილის გამომწვევი მიზეზების დასადგენად და საპატიმროდან გაათავისუფლოს ყველა აქტივისტი, რომლებიც საპატიმროში აღმოჩნდნენ ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობისათვის.

აზერბაიჯანის არასამთავრობო ორგანიზაცია „რეპორტიორების თავისუფლებისა და უსაფრთხოების ინტიტუტის“ 29 აპრილის ცნობით, გალანდაროვმა, ოფიციალური ინფორმაციით, თავი ჩამოიხრჩო ბაქოს წინასწარი დაკავების იზოლატორში, თუმცა ადამიანის უფლებათა დამცველი ოქტაი გულალიევი ბუნდოვნად და არადამაჯერებლად მიიჩნევს უფლებადამცველის სიკვდილის გამომწვევ მიზეზს.

გალანდაროვი აზერბაიჯანის მთავრობის კრიტიკოსი იყო და მუდმივად მოუწოდებდა ხელისუფლებას ოპოზიციონერი აქტივისტების, ბაირამ მამადოვისა და ქიას იბრაჰიმოვის, გათავისუფლებისაკენ. ხელისუფლებამ ისინი 2016 წლის მაისში დააკავა მას შემდეგ, რაც 9 მაისს, როდესაც ზოგიერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში კვლავ აღნიშნავენ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს, ბაქოში, ყოფილი პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის, ძეგლზე გააკეთეს წარწერა: „ბედნიერი მონების დღე“. ბაირამ მამადოვი და ქიას იბრაჰიმოვი დააპატიმრეს და 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ნარკოტიკებით ვაჭრობისათვის. ორივე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, მამადოვმა კი განაცხადა, რომ აღიარება მას წამებით გამოსძალეს.

ჰეიდარ ალიევის გარდაცვალების შემდეგ ნავთობით მდიდარ აზერბაიჯანს 2003 წლიდან ერთპიროვნულად მართავს მისი ვაჟი, ილჰამ ალიევი. მას გამუდმებით უხდება კრიტიკის მოსმენა დასავლეთის მთავრობებისა და არასამთავრობო უფლებადამცველი ჯგუფებისაგან, რომლებიც შეშფოთებულნი არიან აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული უმძიმესი მდგომარეობით. ქვეყნის ხელისუფლება ბოროტად იყენებს ძალაუფლებას იმისათვის, რომ ჩაახშოს დისიდენტების ხმა. საპატიმროში შეთითხნილი ბრალდებებით იმყოფება ხელისუფლების კრიტიკოსი არაერთი ჟურნალისტი და აქტივისტი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG