Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიის პარლამენტში ვერც ერთი ოპოზიციონერი ვერ მოხვდა


ბელორუსიის პარლამენტის არჩევნები
ბელორუსიის პარლამენტის არჩევნები
პოლიტიკური ოპოზიციის ვერც ერთი წარმომადგენელი ვერ მოხვდა საკანონმდებლო ორგანოში, რომლის არჩევნები კვირას დასრულდა. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 109 მაჟორიტარი დეპუტატი ამომრჩეველთა უდიდესმა უმრავლესობამ აირჩია. ოპოზიციამ კი, მისივე განცხადებით, ფალსიფიცირებულ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა.

ბელორუსიის პარლამენტში სამი დეპუტატი ეყოლება კომუნისტურ პარტიას და ერთიც აგრარულ პარტიას, რომლებიც, თავის მხრივ, მხარს უჭერენ ქვეყნის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს, პოლიტიკურ კურსს. თავად ლუკაშენკოს, სხვა პოსტსაბჭოთა დიქტატორებისგან განსხვავებით, არ ჰყავს საკუთარი პარტია და ეს მას არც სჭირდება. მაჟორიტარი დეპუტატების აბსოლუტური უმრავლესობა, საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი, ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლებისა და ადმინისტრაციული ორგანოების მოხელეები და ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან. ამიტომ ალექსანდრ ლუკაშენკოს მომდევნო 4 წლის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოს სრული მორჩილება გარანტირებული აქვს. რაც შეეხება ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელმაც ბოიკოტი გამოუცხადა საპარლამენტო არჩევნებს, ალექსანდრ ლუკაშენკომ პრესკონფერენციაზე მათ საჯაროდ „მშიშრები“ უწოდა:

„ესენი არიან, უბრალოდ, მშიშარა ადამიანები, რომლებსაც ხალხისათვის არაფერი აქვთ სათქმელი. ეს არის და ეს. პოლიტიკური ბრძოლა ხომ გარკვეული კანონით ხდება. ნებისმიერი პოლიტიკური პროცესები ვითარდება მხოლოდ ამ პოლიტიკური კამპანიისათვის შესაბამისი კანონებით. ეს ყველამ იცის. ეს თქვენც იცით, როგორც დამკვირვებლებმა, რომლებიც თვალს ადევნებდით ყველა საპარლამენტო არჩევნებს. მეც ვიცი ეს და იცის ყველამ, ვინც ამ პოლიტიკურ ბრძოლაში ებმება.“
ამასთან, პარლამენტს ძალიან შეზღუდული უფლებამოსილება აქვს, ანუ ბელორუსიის პრეზიდენტს შესაძლებლობა აქვს სრულად აკონტროლოს პარლამენტის მუშაობა ...
ალექსეი ზნატკევიჩი

ბელორუსიის ორმა მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ - „გაერთიანებულმა სამოქალაქო პარტიამ“ და „სახალხო ფრონტმა“ - არჩევნებამდე ორი დღით ადრე თქვა უარი უსამართლო არჩევნებში მონაწილეობაზე და მომხრეებს მოუწოდა უქმე დღეები უფრო შინაარსიანად გაეტარებინათ - მაგალითად, წასულიყვნენ სათევზაოდ ანდა ახლობლების მოსანახულებლად. რადიო თავისუფლების ბელორუსული სამსახურის პოლიტიკური მიმომხილველი ალექსეი ზნატკევიჩი ბოიკოტს გამართლებულად მიიჩნევს, რადგან არჩევნები ბელორუსიაში მხოლოდ მაჟორიტარულ ოლქებში ტარდება და პოლიტიკურ პარტიებს არ ეძლევათ შესაძლებლობა მთლიანად წარმოადგინონ თავიანთი საარჩევნო პროგრამები:

„ამასთან, პარლამენტს ძალიან შეზღუდული უფლებამოსილება აქვს, ანუ ბელორუსიის პრეზიდენტს შესაძლებლობა აქვს სრულად აკონტროლოს პარლამენტის მუშაობა. გარდა ამისა, საკანონმდებლო ორგანოს ძალიან შეზღუდული აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებაც. ბელორუსიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატა, რომელიც კანონებს უნდა ქმნიდეს, ძირითადად დაკავებულია იმ პროექტების დამტკიცებით, რომელთა შემუშავებაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხდება.“

ადამიანის უფლებათა დამცველების თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ ძალებს ბელორუსიაში არ ჰქონდათ უფლება ჩაეტარებინათ შეხვედრები ამომრჩევლებთან და ხელი არ მიუწვდებოდათ მედიასაშუალებებზე, ოპოზიციური პარტიის მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს კი საარჩევნო კომისიამ უარი უთხრა რეგისტრაციაზე. საპყრობილეებში დღემდე რჩება 15 აქტივისტი, რომლებიც სამართალდამცველებმა, შეთითხნილი ბრალდებით, 2010 წლის დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნების დღეს საპროტესტო აქციის ორგანიზების გამო დააკავეს. ასეთ არათანაბარ და ძალადობის პირობებში ჩატარებული არჩევნები ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ შეაფასა როგორც არათავისუფალი და არასამართლიანი, თუმცა განსხვავებული დასკვნა წარმოადგინა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სადამკვირვებლო მისიამ, რომელმაც კვირას გამართულ არჩევნებს ბელორუსიაში „დემოკრატიული, თავისუფალი და ქვეყნის კანონმდებლობასთან სრულიად თავსებადი“ უწოდა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG