Accessibility links

18 სექტემბერს დაიწყო სააღმზრდელო წელი ბაგა-ბაღებში. წელს თბილისის ბაგა-ბაღებმა 60 ათასზე მეტი აღსაზრდელი მიიღეს. როგორც ბაგა-ბაღების დირექტორები, ისე მშობლები ამბობენ, რომ ჯგუფებში ბავშვთა გადაჭარბებული რაოდენობაა. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, 2020 წლიდან ამუშავდება ახალი სტანდარტი, რომელიც ჯგუფებში ბავშვთა და აღმზრდელთა თანაფარდობას დაარეგულირებს, მანამდე კი ახალი საბავშვო ბაღების აშენება იგეგმება.

მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქში ყოველწლიურად ახალი საბავშვო ბაღები იხსნება, აღმოჩნდა, რომ მათი რაოდენობა, რომელიც, წლევანდელი მონაცემებით, 171-ს შეადგენს, არ არის საკმარისი. არის შემთხვევები, როდესაც ბაგა-ბაღების თითო ჯგუფში 50-ზე მეტი აღსაზრდელია. ასეა ბაგა-ბაღ „ჩიორაშიც“, რომლის დირექტორი, ეკატერინე მაკარიძე, ამბობს, რომ ასეთ დროს იძულებული ხდება ბავშვებთან დამატებითი პერსონალი შეიყვანოს, მათ შორის ისეთი თანამშრომლები, რომელთა უფლება-მოვალეობებშიც ბავშვებთან მუშაობა არ შედის:

„არის ჯგუფი, სადაც 57 ბავშვია. ამ ჯგუფს აქვს ფართი 2 ოთახი, პლუს აივანი. როცა ერთად ბევრი ბავშვი მოდის ხოლმე, აღმზრდელებს შეძლებისდაგვარად ეხმარებიან ადმინისტრაციის წევრები. დამლაგებელი გვყავს, ჭურჭლის მრეცხავი. ყველა ერთმანეთს ვუწყობთ ხელს“.

2017-18 სასწავლო წელს თბილისის ბაგა-ბაღებმა 60 500-ზე მეტი აღსაზრდელი მიიღეს. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ რიგ ბაგა-ბაღში ბავშვთა გადაჭარბებული რაოდენობის აღმოსაფხვრელად სააგენტომ ბოლო სამ წელიწადში 12 ახალი საბავშვო ბაღი გახსნა, ხოლო უკვე არსებულ ბაღებს 100-ზე მეტი ჯგუფი დაემატა. გარდა ამისა, მისივე თქმით, შენდება კიდევ 13 ახალი საბავშვო ბაღი, რომლებიც 2018 წელს გაიხსნება:

„ერთადერთი პოლიტიკა, რომელსაც ვაწარმოებთ ჯგუფების განტვირთვის კუთხით და, ამასთანავე, ბაღის გარეთ დარჩენილი ბავშვების რაოდენობის მინიმუმამდე დასაყვანად, ეს არის ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა. გარკვეულ საბავშვო ბაღებში ჩვენ მოგვიწევს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჯგუფებში იმაზე მეტი ბავშვის მიღება, ვიდრე იქნებოდა სასურველი. თუმცა 2020 წლისათვის ჩვენ უკვე კანონი არ მოგვცემს ამის შესაძლებლობას. 2020 წლისათვის ბაგაში უნდა იყოს მაქსიმუმ 25 ბავშვი, ხოლო 3-6 წლის ასაკის ჯგუფებში მაქსიმუმ 30 ბავშვი“.

ერთ-ერთი ახალი საბავშვო ბაღი, ნომრით 74, 18 სექტემბერს გაიხსნა პეკინზე. ბაღი აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებისათვის. ია ნინუა, ბაღის დირექტორი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ 350 აღსაზრდელს 70-კაციანი პერსონალი მოემსახურება, თუმცა, ამასთანავე, იმასაც აღნიშნავს, რომ აღსაზრდელების რაოდენობა ამ ბაღშიც ნორმაზე მაღალია:

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო საბურთალოსთვის ამ ბაღის გახსნა. ძალიან ბევრი მოსახლეა და ძალიან ბევრი ბავშვი რჩება ბაღის გარეშე. დღესდღეობით ჯგუფებში მაინც ბევრი ბავშვი გვყავს - 35-დან 40 ბავშვამდე. მართლა ძალიან ძნელია, რომ ამდენ ბავშვს ერთდროულად მიაქციო ყურადღება, სუფრა გაუშალო, აჭამო, დაეხმარო, მაგრამ რომ ვუყურებ, აღმზრდელები მაინც ახერხებენ ამ ყველაფრის გაკეთებას“.

ნინო შარმიაშვილს მეორე წელია შვილი ბაგა-ბაღში დაჰყავს. როგორც ის ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ აღმზრდელები მაქსიმალურად ცდილობენ ბავშვებისთვის კომფორტული გარემოს შექმნას, როდესაც ჯგუფში ბევრი ბავშვია, ყურადღების გადანაწილება ძნელდება:

„პირველად რომ მოდიან, ბავშვები მიუჩვევლები არიან, ტირიან, ყველას ყურადღება უნდა მიაქციო და ფიზიკურად შეუძლებელია, რომ ამდენ ბავშვს ორმა აღმზრდელმა მიხედოს. ვთვლი, რომ ეს არის მთავარი პრობლემა. დანარჩენი თვალსაზრისით, ძალიან კარგი გარემოა, სათამაშოები, აღზრდის მეთოდებიც დამუშავებული აქვთ“.

თემურ თორდინავა, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ამბობს, რომ 2020 წლიდან შემუშავდება ასევე სტანდარტი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება ბავშვთა და აღმზრდელთა თანაფარდობაც.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG