Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო თარხნიშვილის სასტიკი, გულჩვილი და ვნებიანი სიმართლეები


ნინო თარხნიშვილი
ნინო თარხნიშვილი

„ნინო თარხნიშვილი მთელი თავისი მონაცემებით ლიტერატურული გიჟია და მინდა გზა დავულოცო ამ ზიგზაგიან გზაზე, გზაზე, რომელიც სიყალბეს ვერანაირად ვერ იტანს“ - დავწერე 2006 წელს, როდესაც „ჩვენს მწერლობაში“ გამოქვეყნებულ მის პირველ პუბლიკაციას გამოვეხმაურე. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და მან სულ ცოტა ხნის წინ უკვე მესამე კრებული გამოსცა. ბევრი რამ ცხადია ამასობაში შეიცვალა, მაგრამ დებიუტანტ ავტორზე 9 წლის წინ რაც ვთქვი, ის არ შეცვლილა: სიგიჟე და სიყალბის აუტანლობა მასში დარჩა და შეიძლება ითქვას, უფრო გამძაფრდა კიდეც. წიგნს, რომელიც გამომცემლობა „ინტელექტმა“ დაბეჭდა, „ნინო’s Notes” ჰქვია, ვინაიდან წიგნში შესული ტექსტების დიდი ნაწილი თავდაპირველად სოციალურ ქსელში სტატუსებად ქვეყნდებოდა. ეს სტატუსები მინიატურებია, რომლებიც რამდენიმე მიმართულების იყო და წიგნში ისინი ერთმანეთისგან გამოყოფილი და ციკლებად დალაგებულია. სამი ასეთი ციკლია: „ოდები“, რომელიც დღევანდელ საქართველოში არსებულ ყველაზე მძიმე სოციალურ თუ მენტალურ პრობლემებს ეხება; „ნიუსებს მიღმა“, სადაც მწერლის თვალითაა დანახული მსოფლიო კატასტროფები და პოლიტიკური უსამართლობები და „ნინო’s Notes” - ტექსტები ქალის პირად ცხოვრებასა და განცდებზე. თუმცა არის მეოთხე განყოფილებაც და წიგნი ამითიც იწყება. ესაა „7 ამბავი ადამიანებსა და მწერებზე“. ამ ციკლში შესულ მოთხრობებზე ცოტა ქვემოთ ვისაუბრებთ, ახლა კი მოვუსმინოთ ავტორს. „რითი განსხვავდება ეს წიგნი შენი წინა წიგნებისაგან?“ - დამაინტერესა პირველ რიგში ამან, რაზეც ნინო თარხნიშვილმა მიპასუხა:

ნინო თარხნიშვილი: „ეს წიგნი ჩემთვის რამდენიმე მიზეზის გამო არის განსაკუთრებული და ძვირფასი წინა ორი წიგნისგან განსხვავებით. პირველი და უმთავრესი, ალბათ იმიტომ, რომ ამ წიგნში ბევრი სათქმელი დამიგროვდა ქალებისადმი. მგონია, რომ ამ წიგნის წაკითხვისას გოგოები, ქალები, დედები, შვილები და ა.შ. საერთოდ ქალები, შეიძლება რაღაც თემებზე დაფიქრდნენ, რაღაც ძალიან მნიშვნელოვან თემებზე. მაგალითად იმაზე, თუ როგორ დაუდგნენ ერთმანეთს მხარში. მეორე მიზეზი არის ის, რომ ამ წიგნში შესულია ამბები, რომლებიც ვერ ხვდებოდა ჩემს ჟურნალისტურ ტექსტებში იმიტომ, რომ მე, როგორც რეპორტიორს, არ მაქვს უფლება და არ მაქვს არანაირი საშუალება იმისა, რომ ჩემს ემოციებზე ვწერო და ჩემს ემოციებზე რაღაცა ავაგო, ესა თუ ის თემა. ამიტომ ცალი ხელით რომ რაღაც ნიუსებს ვთარგმნიდი, მაგალითად, რადიო თავისუფლების დილის პროგრამისთვის, გამოვდიოდი და მეორე ხელით ვწერდი ჩემს ემოციებზე და აქ, ამ წიგნში, ერთი თავიც - „ნიუსებს“ მიღმა - ეთმობა ამას. ამიტომ აქ შეიძლება გადააწყდეს ადამიანი ამბავს, თუ როგორ აფეთქდა ყანდაარში მანქანა და როგორ დაიხოცნენ ადამიანები, ან ფუკუშიმას ატომურ სადგურში როგორ ებრძოდნენ იაპონელები ამ რთულ ამოფრქვევას ცნობილი ცუნამის დროს და ა.შ. და ა.შ.“

ნინო თარხნიშვილი ახერხებს ხელისგულისოდენა ტექსტებში ჩადოს დიდი სიმძაფრე და ამავე დროს კონკრეტული მესიჯი გაუგზავნოს მკითხველს. უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით - სამყაროს, რადგან მისი ნაწერები არ ჰგავს იმ ნაწერებს, რომელიც მკითხველისთვის იქმნება. „მკითხველების სექტა“, „ინტელექტუალების სექტა“ მას ალბათ ყველაზე ნაკლებად აინტერესებს. ის თავისთვის ცდილობს ამ სექტის მიღმა მყოფ ადამიანებს რამენაირად დაელაპარაკოს მათ უბედურებებზე, შეცდომებზე, იმ უსამართლობებზე, რაც შეუძლებელია აირიდო, ან თუ ივარგებ, სწორი მიმართულებით წარმართავ შენს ფიქრებსა და ემოციებს, შეიძლება შეებრძოლო და აირიდო კიდეც. მან არ იცის, ვინმეს რამეს გააგონებს თუ არა, მაგრამ მაინც ცდილობს, რადგან სხვანაირად არ შეუძლია. ის ხან სასტიკია, ხან გულჩვილია, ხან ვნებიანია და წიგნში მთელი მისი ეს ნერვული სისტემა ფეთქავს.

„ნინო’s Notes” მხატვარმა მაკა ბატიაშვილმა გააფორმა. ნინო თარხნიშვილის პირველი წიგნიც მისი ნამუშევრით იყო გაფორმებული. ამიტომ მაკას ვთხოვეთ თავისი აზრი გამოეთქვა ამ კრებულზე.

მაკა ბატიაშვილი
მაკა ბატიაშვილი

მაკა ბატიაშვილი: „მე ეს ნოუტები მქონდა წაკითხული მის ფეისბუქის გვერდზე. დიდად ნიუსფიდს არ ვათვალიერებ ხოლმე, უბრალოდ იმიტომ, რომ დროის კარგვა მგონია, მაგრამ ნინოს პოსტებს არასდროს ვტოვებ, - ეტყობა, მწერლები რას წერენ, მაინტერესებს, - და ასე თუ ისე ვიცნობდი მის, ასე ვთქვათ, ნოველებს, მაგრამ, როდესაც გამოვიდა წიგნი, და როდესაც წავიკითხე თავიდან, თითქოს უბრალოა, თითქოს ძალიან ყოფითი თემაა, რაღაც ძალიან ბევრი დეტალია, მაგრამ აი, ეს არის ზუსტად, ამით მომწონს მისი შემოქმედება, რომ არის ძალიან ემოციური და ძალიან დასამახსოვრებელი და სულისშემძვრელი. მე ვერ ვიტყოდი, რომ ძალიან მგრძნობიარედ წერს, მე ვიტყოდი, რომ თითქოს მაინც გვერდიდან უყურებს ამ ყველაფერს, მაგრამ აქ არის ზუსტად მისი წერის ხიბლი. აი, იგივე ეროტიკული მომენტებიც ძალიან ზომიერად არის, რაღაც მომენტში თითქოს გაგდებს და გგონია, რომ ეს გაგრძელდება, მაგრამ იქვე მთავრდება, და მე მომწონს მისი ეს ზომიერება, რომ არ არის აქ დიდი რაოდენობით, რაც ძალიან ხშირადაა თანამედროვე წიგნებში, თითქოს ამით უნდათ, შოკში ჩაგაგდონ და უფრო კარგად დაიმახსოვრო ეს ნოველა თუ ტექსტი... და ნინოსთან არის შეიძლება თითო ნოველაში რაღაც ერთი ფრაზა, მაგრამ რაღაც ისეთი ძალა აქვს, რომ საკმარისია აბსოლუტურად. ის არის კიდევ საინტერესო, რომ ნინოს პიროვნულად არ ეტყობა მისი სამყარო და მას ვერ დაინახავ, თუ არ წაიკითხე. მას ერთგვარი კედელი აქვს აშენებული, ანუ არ ეტყობა, თუ რამდენად მგრძნობიარეა და რამდენად აკვირდება ამ დეტალებს და როდესაც კითხულობ, ზუსტადაც ხედავ, თუ ის რამდენად სხვანაირი ადამიანია.“

როგორც მაკა ბატიაშვილმა აღნიშნა, ნინო თარხნიშვილი არაა ისეთი მწერალი, რომელიც სპეციალურად ცდილობს, რაღაც შოკისმომგვრელი დაწეროს, რათა მკითხველზე ზემოქმედება მოახდინოს. ის არანაირად არაა ეპატაჟისტი, მაგრამ იმ სივრცეებში, რომელთაც იგი ეხება, იმდენი წარმოუდგენლად საშინელი რამ ხდება, რომ ზოგიერთი ტექსტი თავისთავად გამოვიდა შემზარავი და გულისმომკვლელი. ორ ასეთ მოთხრობაზე ახლა თავად ნინო მოგითხრობთ.

ნინო თარხნიშვილი: „მოთხრობა X=3 ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში დაიწერა. „ინსომნია“ - არის ასეთი პროექტი, რომელიც ჟანრობრივ ფესტივალს წარმოადგენს და მე ჟანრად ავირჩიე ჰორორი. მოკლედ, ამბავი არის თვითონ ასეთი საშინელი. რამდენიმე წლის წინ მოხდა ეს სამწუხარო ამბავი, რომელიც მე სრულიად შემთხვევით გავიგე ახლობლისგან: თუ როგორ დაუკლა დედამ საყვარელი კურდღელი თავის რვა წლის გოგოს, იმიტომ რომ მან მათემატიკაში ვერ მიიღო ისეთი ნიშანი, როგორიც დედას უნდოდა, შემდეგ მოამზადა ამისგან კერძი და აჭამა თავის შვილს. ყოველთვის მიტრიალებლდა ეს ამბავი თავში და მინდოდა რომ რაღაც დამეწერა, რაღაც გამეკეთებინა ამაზე. სიუჟეტი არ გამომივიდოდა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი უნდა ყოფილიყო ძალიან კონფიდენციალურად გაკეთებული და მივხვდი, რომ რესპონდენტებს ვერ ვიპოვიდი. ამიტომ იქცა ეს ასეთ ერთგვარ მოთხრობად. მოთხრობა არის იმაზე, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ბავშვობაში გადატანილ სტრესს, მშობლის არასწორ მიდგომას შვილისადმი. რაც შეეხება მეორე პროექტს, რომელიც სამწუხაროდ არ შედგა, ეხებოდა ფემიციდს. ეს საკითხი გასულ წელს ძალიან მწვავედ დადგა საქართველოსთვის: 20-ზე მეტი ქალი მოკლა ქმარმა, ყოფილმა პარტნიორმა თუ ა.შ. გაერთიანდა რამდენიმე მწერალი, რომლებმაც დაწერეს მოთხრობები იმ რეალურ ამბებზე, რაც დატრიალდა გასულ წელში. ერთ-ერთი ამბავიც სწორედ მე შემხვდა, თავად შევარჩიე იგი: ერთ-ერთ სოფელში როგორ მოკლა ქმარმა თავისი ორსული ცოლი და შემდეგ თავი ჩამოიხრჩო, თავი მოიკლა და ამ ყველაფერს მისი არასრულწლოვანი შვილები შეესწრნენ.“

და მაშინ, როდესაც ასეთ თემებზე წერს, ამავე დროს, ნინო თარხნიშვილს შეუძლია ასეთივე მართალი ემოციებით წეროს და განიცადოს მის აბაზანაში მცხოვრები ალბინოსი ტარაკნის სიკვდილი, ან იმ ბუზის, რომელსაც ფანჯარა არ გაუღო და ამის გამო გარეთ გაიყინა. ანუ ტრაგედიების ამპლიტუდა ამ მომცრო კრებულში ძალიან დიდია, მაგრამ რაც მთავარია, როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ნინო სიყალბეს ვერანაირად ვერ იტანს და ამიტომ დარწმუნებული ვარ, ეს წიგნი ბევრ ადამიანს მოხვდება გულში და მწარე, მაგრამ ყველაზე საჭირო ფიქრებს აუშლის. მთავარია, წაიკითხონ!

XS
SM
MD
LG