Accessibility links

გამომცემლობა "ინტელექტმა" ცოტა ხნის წინ გამოსცა რეზო თაბუკაშვილის რომანი "13 დღე". წიგნის ყდაზე შავ-თეთრი ფოტოა, რომელზეც ორი გოგო და ერთი ბიჭი ერთად დგანან, მაგრამ კადრი მათ მხრებთანაა მოჭრილი. ანუ, ვინ ვინაა, ვერ დაადგენ, თუკი ძალიან ახლობელი არაა და ფეხებით ან ჩაცმულობით ან დგომის მანერით არ გეცნო. თუმცა რომც გეგონოს, რომ იცანი, ბოლომდე დარწმუნებული ამაში მაინც ვერასდროს იქნები.

please wait

No media source currently available

0:00 0:08:49 0:00
Direct link

ფოტო ეპოქაზეც არ აკეთებს ზუსტ მინიშნებას. ჩაცმის სტილმა საბჭოთა პერიოდიც შეიძლება გაგახსენოს, 90-იანი წლებიც და არც დღევანდელობას გამორიცხავს, თუმცა კი მის სიმპტომურ სურათ-ხატად ვერ გამოდგება. შეიძლება ითქვას, რომ გურამ წიბახაშვილის მიერ წიგნისთვის შერჩეული ეს იმიჯი ძალიან ზუსტად გამოხატავს ტექსტის ხასიათს, რომანის მთავარი ინტრიგის ესთეტიკას. რეზო თაბუკაშვილი „13 დღეში“ ზელს ერთმანეთში არა მხოლოდ პერსონაჟებს, არამედ დროებსაც და რაღაც გაუგებარ მატერიას იღებს, სადაც თხრობის ორი მთავარი ხაზი თითქმის მთელი რომანის განმავლობაში ორი პარალელური წრფესავით გვერდიგვერდ მიდის, მაგრამ საბოლოოდ, ავტორის ნებით, ეს წრფეები იკვეთება, ანუ ტექსტის სივრცე ევკლიდური კი არ აღმოჩნდება, არამედ ლობაჩევსკისეული. რა ხდება უფრო კონკრეტულად ამ სივრცეში, ამაზე ცოტა ქვემოთ ვისაუბროთ, ახლა კი პოეტ გაგა ნახუცრიშვილს მოვუსმინოთ:

გაგა ნახუცვრიშვილი
გაგა ნახუცვრიშვილი

"თავიდან ვიტყვი, რომ მომეწონა ამ რომანის სტილი. სიტყვაუხვობა, კარგი გაგებით, და მხატვრული თხრობა, ვინაიდან თანამედროვე პროზაში, რაც დრო გადის, თითქოს ღარიბდება თხრობის სტილი. მე არ ვამბობ სისადავეს და სიმარტივეს თხრობისა, რაც ძალიან რთული მისაღწევია ნებისმიერი მწერლისთვის. აქ ვგულისხმობ პრიმიტიულ თხრობას, აი, ამ დონეზე: წავიდა, მოვიდა, შეჭამა, დალია და ა.შ. ეს მხოლოდ ჩვენთან არ არის გახშირებული, რაც თანამედროვე მხატვრული ლიტერატურის კრიზისს მიანიშნებს, ჩემი აზრით."

რეზო თაბუკაშვილი გვიყვება იმ თაობაზე, რომელიც 90-იან წლებში 18-19 წლის იყო, ახლა კი, დაახლოებით, ორმოცისაა. თხრობაც ამ ოც-ოცდახუთწლიან შუალედში მოძრაობს. რომანი იწყება იმით, რომ დეპრესიაში მყოფი თინა მიდის ფსიქოთერაპევტ სანდროსთან, მაგრამ ურჩევნია, რომ ის ისტორია, რომელმაც მძიმე ტრავმა მიაყენა, ექიმს წერილობით მოუთხროს. სანდრო თანხმდება პაციენტთან ასეთ ურთიერთობას და ტექსტის ერთ მთავარ ხაზს ეპისტოლარული ფორმა ქმნის, სადაც თინას მიერ მისი და გეგეს სასიყვარულო ისტორიაა მოთხრობილი. ეს ამბავი, როგორც თავად თინა ამბობს, „ძველია“, არადა ისინი პატარები და გამოუცდელები არ არიან და გარემოც, სადაც მათი ურთიერთობა ვითარდება, დღევანდელობა უფროა, ვიდრე „ძველი დრო“: მაგალითად, გაგა არქიტექტურულ ტენდერებში მონაწილეობს, თინა „რეაბილიტაციის და გამოსწორების გზაზე შემდგარ“ გეგეს განტვირთვის მიზნით ფეისბუკს უხსნის, თუმცა მას ფეისბუკი საშინლად არ მოეწონება და ეუბნება, ეს „შხამტყორცნის პოლიგონი“ მომაშორეო. მეორე მხრივ, ლიკა, რომელთანაც ჯერ თინა დამეგობრდება და მერე გეგეც, აფხაზეთის ომის დროსაა დაჭერილი შვიდი წლით. თინა მას პატიმრობის პერიოდში გაიცნობს, მაშინ, როცა გეგესთან უკვე ცხოვრობს, ანუ გამოდის, რომ თინას და გეგეს ურთიერთობა 90-იან წლებში დაიწყო და მართლა „ძველია“. მაგრამ წიგნის კითხვისას ამ შეუსაბამობებს ვერც ამჩნევ. ავტორი 90-იან წლებსა და დღევანდელობას შორის თავის პერსონაჟებს ეშმაკურად ამოძრავებს, ასაკს თუ გარემოს ისე უცვლის, რომ რეალისტური თხრობის კალაპოტიდან არ გადის, თვალისთვის შეუმჩნევლად ამრუდებს სამოქმედო სივრცეებს და ბოლოს მათ მუტაციასაც ახდენს.

ექიმი სანდრო კი, რომელიც თინას მონათხრობს კითხულობს, მეორე ხაზს ქმნის. ალკოჰოლიზმისაგან თავის დასაღწევად მასთან მიჰყავთ ქალი, რომელშიც იგი ვერიჩკას ამოიცნობს, თავის პირველ შეყვარებულს. 13 წლის მოზარდების პირველი გრძნობები თავიდან იღვიძებს მათში. ძველი ლიკანი, სადაც ერთმანეთი გაიცნეს, 25 წლის შემდეგ ახალი ლიკანით იცვლება და აქაც ორი დრო ერთმანეთში იჭრება, ძველი ახალს ამღვრევს...

აი, ეს ორი პარალელური ხაზია, ბოლოს რომ უნდა გადაიკვეთოს.

"რეზო როგორც წერს, რომანის გმირები არიან "დალეწილი სულის" და "დანგრეული ურთიერთობებით". ქალების სახეებია ძალიან საინტერესო. ქალებს მივყავართ სწორედ მოულოდნელობისკენ - თინას და ლიკას. ვერიჩკაც ცალკე ხაზია, ძალიან საინტერესო. კითხულობ და გრძნობ, რომ ასეთი ურთიერთობებით ტრაგედია არის გარდუვალი. გეგე კრავს ამ ამბავს, მაგრამ, ჩემი აზრით, სწორედ თინა და ლიკა განაპირობებენ რომანის მოულოდნელ განვითარებას და დეტექტიურ სიუჟეტს. ფსიქოთერაპევტის სახეც ძალიან საინტერესოა, ხედავ, მისი სულიც როგორი დალეწილია და თავადაც არ აწყენდა, მე მგონი, თერაპია. ამ პერსონაჟს შემოაქვს გროტესკი და რაღაცნაირად სევდიანია.

არის გამონათებები. გმირებს უნდათ სიყვარული, ნამდვილი ურთიერთობა, მაგრამ თითქოს იმდენად დაცლილები არიან, ამ ეპოქამ, ამ დრომ იმდენად გადაუარა მათ, რომ ცვლილების ძალა, ხელახალი სიცოცხლის დაწყების ძალა არ შესწევთ. მაგრამ რომანი მაინც გამონათებით მთავრდება, როცა რეზო ერთ-ერთ მთავარ გმირზე, განგებ არ ვიტყვი რომელზე, წერს სულ ბოლო წინადადებას, რომ ის გაცურავს, რადგან კარგი ცურვა იცის. და ამან დამაფიქრა, რომ ჩვენ ახლა კიდევ სხვა დროში ვცხოვრობთ, მაგრამ ისევ ღია ზღვაში ვართ და სხვა გზა არ არის: კარგი ცურვა ხომ ვიცით და უნდა გავცუროთ და ეგ არის," ამბობს გაგა ნახუცრიშვილი.

დეტექტიურობა, რაც გაგა ნახუცრიშვილმა ახსენა, ფსევდოდეტექტიურობაა, ვინაიდან ჟანრული კანონები აქ საერთოდ უგულებელყოფილია და ლოგიკურ ანალიზსაც არაფერი ექვემდებარება. აქ არც ჩეხოვის წესი მუშაობს, ანუ ის იარაღი კი არ გაისვრის, რომელსაც ყველას დასანახად ჩუქნიან სანდროს, არამედ სულ სხვა. და აქ არც ის ბიჭი კლავს გეგეს, რომელიც მას ვაკის პარკში ძალიან აგრესიულად უყურებს. ბუნუელს უყვარდა ხოლმე ასეთი ცრუ სიმბოლოების შემოგდება თავის ფილმებში. მთავარი გმირების სამოქმედო არეალშიც არცთუ იშვიათად ჩნდებიან და მალევე ქრებიან ადამიანები, რომლებიც სიუჟეტურ ხაზზე პირდაპირი გაგებით არანაირ ზეგავლენას არ ახდენენ: მეთევზე კიჭა, გეგეს მამა, ნარკომანი არამიანცის საავადმყოფოში და სხვები. ანუ ავტორს ისინი დეტექტიური ინტრიგის დასახლართად კი არ სჭირდება, არამედ იმ სინგულარულობის შესაქმნელად, რომელშიც მთავარი ბედისწერების ფატალურობა იქნება და არა ის, თუ კონკრეტულად ვის რა დაატყდა თავს.

დაბოლოს, რომანის ენა ის ენაა, საბჭოთა პერიოდიდან რომ იღებს სათავეს. რუსული ფრაზებით სავსე სასაუბრო მეტყველება და რუსული ბარბარიზმებით სავსე ჟარგონი, ჩვენი მშობლების და ჩვენი ლექსიკური მასალა, რომელიც ასე თუ ისე დღესაც ტრიალებს, მაგრამ ახალი თაობებისთვის უკვე დაძველდა და მეჩვენება, რომ ლიტერატურასაც, ცოტა არ იყოს, თავი მოაბეზრა. ამიტომ უკვე არცაა აუცილებელი ნატურალიზმი, რაღაც სხვა ხერხები უნდა მოისინჯოს.

გაგა ნახუცრიშვილის თქმით, "ენა უნდა იყოს გმირიდან გამომდინარე და ვფიქრობ, ასეთმა გმირებმა ასე უნდა იმეტყველონ, ვინაიდან ამ ეპოქაში ასე მეტყველებდნენ და, პირიქით, სხვანაირად რომ იმეტყველონ, ჩემთვის არაბუნებრივი გამოვიდოდა. და ვისთვისაც უცხოა ეს მეტყველება, იმისთვისაც, პრინციპში, ეს გმირი საინტერესო გახდება, იმიტომ რომ მისი ქცევა და მეტყველება მაინც ორგანულია. თუნდაც თინეიჯერები უფრო დაინახავენ ამ გმირებს და იმ მძიმე ეპოქას უკეთ აღიქვამენ".

ერთი წინადადებით თუ შევაჯამებთ, რეზო თაბუკაშვილის „13 დღე“ არის თაობასა და ეპოქაზე დაწერილი წიგნი დასამახსოვრებელი, ცოცხლად გამოძერწილი გმირებით, რომლებიც, ამავე დროს, სიმბოლური ფიგურები არიან და ერთმანეთს ენაცვლებიან.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG