Accessibility links

ეგზისტენციალური "გულისრევა" პოსტმოდერნული გადმოსახედიდან


ქართულ თარგმანს რომ უთვალავი თეთრი ლაქა აქვს, ეს ყველასათვის ნათელია და ამას ობიექტური მიზეზებიც აქვს: 70-წლიანი საბჭოთა რეჟიმი, როდესაც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მწერალი სხვადასხვა ნიშნით ტაბუირებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ იმპერიის პროვინციაში უფრო ხერხდებოდა ამ ტაბუების დარღვევა და შეზღუდვებზე გადაბიჯება, მსოფლიო ლიტერატურისთვის გარდამტეხი მნიშვნელობის მქონე ბევრი წიგნის თარგმნა მაშინ მაინც ვერ მოხერხდა და დღეს ინტენსიურად მიდის მცდელობები ამ ტექსტების, თუნდაც ძალიან დაგვიანებით, გადმოქართულების. ერთ-ერთი ასეთი თეთრი ლაქა შარშანდლამდე იყო ჟან-პოლ სარტრის „გულისრევაც“. იგი როგორც იქნა ითარგმნა. ახალმა გამომცემლობა „ალეფმა“ ეს რომანი თავის პირველ წიგნად დაბეჭდა. მთარგმნელია თინათინ ღარიბაშვილი. წიგნს ნანა ჩაჩუას წინათქმა უძღვის.

ამ რომანის ხელში დაჭერა და გადაფურცვლა მაშინვე კითხვათა კორიანტელს ბადებს. ყოველ შემთხვევაში, მე ნამდვილად ასე დამემართა. ჯერეს ერთი, რატომ ვერ მოხერხდა მისი თარგმნა თუნდაც საბჭოთა პერიოდში, მაშინ, როცა კამიუს, ბეკეტის, იონესკოს, კაფკას ტექსტებმა საბჭოთა ცენზურის ბარიერის გადალახვა მოახერხეს? შეუძლებელია, „გულისრევაზეც“ არ ყოფილიყო მაშინ ფიქრი მთარგმნელებს შორის. პერესტროიკის დროს რუსულად ხომ ითარგმნა. უცნაური ეჭვი მიჩნდება, რომ იმ პერიოდის მთარგმნელებმა და გამომცემლებმა ქართველ მკითხველს ასეთი სახელწოდების წიგნი „არ აკადრეს“, თორემ რომ მოენდომებინათ, აშკარად პრობლემა არ იქნებოდა მისი გამოცემისა. თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ ვარაუდებია, რეალობა კი ისაა, რომ ამის მერე ქვეყანას დამოუკიდებლობის მეოთხედი საუკუნე კიდევ დასჭირდა, რომ ეგზისტენციალური პროზის კლასიკა ეთარგმნა. არადა, დღეს მისი აქცენტები და ჟღერადობა აშკარად სხვანაირად ისმის და აღიქმება. თუ როგორი კულტურული გავლენა მოახდინა მან 1938 წელს, როცა გამოვიდა, ეს კარგადაა ცნობილი. თავად მე, როცა 80-იანების ბოლოს თუ 90-იანების დასაწყისში, რუსულ თარგმანში წავიკითხე ეს წიგნი, მახსოვს ის ძლიერი ეფექტი, რომელიც მან მოახდინა. არადა ახლა, 25 წლის შემდეგ როცა მეორედ მივუბრუნდი ამ რომანს, ისე აღარ იმოქმედა. მწერლის ობიექტური თვალით შევეცადე შემეხედა განწყობილების ამ ცვალებადობისთვის, მიზეზების სუბიექტურობაზეც ვიფიქრე, დასკვნა კი ის იყო, რომ რათა "გულისრევა" დღევანდელი გადმოსახედიდან სწორად დავინახოთ, ამისათვის კონტექსტებისა და პარადიგმების ცვალებადობას უნდა მივადევნოთ თვალი. ამაში კი ფილოსოფოსი გიგი თევზაძე დაგვეხმარება.

გიგი თევზაძე: რომ გამოვიდა, ეს რომანი გახდა ძალიან პოპულარული. ფაქტობრივად, ნობელის პრემია მაგაში მიანიჭეს სარტრს და მაშინ კამიუს "უცხო" გამოსული არ იყო, რეალურად პირველი ეგზისტენციალური რომანი იყო და ამიტომ ძალიან პოპულარული. თუმცა ეს რომანი ნელ-ნელა კარგავს თავის გავლენასაც და თავის პოპულარობასაც და შეიძლება ეს არის ყველაზე საინტერესო ამ რომანში. იმიტომ რომ, ახლა, პრინციპში, დარწმუნებული ვარ, თანამედროვე ხალხი ამას რომ წაიკითხავს, სადღაც ალბათ შეხედავს როგორც ისტორიულ მოცემულობას და არა ისეთ რომანს, როგორც მაგალითად "უცხოს". რომ შევადაროთ ახლა "გულისრევა" და "უცხო", ცა და დედამიწაა. "უცხო" ახლაც მნიშვნელოვანია, "გულისრევა" - არც ისე. რატომ? ჯერ ერთი იმიტომ, რომ - ამას ბევრი ამბობდა ისედაც, მაშინაც, როცა გამოვიდა, - ეს იდეალოგიური რომანია. რომ ეს არის უფრო ფილოსოფიური იდეების მოყოლა ტექსტის საშუალებით, ვიდრე რაცაა ლიტერატურა, და მაგალითად, რაკი "უცხოს" შევადარე, რაც "უცხოა" - ანუ გამოცდილების გადმოცემა და გაზიარება, ანუ იმ გამოცდილების, რომელიც შენ არა გაქვს. - ალბათ უფრო მეტად ამიტომ. იდეოლოგიური რომანები, რაც არ უნდა კარგი იდეებითა და სურვილებით იყოს დაწერილი, ძველდებიან ყველა ვარიანტში. მარტივია ამაზე პასუხი: იმიტომ რომ ისინი ცდილობენ ერთი იდეა ბევრნაირად შეფერილი და ბევრნაირად განსხეულებული გადმოსცენ, მაშინ, როდესაც ლიტერატურა არის იმისათვის, რომ მოუყვეს მკითხველს თუ მსმენელს გამოცდილების მრავალფეროვნება, რომელიც ორ სიტყვაში თუ სამ წინადადებაში არ გამოითქმის. ეს არის ფორმალური ფონი "გულისრევის".

და მაინც: რა გულისრევაზეა ლაპარაკი? რომანის მთავარ გმირს, ანტუან როკანტენს სამყაროს აღქმა მოულოდნელად კარდინალურად ეცვლება. გარემო, ადამიანებით დაწყებული, ნივთებით და მცენარეული სამყაროთი დამთავრებული, ერთნაირ განცდას იწვევს მასში: ყველაფერს თითქოს გარსი ეხსნება და თავის ამაზრზენ ბუნებას ავლენს. ხის ფესვების დანახვაც კი მასში გულისრევის შეგრძნებას ბადებს. გარემომცველი სამყაროს ასეთი გლობალური მიუღებლობა მის ყოველდღიურ ყოფას გაუსაძლისს ხდის. ეშმაკი დეტალებშიაო და ანტუანს თითქოს სწორედ ეს დეტალებში ჩასახლებული ეშმაკი აჩვენებს თავს. სარტრი ასეულობით გვერდზე აღწერს როკანტენის ამ განწყობას. ის დადის კაფეებში, ბიბლიოთეკაში, ქალაქის ქუჩებში, ხედავს ადამიანებს და ნივთებს, თუ შეიძლება ასე ითქვას, მსხვილი ხედით და ეს ყველაფერი კომიკურია, შეუსაბამოა, აზრსმოკლებულია. ამ ვიზუალურ მხარეს, რომელსაც სხვა ფსიქოსომატური შეგრძნებებიც ემატება, ფიქრთა დინება მოაქვს და სწორედ ამ ფიქრთა დინებაში იკვეთება სარტრის იდეოლოგიაც. მოვუსმინოთ კვლავ გიგი თევზაძეს.

გიგი თევზაძე
გიგი თევზაძე

გიგი თევზაძე: ეგზისტენციალისტები ცდილობდნენ ეპისტემიოლოგიურ გამოუსავლობაში, რაც კანტმა და სხვებმა დაადგინეს, ეპოვათ სინამდვილეზე გასასვლელი. ანუ, მიუხედავად იმისა, რომ კლასიკური ფილოსოფია ამბობს, რომ ჩვენი შემეცნება ვერ ცდება ჩვენს საზღვრებს და ყველაფერი სუბიექტურია, ეგზისტენციალიზმი ცდილობს, რომ შეგრძნებების საფუძველზე რაღაც იპოვოს. თუნდაც ირაციონალური შეგრძნებები, რომელიც მას გაიყვანს მას სინამდვილეზე. სწორედ ეს იდეა, რომელიც დღეს, პრინციპში, საკმაოდ ისეთია, ანუ ადამიანი დადის ბრბოში, ვაიმე, ეს ბრბო არის, მე ადამიანი ვარ, ვაიმე, რა მეშველება, ეს ბრბო საშინელებაა და ა.შ. უკვე ძალიან პოპ-იდეაა, ძალიან გასულია პოპ-კულტურაში. ამ რომანის პირველ ვერსიას ერქვა მელანქოლია. და "გულისრევად", მე როგორც ვიცი, რაღაც ისეთი, მარკეტინგული სათაურის გამო გადაკეთდა. ანუ ფაქტობრივად, ეს რა არის: ეს არის სპლინი, ნაღვლიანობა, რომელიც ემართება ადამიანს ამ სამყაროში ყოფნისას. მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ცოდნა ადამიანის შესახებ, მისი ფიზიოლოგიის შესახებ, მისი ისტორიის შესახებ, ძალიან პატარა იყო მაშინ. და ამიტომაც, მათ, პრინციპში, ძალიან ბევრ რამეზე წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ. საბოლოო ჯამში, და განსაკუთრებით გლობალიზაციის მერე, ეს გახდა რეგიონული ნაწარმოები. მათ ეგონათ, მაგალითად, რომ ისინი ლაპარაკობდნენ ყველაზე, სინამდვილეში ისინი ლაპარაკობდნენ ძალიან კონკრეტული ევროპული კულტურის შედეგებზე და პროდუქტებზე.

ზოგადსაკაცობრიო ცოდნის ფაქტორი, რომელიც გიგი თევზაძემ გამოკვეთა, რომანში ანტუან როკანტენისა და ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, - რომელსაც როკანტენი თვითნასწავლს უწოდებს, - ურთიერთობაში თამაშდება. თვითნასწავლი ყოველდღიურად დადის ბიბლიოთეკაში, ყველა ტიპის წიგნებს კითხულობს ანბანური საძიებლის მიხედვით და მისი მიზანია, მთელი არსებული ცოდნა აითვისოს. შვიდი წლის განმავლობაში იგი იმ ავტორებამდე მივიდა, რომელთა გვარი ლ-ზე იწყება. მისი გამოთვლით, კიდევ ექვსი წელი დასჭირდება, ანბანის ბოლოში რომ გავიდეს. ცოდნის სასრულობის რწმენის მქონე თვითნასწავლი, თავისი ინფანტილური ჰუმანიზმით როკანტენის ანტიპოდია. მისი ზედაპირული პოზიტივიზმი ანტუანში გულისრევის შეგრძნებას კიდევ უფრო ამძაფრებს. მარია ანტუანეტას პერიოდში მოღვაწე მარკიზ როლბონზე ბიოგრაფიული კვლევით დაკავებული როკანტენის და სრულყოფილი ცოდნის მიღებით დაკავებული თვითნასწავლის ურთიერთობა, გიგი თევზაძის აზრით, საერთოდაც რომანის ხასიათს, ხაზს გამოკვეთს.

გიგი თევზაძე: შენ თუ გინდა ანახო რეალური დაპირისპირება, კომიკური ფიგურა არ უნდა გამოიყვანო რეალურ დაპირისპირებაში. ამ შემთხვევაში ძალიან კომიკური ფიგურაა გამოყვანილი და ამიტომ ვამბობ, რომ ეს ტექსტი უფრო იდეოლოგიურია, ვიდრე ლიტერატურული, იმიტომ რომ კომიკური ტიპი დგას მეორე მხარეს, და არა, დავუშვათ, აინშტაინი. ის არ დგას იქ, დგას ვიღაც სრულიად კრეტინი, რომელიც ყველა დროში კრეტინია. და ის არანაირად არაა ამ შემთხვევაში წარმომადგენელი არც ბრბოსი და არც იმ სინამდვილის, რომელსაც ჩვენ ამ ტექსტში ვხვდებით. კიდევ ის არის საინტერესო, როკანტენი ბიოგრაფიის წერას რომ თავს ანებებს და ლიტერატურის წერაზე რომ გადადის. ანუ სარტრი ცდილობს თქვას, რომ შემოქმედებითობა უფრო რეალობაა, ვიდრე ის ასახვა. უცნაური წინასწარმეტყველება გამოუვიდა, თუ შევხედავთ დღევანდელ ლიტერატურას, რომელიც სავსე არის დოკუმენტური ფიქშენი, დოკუმენტური ლიტერატურით, რომელიც თანდათანობით ხდება თანამედროვე ლიტერატურის ღერძი.

რომანის ფინალი სწორედ ეს გადაწყვეტილებაა როკანტენისა: იმ დოკუმენტურ მასალაზე, რომელიც მარკიზ როლბორზე მოიპოვა, მხატვრული ტექსტი შექმნას. ესაა სასოწარკვეთილი ადამიანის ბოლო მცდელობა, მხატვრულობაში გადაეშვას და ამ გზით რამენაირად გაექცეს გულისრევის ყველგან თანამდევ განცდას. მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ესაა იმედი, ამ წიგნის გავლით საკუთარი ცხოვრება ზიზღის გარეშე გაიხსენოს. წარმატებით დასრულდება თუ არა როკანტენის ეს მცდელობა, სარტრი ამაზე არაფერს გვეუბნება.

დაბოლოს, დავუბრუნდეთ ისევ იმ თემას, რითიც დავიწყეთ: როგორ აღიქმება დღევანდელი მკითხველის მიერ ეს რომანი? ჩემი აზრით, შოკურ ეფექტს მთავარი იდეა უკვე ვეღარ ახდენს, ვინაიდან ეს იდეა მხატვრულმა ლიტერატურამ უკვე კარგად აითვისა და გადაამუშავა. მხატვრული შესრულებაც გულისრევის ამ მუდმივი შეგრძნებისა, თავისი ნატურალიზმით, ჰიპერბოლიზაციით, განმეორებადობით აჩენს განცდას, რომ მეტი ლაკონურობის შემთხვევაში ტექსტი უფრო მოიგებდა. აჯობებდა, ვთქვათ, იგივე "უცხოს" ფორმატში რომ იყოს ეს ტექსტი დაწერილი. თუმცა ასეთ ნიუანსებზე ლაპარაკისას არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს იყო სრულიად ახალი ტიპისა და ხედვის რომანი ადამიანის მარტოსულობაზე, მის გაუცხოებაზე და ამ რომანმა ლიტერატურულ პროცესში ძალიან ბევრი რამ განსაზღვრა.

დასასრულს, მოვუსმინოთ ერთხელაც გიგი თევზაძეს.

გიგი თევზაძე: ძალიან მნიშვნელოვანი ფილოსოფიური ცნება არის მარტოობა, განსაკუთრებით მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში და მე-20 საუკუნეში. პრინციპულად, მარტოობა წინააღმდეგობრივია, იმიტომ რომ მე თუ ვიცი შენი მარტოობის შესახებ, შენ მარტო აღარა ხარ უკვე. ფაქტობრივად მარტოობა არ არის ის, რაზეც მარტოობა ყვება. ანუ, რაკი წერ, შენ უკვე კომუნიკაციაში ხარ. რეპრეზენტაციული მარტოობის, სიმულაციური მარტოობის შინაარსი იცვლება. დღეს ჩვენი მარტოობა არის აბსოლუტურად განსხვავებული, ვიდრე მაგალითად იყო მარტოობა სარტრის. იმიტომ რომ დღევანდელი ჩვენი მარტოობა არის ბევრად უფრო რთული და ბევრად უფრო კომფორტული. ამ წიგნის მთავარ გმირს უხდება წავიდეს ბიბლიოთეკაში, იქ ვიღაცას დაელაპარაკოს, აუცილებლად ჰქონდეს ვიღაცებთან კონტაქტი იმისათვის, რომ ბოლოს და ბოლოს თავისი მარტოობა რაღაცნაირად შეინარჩუნოს. დღეს მე ვზივარ კომპიუტერთან, მე ვარ ქსელში, მე მაქვს ანდროიდი, მე შემიძლია ყველაფერი გავაკეთო ისე, რომ ჩემი რეპრეზენტატიული მარტოობა არანაირად არ დავარღვი,. საერთოდ არ გავიდე არსად. ამიტომ, ფაქტობრივად, ტექნოლოგიები და სამყაროს განვითარება იცვლის მ ცნებებს, რომლებსაც ჩვენ ვხვდებით ასი, ორასი, სამასი და თუნდაც 50 წლის წინანდელ ფილოსოფიურ თუ მხატვრულ ლიტერატურაში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG