Accessibility links

ბიბლიოთეკად გადაქცეული თბილისი


„ქალაქი ბიბლიოთეკა“ - ელექტრონული წიგნების სახლის, „საბას“ ახალი პროექტი.

„ქალაქი ბიბლიოთეკა“ - ასე ჰქვია ელექტრონული წიგნების სახლის, „საბას“, ახალ პროექტს, რომლის ფარგლებშიც თბილისის 50 ქუჩაზე, სკვერებსა და მეტროს სადგურებში ელექტრონული ბიბლიოთეკები განთავსდება, ელექტრონული წიგნების ჩამოტვირთვა კი დაინტერესებულ მკითხველებს თავიანთ ტელეფონებში სრულიად უფასოდ შეეძლებათ. პროექტს ელექტრონული წიგნების სახლი თბილისის მერიისა და პრეზიდენტის ფონდის ხელშეწყობით ახორციელებს.

აი, მაგალითად, დგახარ ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ელოდები ტრანსპორტს, ფეისბუქში ბოდიალი მოგბეზრდა, შენი ავტობუსის მოსვლამდე 12 წუთია დარჩენილი და ფიქრობ, რითი გაიყვანო ეს 12 წუთი და კიდევ, ამას დამატებული, გზა სახლამდე ან სამსახურამდე, ან უნივერსიტეტამდე. ცხადია, დროის გაყვანის არაერთი საშუალება არსებობს: მაგალითად, დაითვალო გაჩერების თავზე წამომდგარი კორპუსის რამდენ აივანზეა გადმოფენილი სარეცხი, ან რამდენი ადამიანი გადაირბენს გზაზე უადგილო ადგილას, ან გამოიცნო რა მუსიკას შეიძლება უსმენდეს შენს გვერდით მდგარი ზურგჩანთიანი ბიჭი, რომელიც მონოტონური თავის ქნევით მიჰყვება მუსიკის ტემპს ან, სულაც, გაიხსენო ბავშვობის გასართობი და ცაზე ღრუბლების ფორმები ცხოველებს მიამსგავსო. აი, ყველაფერი ეს და კიდევ ათასი რამ შეგიძლია გააკეთო იმ 12 წუთის განმავლობაში, სანამ ტრანსპორტს ელოდები. მაგრამ ამ ქალაქში გაჩნდა კიდევ ერთი საშუალება დროის გაყვანის და, მეტიც, დროში მოგზაურობისა წიგნების პერსონაჟებთან ერთად. თუკი ახლა, მაგალითად, ვაჟა-ფშაველას გამზირზე დგახართ, მიიხედ-მოიხედეთ, ყურადღებით დაათვალიერეთ მიდამო და აუცილებლად აღმოაჩენთ ცისფერ ბანერს, წარწერით „ვაჟა-ფშაველა, ‘გველის მჭამელი’“, და იქვე, კუთხეში, QR კოდს. ან შეიძლება „სტუმარ-მასპინძელთან“ უფრო ახლოს ხართ. თქვენ შეგიძლიათ, საკუთარ ტელეფონში ჩამოტვირთული პროგრამის saba reader-ის მეშვეობით, უფასოდ, რამდენიმე წამში თქვენს ტელეფონში მოაქციოთ ვაჟა-ფშაველა და, რატომაც არა, კიდევ ერთხელ გადაავლოთ თვალი მის პოემებს ან იქნებ სულაც ახლა აღმოაჩინოთ. ეს არის პროექტი „ქალაქი ბიბლიოთეკა“, რომელიც ელექტრონული წიგნების სახლ „საბას“ იდეით განხორციელდა. მწერლებისა და პოეტების სახელობის ქუჩებზე გამოკიდებული სტენდების დახმარებით, უფასოდ, QR კოდის სკანირების შემდეგ, მათ ნაწარმოებებსა და წიგნებს საკუთარ ტელეფონში გადაიტანთ. პროექტის ხელმძღვანელი მაია ძირკველიშვილი ამბობს, რომ ამ პროექტის დახმარებით ქალაქი ღია ცის ქვეშ ბიბლიოთეკად გადაიქცევა:

„გარდა ამისა, ეს კონცეფცია ერთგვარ ქალაქის ლიტერატურულ რუკასაც აკეთებს, იმიტომ რომ თბილისში არსებულ მწერლების სახელობის ქუჩებზე განვათავსეთ ამ კონკრეტული მწერლის ნაწარმოების შემცველი ელექტრონული წიგნის მულაჟები. ჯამში, პროექტი მოიცავს 50 ქუჩას. აქედან ნახევარი არის უკვე „წიგნიფიცირებული“. პროცესი ჯერ ისევ მიმდინარეობს. დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში სრულად მოვიცავთ 50-ივე მწერლის ქუჩას. მეტწლად არიან ქართველი კლასიკოსები, მაგრამ იქნებიან უცხოელი ავტორებიც, მაგალითად, დიუმას ქუჩა. მთლიანობაში განთავსებული იქნება 250 ელექტრონული წიგნი. ანუ ერთ ქუჩაში შესაძლებელია, რომ ერთი მწერლის რამდენიმე ნაწარმოები ჩამოტვირთო. არის შემთხვევები, როდესაც ცხოვრობენ რომელიმე მწერლის სახელობის ქუჩაზე და მათ, უბრალოდ არც კი იციან, რა დაწერა მან. ამიტომ ასეთი ორიგინალური ფორმით ეს პროექტი ქართული ლიტერატურისა და ჩვენი მწერლების პოპულარიზაციას ემსახურება“.

იცით, მე ტელეფონში, გალაკტიონის ხმა მაქვს ზუმერად. და იმდენი ვინმე მეუბნება, იმდენი ადამიანი, რომ ვფიქრობთ ხოლმეო, ცოტა ხანი არ გვიპასუხოს ეთერომ, რომ ბოლომდე მოვისმინოთ გალაკტიონის ხმაო, რომელიც „მთაწმინდის მთვარეს“ კითხულობს ...
ეთერ თათარაიძე

გარდა მწერლების სახელობის ქუჩებისა, ე.წ. ელექტრონული კარადები, ოღონდ ამჯერად უკვე თანამედროვე ავტორების, მათ შორის, უცხოელი ავტორების ნაწარმოებებით დამონტაჟდა პარკებში. კარადები სულ 12 პარკში დამონტაჟდება, მათ შორის, ვაკის პარკში, ვერის ბაღში, მუშტაიდში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში, მზიურში, ვარდების ბაღში, რიყის პარკში და სხვა. ელექტრონული კარადები სულ 34 ელექტრონულ წიგნს გააერთიანებს და ავტორები და წიგნები წელიწადში ერთხელ განახლდება. მაია ძირკველიშვილის თქმით, მაისიდან იგეგმება ელექტრონული კარადების დადგმა მეტროსადგურებში:

„ძალიან სასიხარულოა, რომ გარდა ჩვენი დაგეგმილი ობიექტებისა, ანუ 50 ქუჩა, 12 სკვერი და მეტროპოლიტენის 20 სადგური, უკვე წამოვიდა ინიციატივები კერძო სექტორისგან. მაგალითად, მოგვმართავენ დეველოპერული კომპანიები, რომლებიც აშენებენ სახლებს, რომლებსაც გამწვანებული სკვერები და ეზოები აქვთ, და გამოთქვეს სურვილი, რომ იქაც დაიდგას ელექტრონული კარადები“.

ისიც აღსანიშნავია, რომ ელექტრონული წიგნები აერთიანებს როგორც ტექსტურ, ისე აუდიოწიგნებსაც. მეტიც, რიგ შემთხვევაში ელექტრონულ წიგნებს თავად ავტორები კითხულობენ. ეთერ თათარაიძე სწორედ ამ უპირატესობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, თუ რაოდენ დიდ საგანძურად შეიძლება იქცეს ეს ჩანაწერები წლების შემდეგ:

„იცით, მე ტელეფონში, გალაკტიონის ხმა მაქვს ზუმერად. და იმდენი ვინმე მეუბნება, იმდენი ადამიანი, რომ ვფიქრობთ ხოლმეო, ცოტა ხანი არ გვიპასუხოს ეთერომ, რომ ბოლომდე მოვისმინოთ გალაკტიონის ხმაო, რომელიც „მთაწმინდის მთვარეს“ კითხულობს. ხო ძალიან ბედნიერი ხარ და ძალიან უცნაური სამყარო გეხსნება და მიდიხარ იქ, საიდანაც ეს ხმა გესმის. ხმოვანი ჩანაწერები ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ავტორისთვის, ასე საგანგებოდ დამუშავებული, ჩაწერილი, შენახული და საგანგებო მისიით გატანილი ქუჩებში, სკვერებში და ა.შ. აი, ამ ჩანაწერების მოსმენის საშუალება რომ ეძლევა საზოგადოებას, ვისაც, რა თქმა უნდა, უყვარს პოეზია, პროზა და, საერთოდ, ქართული მწერლობა, ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.

ერთ-ერთი თანამედროვე პოეტი, რომლის ელექტრონული წიგნის ჩამოტვირთვაც შეგიძლიათ თქვენს ტელეფონში, ეს შოთა იათაშვილია. ის რადიო თავისუფლებასთან არა ავტორის, არამედ მშობლის გადასახედიდან საუბრობს და ამბობს, რომ ტექნოლოგიების სიახლეების ეპოქაში მომავალ თაობას სწორედ მსგავსი სიახლეებით თუ დააინტერესებ და აღმოაჩენინებ ახალ და ახალ ავტორებს:

„ჩემი შვილები ახლა სწორედ იმ ასაკში არიან, როდესაც მჩქეფარე ცხოვრება უნდათ, სულ ქუჩაში არიან, სადღაც დაბოდიალობენ, ცდილობენ, რომ გაიმრავალფეროვნონ ცხოვრება. დადიან პარკებში მეგობრებთან ერთად, ხალისობენ, და სწორედ ამ სიტუაციაში ამ სტენდების არსებობა, უფასო წიგნების ჩამოტვირთვის საშუალება ძალიან მნიშვნელოვანია. ისედაც სულ ინტერნეტში არიან, სულ ტელეფონში იყურებიან და ტელეფონებშიც ცქერაც, ალბათ, უფრო მრავალფეროვანი გახდება და ძალიან ბევრ ახალგაზრდას ჩაითრევს და მიახვედრებს, თუ რა ხდება ქართულ ლიტერატურაში და შეაყვარებს კითხვას“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG