Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილის სამთავრობო დელეგაცია ბაქოში


ბიძინა ივანიშვილი, ილჰამ ალიევი
ბიძინა ივანიშვილი, ილჰამ ალიევი
აზერბაიჯანის მედია საგანგებოდ უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ ბაქოში ვიზიტი მეორე ვიზიტია საზღვარგარეთ, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის რანგში განახორციელა. რა პროგნოზები კეთდება ორი ქვეყნის სამომავლო ურთიერთობების ჭრილში, მაშინ როცა საქართველოს სამთავრობო ვიზიტს წინ უსწრებდა საუბარი ურთიერთობათა შესაძლო გაუარესებაზე ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის პროექტის მისამართით დასმული შეკითხვების გამო?

ოფიციალური წყაროს ცნობით, დღის პირველ ნახევარში - მას შემდეგ, რაც საქართველოს დელეგაციამ "საპატიო დაკრძალვათა" ხეივანში ყვავილებით შეამკო აზერბაიჯანელი ხალხის საერთო ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის ზარიფა ალიევას საფლავები” და ამის შემდეგ "შეჰიდების ხეივანში" ასევე ყვავილებით შეამკო "მარადიული ცეცხლის " მემორიალი - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზაგულბას სასახლეში აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა.
130 დოლარად თავისსავე ქვეყანაში იყიდება გაზი, 145 დოლარად კი გვყიდიან ჩვენ, რისთვისაც, რა თქმა უნდა, ვისარგებლებ შემთხვევით და, დიდ მადლობას გადავუხდი. როდესაც ოპოზიციაში ვიყავი, მე მაშინაც გამოვთქვამდი მადლობებს ამ მხრივ აზერბაიჯანის სახელმწიფოს მიმართ...
ბიძინა ივანიშვილი


ილხამ ალიევმა და ბიძინა ივანიშვილმა განიხილეს რეგიონალური საკითხები, იტყობინება აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალური ვებსაიტი. მედიის ცნობით, ბაქოში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა არაერთი შეხვედრა, სადაც იმსჯელეს ასევე აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობათა შემდგომი გაფართოებისა და განმტკიცების პერსპექტივებზე როგორც ენერგეტიკულ ჭრილში, ასევე, მაგალითად, საერთაშორისო პროექტებში ორი ქვეყნის ერთობლივად მონაწილეობის პერსპექტივებზე.

როგორც 24 დეკემბერს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა პრემიერმა ივანიშვილმა, აზერბაიჯანის მხარესთან განიხილება საქართველოსთვის მოწოდებული ბუნებრივი აირის საფასურის საკითხი, რაც ისედაც დაბალია, მაგრამ ის, შესაძლოა, სიმბოლურად კიდევ უფრო გაიაფდეს. ამავე პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფის სავარაუდო შემცირების შესახებ სწორედ ბაქოში ვიზიტის შემდეგ გახდება ცნობილი. თუმცა 26 დეკემბერს აზერბაიჯანულმა მხარემ აუხსნა საქართველოს მხარეს, რომ ბაქო გაზს უფრო მეტად ვეღარ გააიაფებს, რადგანაც გაზი ისედაც საგანგებოდ იაფია საქართველოსთვის. ეს ფაქტი ჟურნალისტებთან საუბრისას ოთხშაბათს ბაქოში ბიძინა ივანიშვილმაც აღნიშნა:

”130 დოლარად თავისსავე ქვეყანაში იყიდება გაზი, 145 დოლარად კი გვყიდიან ჩვენ, რისთვისაც, რა თქმა უნდა, ვისარგებლებ შემთხვევით და, დიდ მადლობას გადავუხდი. როდესაც ოპოზიციაში ვიყავი, მე მაშინაც გამოვთქვამდი მადლობებს ამ მხრივ აზერბაიჯანის სახელმწიფოს მიმართ”.

გაზის გარდა, ბაქოში წამოიჭრა ელექტროენერგიის თემაც. თუკი ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის კომენტარს დავეყრდნობით, საქართველო ზამთრის იმპორტზე ზრუნავს:
კახი კალაძე
კახი კალაძე

”საჭიროება არსებობს ქვეყანაში, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში. ჩვენ ვახორციელებთ იმპორტს რუსეთიდან და გვინდა ასევე აზერბაიჯანიდანაც ვაწარმოოთ ელექტროენერგიის იმპორტი. ეს იქნება გათვლილი სამ თვეზე. ამასთან დაკავშირებით გვექნება მოლაპარაკებები და დარწმუნებული ვარ ყველაფერი დადებითად დასრულდება”.

ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის გარდა, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ბაქოში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძისა და ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თანხლებით ჩავიდა. ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციას ასევე წარმოადგენენ: სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში კონსტანტინე სურგულაძე, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი ირაკლი კოვზანაძე და საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი გია ხუხაშვილი.

აზერბაიჯანის მედიამ აშკარად საგანგებო აღნიშვნის ღირსად ჩათვალა ის გარემოება, რომ ბიძინა ივანიშვილი, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა, მეორე ოფიციალური ვიზიტით, ბრიუსელის შემდეგ, სწორედ ბაქოს ეწვია. აქვე ვთქვათ, რომ პრემიერ-მინისტრი, სავარაუდოდ, იანვარში ეწვევა სომხეთს. თუმცა ის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მარშრუტად აზერბაიჯანი აირჩია, სულაც არ უკვირს გეოპოლიტიკური კვლევის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელს თენგიზ ფხალაძეს. ის ამბობს, რომ ამ ორ ქვეყანას ერთმანეთთან მეგობრობაზე მეტი აკავშირებს:

”ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები, რომლებსაც ძალიან ბევრი აკავშირებთ ერთმანეთთან და ეს სცდება ენერგოდერეფნის ფარგლებს. აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობა ეს არ არის პიროვნებებს შორის კონტაქტი, ეს არის საკმაოდ ინსტიტუციონალიზირებული და საკმაოდ სერიოზული ბაზის მქონე მყარი და სტაბილური პარტნიორობა, რომელიც მნიშვნელოვანია და ურთიერთხელსაყრელია ორივე ქვეყნისთვის”.
ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა რეალურად ეს არის ალტერნატივა რუსეთის რკინიგზის, რომელმაც უნდა დააკავშიროს ერთმანეთთან ევროპა და აზია. ისევე როგორც ნავთობსადენი, გაზსადენი და სხვა შესაძლებლობები არის ალტერნატივა სწორედ ევროპა-აზიის დაკავშირებისა, რუსეთის გვერდის ავლით...
გიორგი ვაშაძე


საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტს ბაქოში წინ უსწრებდა უსიამოვნო პროგნოზები აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობათა სავარაუდო გაუარესების შესახებ, რაც გამოწვეული იყო პრემიერ-მინისტრის მიერ დასმული შეკითხვებით ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის ბედთან დაკავშირებით. მართალია, ბიძინა ივანიშვილს კითხვის ნიშნის ქვეშ არასოდეს დაუყენებია ამ პროექტის განხორციელების საკითხი, მაგრამ მისი მხრიდან ეჭვები გამოიხატა ეკონომიკურ გათვლებთან და ტვირთბრუნვასთან დაკავშირებით. „ნაციონალური მოძრაობა“ ამ საკითხს მეტად საფრთხილო საკითხად მიიჩნევს და ოპონენტებს მწვავედ აკრიტიკებს. როგორც, მაგალითად, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე, რკინიგზის თემის უკან რუსეთის ინტერესები დგას:

”ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა რეალურად ეს არის ალტერნატივა რუსეთის რკინიგზის, რომელმაც უნდა დააკავშიროს ერთმანეთთან ევროპა და აზია. ისევე როგორც ნავთობსადენი, გაზსადენი და სხვა შესაძლებლობები არის ალტერნატივა სწორედ ევროპა-აზიის დაკავშირებისა, რუსეთის გვერდის ავლით. შესაბამისად, მგონი, კითხვის ნიშანიც კი არ არის - ვის ინტერესებში არ შედის ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის რეალიზება. იმედი მაქვს, რომ მომავალში უფრო სიღრმისეულად იქნება შესწავლილი მსგავსი საკითხი, რომ არ შეექმნას ასეთ დიდ პროექტებს პრობლემა მართლაც საქართველოში”.

ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის პროექტს შეწყვეტის საფრთხე რომ არ ემუქრება, 26 დეკემბერს თბილისში განცხადება რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამაც გააკეთა. როგორც მან უთხრა ჟურნალისტებს, მშენებლობის პროცესი, რომელიც 2014 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს, უწყვეტად მიმდინარეობს და გამოყოფილი თანხის - 775 მილიონი დოლარის - ნახევარზე მეტი უკვე ათვისებულია.
უახლოეს ნახევარ წელიწადში, ვფიქრობ, საქართველოში შესაძლოა უფრო შესამჩნევი იყოს ასეთი პოლიტიკური განცხადებები, ვიდრე ეკონომიკური რეფორმები. ახლა ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ იმართლებს თავს ძველი ხელისუფლება, ხოლო ახალი ხელისუფლება ცდილობს აჩვენოს თავისი ძალაუფლება ძველს. ჯერჯერობით ეს ჩანს. საქმეს არავინ აკეთებს...
ილჰამ შაბანი


24 დეკემბერს პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილმა უთხრა ჟურნალისტებს, რომ საქართველოს დელეგაცია ბაქოში არ აპირებდა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზაზე საუბარს, თუმცა ასეთი საუბარი მაინც შედგა. როგორც პრემიერმა ივანიშვილმა 26 დეკემბერს ჟურნალისტებთან საუბრისას ბაქოში განაცხადა, პრობლემა არ არსებობს და ყარსი-ახალქალაქის რკინიგზასთან დაკავშირებით ოპონენტებმა სპეკულაცია მის მიერ გაკეთებული შესაძლოა ”პოლიტიკურად გაუმართავი” განცხადების საფუძველზე დაიწყეს.

მართალია, ბოლო პერიოდში საქართველოში გამართულმა დისკუსიამ ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის სამომავლო ბედთან დაკავშირებით აზერბაიჯანული მედიის საკმაოდ მწვავე კრიტიკა დაიმსახურა, მაგრამ დისკუსიას სერიოზულ ჭრილში არ განიხილავს აზერბაიჯანელი ექსპერტი ილხამ შაბანი. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ივანიშვილის განცხადებები შიდა მოხმარებაზე გათვლილი პოლიტიკური განცხადებებია და ასეთი განცხადებების სიმრავლე კვლავაც მოსალოდნელია საქართველოში:

”უახლოეს ნახევარ წელიწადში, ვფიქრობ, საქართველოში შესაძლოა უფრო შესამჩნევი იყოს ასეთი პოლიტიკური განცხადებები, ვიდრე ეკონომიკური რეფორმები. ახლა ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ იმართლებს თავს ძველი ხელისუფლება, ხოლო ახალი ხელისუფლება ცდილობს აჩვენოს თავისი ძალაუფლება ძველს. ჯერჯერობით ეს ჩანს. საქმეს არავინ აკეთებს...”

ილჰამ შაბანი დარწმუნებულია, რომ მომავალში ყველა შეკითხვას გაეცემა პასუხი და აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობებში ყველაფერი ტრადიციულად კარგად იქნება, რადგანაც ამ ორ ქვეყანას ურთიერთსასარგებლო ინტერესები ამოძრავებს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG