Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზღაპრებიდან ოცნებამდე


ერთ მხარეს რეფორმატორები, მეორე მხარეს რეტროგრადები. ერთ მხარეს მოდერნიზაცია, მეორე მხარეს ჩამორჩენა. ერთ მხარეს მომავალი, მეორე მხარეს - წარსული.

ფორმულა, რომელიც ვარდების რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებამ ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების განმსაზღვრელ ჩარჩოდ აქცია, ახლა - წინასაარჩევნო პერიოდში - კიდევ უფრო მძაფრდება. ძირითადად ისევ პრეზიდენტი ლაპარაკობს - ნაციონალური ტელეარხების ჯგუფური ეთერით გადაცემულ გამოსვლებში მრისხანედ გვიყვება “კორუმპირებულ, ჩაშმორებულ და მუმიფიცირებულ მენტალიტეტზე”, რომელიც წინსვლას და პროგრესს უპირისპირდება. პრეზიდენტი გამონაკლისი არ არის - ამავე ფორმულის გამოყენებას ცდილობენ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც, ცხადია თავ-თავიანთი რიტორიკული და ინტელექტუალური შესაძლებლობების ფარგლებში.

ამ სწორხაზოვანი ფორმულების გამუდმებით და სისტემატურად შემოთავაზებით ხელისუფლება გვაქცევს ბავშვებად, რომლებსაც მხოლოდ კეთილი და ბოროტი პერსონაჟებიანი, მორალისტური ზღაპრების მარტივი ენა ესმით.

მათგან თითქმის ყოველდღიურად ვისმენთ ამბებს კეთილი და ბოროტი ძალების შერიკინებაზე და ძველ, საშიშ “მენტალიტეტზე”, რომელიც, თუ არ გავფაციცდით და პროგრესის სადარაჯოზე თუ არ დავდექით, ნათელი მომავლის წართმევით გვემუქრება. ამ ნარატივში ყველაფერი მარტივი, ცალსახა და კატეგორიულია. აქეთ დასავლეთი, იქით - რუსეთი. აქეთ თანამედროვეობა, იქით - დრომოჭმულობა. აქეთ პრინციპულობა და ენერგია, იქით - მედროვეობა და მუქთახორობა.

ეს შავ-თეთრი, სწორხაზოვანი ფორმულა შესაძლოა ასე თუ ისე ეფექტური ყოფილიყო 2003 წლის რევოლუციური ეიფორიის ფონზე. მაგრამ დღეს - მთავრობის ცვლილებიდან 8 წლის გასვლის შემდეგ - უკვე ზედმიწევნით უადგილოდ ჟღერს. ამ წლების განმავლობაში ხელისუფლებამ ავტორიტარული ნაბიჯების, ძალაუფლების გადამეტების და სოციალური უსამართლობის საკმაოდ მდიდარი მემკვიდრეობა დააგროვა საიმისოდ, რომ პროგრესისა და სიკეთის უპირობო განსხეულებად მისი წარმოჩინების მცდელობას ცინიზმის თუ არა, ირონიის ელფერი ნამდვილად დაკრავდეს. თუმცა ეს კიდევ არაფერი. პრობლემა, ჩემი აზრით, უფრო სერიოზულია. პოლიტიკური ელიტის თვალში, ჩვენ - ხალხი, საზოგადოება, ამომრჩეველი - ვერა და ვერ ვიქეცით ზრდასრულ ინდივიდებად, მოქალაქეებად, რომლებსაც კომპლექსური რეალობის აღქმა, გააზრება და მისგან დასკვნების გამოტანა შეუძლიათ. ამ სწორხაზოვანი ფორმულების გამუდმებით და სისტემატურად შემოთავაზებით ხელისუფლება გვაქცევს ბავშვებად, რომლებსაც მხოლოდ კეთილი და ბოროტი პერსონაჟებიანი, მორალისტური ზღაპრების მარტივი ენა ესმით.

ეს რისი ბრალია, ზუსტად არ ვიცი. შესაძლოა მთავარი მიზეზი ხელისუფლების ელიტიზმი იყოს - მოდერნიზატორული ამბიციებით გამოწვეული ქედმაღალი პოზიცია, რომელიც მთავრობას რეფორმატორად, მის ნებისმიერ ოპოზიციას - რეაქციონერად, „ხალხს“ კი ჩამორჩენილ რეტროგრადებად წარმოაჩენს. ან კი შესაძლოა ხელისუფლება რეალობას მართლა ასე, ინფანტილურად აღიქვამდეს - შავ-თეთრი და სწორხაზოვანი პრიზმით - და ჩვენთან უფრო სიღრმისეული, უფრო სერიოზული კომუნიკაცია უბრალოდ არ შეეძლოს. მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს. მაგრამ ახლა მთავარი არც ეს არის. მთავარი სხვა რამეა - ხელისუფლების მიერ წარმოებულმა აქტიურმა პროპაგანდამ და ამ პროპაგანდის მიმართ მედიის გავლენიანი ნაწილის უპირობო მორჩილებამ ეს ზედაპირული და ანტაგონისტური დისკურსი ჩვენი ყოველდღიური ყოფის ნაწილი გახადა, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად გვირთულებს ფიქრს და მსჯელობას მართლა ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე.

ერთი წუთით დავფიქრდეთ - “მოდერნიზაციის”, თუ “ძველ მენტალიტეტთან ბრძოლის” შესახებ ლოზუნგებს უკვე 8 წელია ვისმენთ. მაგრამ რამდენ შემთხვევას გაიხსენებთ, როცა ამ თემების ირგვლივ პათეტიკას მოკლებული, მშვიდი და რაციონალური საუბარი გაიმართა? როდის მოისმინეთ სერიოზული დისკუსია იმის თაობაზე, მაინც როგორ, ან რატომ უნდა მოხდეს ეს მასშტაბური კულტურული ცვლილება, რას ნიშნავს ჩვენს კონტექსტში მოდერნიზაცია, ან როგორია ის ღირებულებები, რომლებმაც უნდა ჩაანაცვლოს ეს ყბადაღებული, ლამის საფრთხობელად ქცეული “ძველი მენტალიტეტი”?

ახალი აზროვნების მედროშედ თვითიდენტიფიცირებულმა ხელისუფლებამ ამგვარ სიღრმისეულ თემებზე ვერც არგუმენტირებული ლაპარაკი შეძლო და, მით უფრო, ვერც სერიოზულ დისკუსიაში შესვლა. არადა, წესით, ეს მას მაქსიმალურად უნდა ეცადა. არა მხოლოდ იმ ბანალური ჭეშმარიტების გამო, რომ დემოკრატია დიალოგის გარეშე შეუძლებელია, არამედ თავისივე პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე - იქნებ გარკვეულწილად განეიტრალურებულიყო გავრცელებული კლიშეები, რომ ხელისუფლება “ტრადიციებს ებრძვის” და “ქართველობას გვართმევს”.

მაგრამ ამის უნარი არ აღმოაჩნდათ. პირიქით - “კეთილ რეფორმატორებზე“ და “ბოროტ ჩამორჩენილებზე” – „ჩარეცხილებზე“, „ჩაშმორებულებზე“ და „მუმიებზე“ - თავიანთი ისტერიული და დამამცირებელი ზღაპრებით მხოლოდ მწვავე უკურეაქცია და სამართლიანი გაღიზიანება გამოიწვიეს (თავად პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები, როგორც სჩანს, ამას საკუთარი პრინციპულობით და მიზანდასახულობით ხსნიდნენ. თუ “ვიკილიქსის” მიერ გავრცელებულ ერთ-ერთ დოკუმენტს ვენდობით, 2008 წლის ზაფხულში გიგა ბოკერიამ პირდაპირ უთხრა შეერთებული შტატების ელჩს, “შეუქცევადი დემოკრატიული ცვლილების” მოხდენისას სააკაშვილს კონსენსუსის მიღწევის ფუფუნება არ აქვსო. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ხელისუფლების ოპონენტები, თავიანთი „მენტალიტეტით“, თბილისის ელიტარული უბნების - ვაკისა და საბურთალოს - კაფეებსა და უნივერსიტეტებში არიან გამაგრებულები). პარალელურად, ხელისუფლების რიტორიკაში უხვად ვხვდებით “ახალი დროების” პრიმიტიულ, ზედაპირულ ვერსიას, რომელშიც მოდერნიზაცია ასფალტის დაგებას, ბრჭყვიალა ფასადებს და Windows-ში ტრენინგებს უტოლდება, “ახალი მენტალიტეტი” - ინგლისურში გაკვეთილებს და საპოლიციო სტრუქტურების გაძლიერებას. ეს ყველაფერი კი, საერთო ჯამში, ჩვენი დღევანდელი კულტურული სპეციფიკის ზედმიწევნით კარიკატურულ სურათს ქმნის.

არა მგონია, რომ ახლანდელი სურათი - ის, რომ ღირებულებითი სხვაობები ლამის მხოლოდ “ჩარეცხილები-ჩაურეცხავების” და “გრუზინები-ლიბერასტების” ტიპის ჰიპერბოლური, შეურაცხმყოფელი და ვულგარული იარლიყებით გამოიხატება - ერთადერთი და გარდაუვალი გზა ყოფილიყო.

დიდი შანსია, ახლა მე თვითონ გამოვჩნდე ინფანტილურად - მაგრამ ვაღიარებ, რომ ჯერ კიდევ გამოყოლილი მაქვს „ვარდების რევოლუციასთან“ დაკავშირებული რომანტიზმი და მჯერა, რომ მაშინ მართლა იყო ცვლილებებზე, ღირებულებებზე, მომავალზე და სიახლეზე ლაპარაკისთვის როგორც მზაობა, ისე შესაძლებლობა. სხვა საქმეა, ეს დისკუსია როგორ ფორმას მიიღებდა, რომელ საზოგადოებრივ ჯგუფებს თუ სოციალურ კლასებს მოიცავდა, ან რა შედეგებს მოიტანდა - ცხადია, ამას დღეს ვერავინ იტყვის. მაგრამ მაინც არა მგონია, რომ ახლანდელი სურათი - ის, რომ ღირებულებითი სხვაობები ლამის მხოლოდ “ჩარეცხილები-ჩაურეცხავების” და “გრუზინები-ლიბერასტების” ტიპის ჰიპერბოლური, შეურაცხმყოფელი და ვულგარული იარლიყებით გამოიხატება - ერთადერთი და გარდაუვალი გზა ყოფილიყო.

პოლიტიკის ავტორიტეტიანი ანალიტიკოსებისთვის ახლა ალბათ მეც “დემოკრატიული ნორმატივიზმის” ვიწრო პარადიგმაში მოქცეულთა სიაში მოვხვდები, მაგრამ მოვლენების ასე განვითარება ძირითადად მმართველი პარტიის ბრალი მგონია. ხელისუფლებაში სწორედ ისინი მოვიდნენ სიახლის, პროგრესის, დემოკრატიის, სამართლიანობის და “დასავლური ღირებულებების” სახელით; და სწორედ მათმა ნაბიჯებმა - ზედაპირულმა, ანტაგონისტურმა რიტორიკამ და მართვის ავტორიტარულმა, უხეშმა ფორმამ - მოიტანა ამ დაპირებების და ცნებების დისკრედიტაცია თუ არა, გაუფასურება და ტრივიალიზაცია.

რასაკვირველია, შესანიშნავი იქნებოდა, ზოგადად რომ გვქონდეს უკეთესი გარემო. საჯარო სივრცე და სამოქალაქო საზოგადოება ძლიერი რომ იყოს და პოლიტიკური სისტემისგან დამოუკიდებლად რომ მოქმედებდეს; დემოკრატიული პრინციპები და ლიბერალური ღირებულებები პოლიტიკური კონსენსუსის და საზოგადოებრივი აზრის ბირთვს რომ წარმოადგენდეს; ნაციონალისტურ-შოვინისტური განწყობები გვერდითი, მარგინალური მოვლენები რომ იყოს; პოლიტიკური ოპოზიციის და კულტურულ-სასულიერო ელიტის დიდი ნაწილი ქსენოფობიის ნაცვლად ღიაობას და კრიტიკულ აზროვნებას რომ ქადაგებდეს; "სტაჟიანი უფლებადამცველები" თავიანთი განცხადებებით სიძულვილს არ აძლიერებდნენ ისედაც მძლავრი საზოგადოებრივი სტიგმის მატარებელი უმცირესობის მიმართ; და ისეთი ღირებულებითი სიმყიფე და ეკლექტიკა რომ არ არსებობდეს, რომელიც ოპოზიციის ახალ ლიდერს, თანაც ევროპის გამაოცებელი დემოკრატიის დამყარების დაპირების ავტორს, ფაშისტოიდური ორიენტაციის და უმდარესი გემოვნების გაზეთზე ათქმევინებს, სანაქებო ეროვნულ და სახელმწიფოებრივ პოზიციას ავლენსო.

მაგრამ, როგორც იტყვიან, რაც არის, ის არის. ჩვენს კულტურულ სივრცეში ფესვგადგმული ბევრი ღირებულება მართლაც რეაქციული, უსამართლო და შესაცვლელია. ცხადია, არა იმიტომ, რომ იმთავითვე „ჩამორჩენილ“ ან „ბნელ“ საზოგადოებას წარმოვადგენთ ან ჩვენი მენტალიტეტია გამორჩეულად „ჩაშმორებული“. არამედ "ობიექტური" მიზეზებით - იმის გამო, რომ რთული პოლიტიკური და კულტურული მემკვიდრეობა გვერგო და ჩვენი სიმბოლური, სააზროვნო სივრცე ჯერ კიდევ ვერ გამოსულა პოსტსაბჭოთა მდგომარეობიდან. ეს მდგომარეობა კი მართლაც ბევრ პრობლემას ქმნის - იქნება ეს სამოქალაქო ცნობიერების ნაკლებობა, ნაციონალისტური შოვინიზმი, რელიგიური ობსკურანტიზმი, დიდწილად წარმოსახვაში არსებულ, გამოგონილ ტრადიციებზე ფიქსაცია, შეუწყნარებლობა, ქსენოფობია თუ ჩაგვრის, უსამართლობის და დისკრიმინაციის მიმართ გულგრილობა (ამას ბევრნაირი კონკრეტული გამოხატულება აქვს - შორს რომ არ წავიდეთ, ახლახან მომხდარი მაგალითებიც კმარა. პოლიციის განყოფილებაში ქვაბის ქურდობის ბრალდებით წაყვანილი და შემდეგ “კიბიდან გადმოვარდნილი” სოლომონ ქიმერიძის სიკვდილის დემოუკიდებელი გამოძიების მოთხოვნით გამართულ ორიოდე აქციაზე სულ რამდენიმე აქტივისტი თუ მივიდა და საკითხიც, როგორც სჩანს, უკვე ამოიწურა. ბათუმის ქუჩებში კი ასეულები მართავდნენ “გამაფრთხილებელ წირვა-აქციას” ძველი მეჩეთის ასლის აღდგენის წინააღმდეგ, საქართველოს მუსულმანების ინტერესების იგნორირებით და იმ ფაქტის უგულებელყოფით, რომ მეჩეთის სანაცვლოდ გამორჩეული მნიშვნელობის ქართული კულტურული ძეგლების აღდგენა გახდება შესაძლებელი).

და სწორედ ამ პრობლემური კულტურული კონტექსტის, თუ ეკლექტური ღირებულებითი “მეინსტრიმის” გამო მგონია ძალიან დასანანი ის, რაც ამ 8 წლის მანძილზე მოხდა. ან, უფრო სწორად, რაც არ, ან ვერ მოხდა. იმის ნაცვლად, რომ უმნიშვნელოვანესი ცნებები - “ლიბერალიზმი”, “ტოლერანტობა” თუ “დასავლური ღირებულებები” - ამ კონტექსტის მყარი ნაწილი გამხდარიყო, მეჩვენება, რომ დღეს ისინი ბევრი მოქალაქის თვალში მნიშვნელოვნად გაცვეთილი და აზრგამოცლილია. ეს ცნებები იქცა ბრტყელ, მუყაოს მსგავს დისკურსად - რომელიც, უკეთეს შემთხვევაში, უსიცოცხლოდ და ერთგანზომილებიანად, უარესში კი ნეგატიურად და ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის მატარებლად აღიქმება.

ხელისუფლებამ, თავისი რიტორიკით, ამ ცნებების ფაქტობრივი მონოპოლიზება, მათი საკუთარ თავთან გაიგივება მოახდინა - თავისი ქმედებებით კი მათ გაუფასურებას და დისკრედიტაციას იწვევს.

სოციოლოგები, პოლიტოლოგები, ფილოსოფოსები და სხვა ჭკვიანი ხალხი ახლა ერთხმად გვეტყვის, რომ ეს გარდაუვალი იყო; რომ მოდერნიზაციას და ღირებულებით ცვლილებებს სირთულეები და წინააღმდეგობა ყოველთვის თან ახლავს, მით უმეტეს ჩვენნაირ გარემოში, რომელშიც რაციონალური საჯარო დისკუსიის პრაქტიკა იშვიათია, სამოქალაქო საზოგადოება - სუსტი, სოციალურ-ეკონომიკური ფონი ძალიან მძიმე, ეთნიკური ნაციონალიზმი და “ტრადიციებზე” ორიენტაცია კი დომინანტურ მახასიათებელს წარმოადგენს. მაგრამ მე მაინც ჩემს აზრზე ვრჩები: მთავარი მიზეზი ის არის, რომ ხელისუფლებამ, თავისი რიტორიკით, ამ ცნებების ფაქტობრივი მონოპოლიზება, მათი საკუთარ თავთან გაიგივება მოახდინა - თავისი ქმედებებით კი მათ გაუფასურებას და დისკრედიტაციას იწვევს.

ახლა ბევრს ვერაფერს ვიტყვი მასშტაბურ, სტრუქტურულ პრობლემებზე - იმაზე, რასაც “დემოკრატიული ინსტიტუტების უგულებელყოფას“, „ძალაუფლების ცენტრალიზაციას“ და „პოლიტიკური თამაშის წესების არარსებობას“ უწოდებენ ხოლმე. არც იმაზე, რომ ყველა ამ შეფასებას მნიშვნელოვნად ამყარებს ბოლო დღეების მოვლენები - კონტროლის პალატის ლამის კონტროლიდან გამოსული ნაბიჯები, რომლებიც აჩენს შიშს, რომ პოლიტიკურ ოპონენტებს ახლა უკვე სრულიად ღიად, დემონსტრაციულად ავიწროებენ. არც ყველაზე მთავარზე - ჩემს ღრმა რწმენაზე, რომ ჩვენს დღევანდელ რეალობაში გამეფებული უხეში სოციალური უსამართლობით და მასობრივი გაჭირვებით გამოწვეული ფატალისტური და ნიჰილისტური განწყობები მნიშვნელოვნად უშლის ხელს სწორედ პოლიტიკურ, თუ ღირებულებით განვითარებას. ამჯერად მხოლოდ მედიის მაგალითიც საკმარისია. ყველაზე გავლენიანი მედია - მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებელი ტელეარხები, ერთი თუ ორი გადაცემის გამოკლებით - სახელისუფლებო პროპაგანდის იაფფასიან, ვულგარულ იარაღად არის ქცეული. ამით კი ჩვენ - ხალხს, საზოგადოებას, მოქალაქეებს - ძალიან მნიშვნელოვანი რამე წაგვერთვა: ღირებული ინფორმაციის მიღების, პოლიტიკური დებატების მოსმენის, საჯარო დისკუსიების გამართვის და საერთო მომავალზე ფიქრის სივრცე.

არადა ასეთი სივრცის გარეშე „ცვლილებაზე” და, მითუმეტეს “რევოლუციაზე“ სერიოზული ლაპარაკი შეუძლებელია. იმისათვის, რომ რეაქციულ, ქსენოფობიურ თუ კონსერვატიულ შეხედულებებს რეალურად დავუპირისპირდეთ - ან, ზემოთხსენებული ანალიტიკოსების ენაზე რომ ვთქვათ, შევეცადოთ მათ მარგინალურად გადაქცევას, პოლიტიკური მეინსტრიმისთვის, თუ საზოგადოებრივი “საღი აზრისთვის” კი საფუძვლად ლიბერალური, დემოკრატიული პრინციპების დადებას - სულ მცირე ორი რამ არის საჭირო. პირველ რიგში, თავად ეს ლიბერალური და დემოკრატიული პრინციპები უნდა იქცეს მკაფიო, საინტერესო და მიმზიდველ იდეოლოგიურ ნარატივად, რომელიც მეტ მხარდაჭერას მოიპოვებს. და მთავარი: ღია, დინამიკური და პლურალისტური საჯარო სივრცის გარეშე ღირებულებებზე საუბარი, და, მით უფრო, მათი გადაფასების მცდელობა, სხვა თუ არაფერი, პრაქტიკული თვალსაზრისით არის წარმოუდგენელი.

ჩვენს რეალობაში კი არც ერთი ეს პირობა არ არსებობს. დღევანდელ საქართველოში პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე მიყვანილი ადამიანი „კიბიდან გადმოვარდნით“ იღუპება, ამ ფაქტს კი სამი წამყვანი ტელეარხი ნამდვილი ზომბებივით „აშუქებს“ - გაზეპირებული ტექსტით, იდენტური ვიდეომასალით და დასკვნით, რომ მთელ ამ ამბავში მთავარი პრობლემა პოლიტიკური ოპოზიცია ყოფილა. აი ამ პირობებში მოდი და იოცნებე „რაციონალურ და პლურალისტურ სადისკუსიო სივრცეზე“, რომლითაც ლიბერალური ღირებულებები მოიკიდებს ფეხს და „პოლიტიკური მეინსტრიმის“ ნაწილი გახდება.

დისკუსიის ჩახშობას, პოლიტიკური ელიტის მხრიდან საზოგადოებასთან საბავშვო ენაზე ურთიერთობას და კულტურული ცვლილებების თემის ტრივიალიზაციას კი ცუდი შედეგები მოაქვს. დიდწილად სწორედ ნორმალური საინფორმაციო პოლიტიკის და სადისკუსიო სივრცის არარსებობის ბრალი მგონია ის, რომ ჩვენში დღეს კვლავაც ზედაპირზეა იზოლაციონისტური, შოვინისტური და ქსენოფობიური განწყობები - რომლებსაც ხშირად იმდენად ირაციონალური გამოვლინება აქვთ, რომ “დისკუსიის” გამართვის პერსპექტივა ცალსახად და უიმედოდ ქრება. “ლიბერასტების” მოძულე, ქსენოფობიური პარანოიით შეპყრობილ, "ქართველობის და მართლმადიდებლობის მტრების“ შესახებ ხილვების მქონე ძალებს ვეღარც არგუმენტებით დაუპირისპირდები და ვეღარც ვერაფერში დაარწმუნებ. მაგრამ როგორი მრავალრიცხოვანი და ხმაურიანიც უნდა ჩანდეს, ასეთი ექსტრემიზმი მაინც გვერდითი მოვლენა მგონია. ჩვენს საზოგადოებაში შესაძლოა კონსერვატიული, ნაციონალისტური და ტრადიციონალისტური შეხედულებები მართლაც იყოს დომინანტური - მაგრამ მეეჭვება, ამგვარი შეხედულებების მატარებელი ყველა ჯგუფი თუ ინდივიდი იზიარებდეს „გამაფრთხილებელი წირვების“ პათოსს.

"უკომპრომისო მოდერნიზატორების" და "ექსტრემისტი რეაქციონერების" კლიშეებს შორის დიდი ღირებულებითი სპექტრია და საზოგადოებრივი ჯგუფების უმრავლესობა ამ სპექტრზე, თუ “შუაზე” მოდის.

საზოგადოება, რომლის წევრებსაც წარმოვადგენთ, კომპლექსური და მრავალფეროვანია და უამრავ სოციალურ ჯგუფს თუ ინტერესს აერთიანებს. "უკომპრომისო “მოდერნიზატორების და "ექსტრემისტი რეაქციონერების” კლიშეებს შორის დიდი ღირებულებითი სპექტრია და საზოგადოებრივი ჯგუფების უმრავლესობა ამ სპექტრზე, თუ “შუაზე” მოდის. სერიოზული საჯარო დიალოგიც, თუკი ოდესმე დაიწყება, სწორედ აქ, შუაში უნდა მოხდეს. იქნებ როგორმე მივაგნოთ ფორმას და ტერმინოლოგიას, რომლითაც ცვლილებებზე ლაპარაკი, „დასავლური ფასეულობების“ გააზრება და ახალი, უკეთესი რეალობის წარმოდგენა იქნება შესაძლებელი - ხელისუფლების მიერ დანერგილი რევოლუციური პათეტიკის, ბრტყელ-ბრტელი ტერმინოლოგიის თუ პომპეზური მორალიზმის გარეშე.

ოღონდ, რაოდენ რთულიც უნდა იყოს, ეს, ალბათ, ჩვენ - „საზოგადოებამ“ - თავად უნდა გავაკეთოთ. პოლიტიკური ელიტა, როგორც სჩანს, კიდევ დიდხანს არ აპირებს ჩვენთან, როგორც ზრდასრულებთან დალაპარაკებას - “კეთილებზე” და “ბოროტებზე” სწორხაზოვანი ზღაპრების გარეშე. ყოველ შემთხვევაში, ამჟამინდელი ვითარება ამ კუთხით დიდად ოპტიმისტურ სურათს ვერ ქმნის. მეეჭვება, რომ „ოცნებამ“, თუნდაც „ქართულმა“, მოდერნიზატორულ ზღაპარს ბევრად აჯობოს ჩვენი რთული რეალობის ადექვატურად ასახვის საქმეში.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG