გამოცემების, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელსა და რედაქტორს, მზია ამაღლობელს და ბელარუს ჟურნალისტს, ანდჟეი პოჩობუტს, ევროპარლამენტში გადასცეს ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია. ჯილდო გადაეცათ მათ წარმომადგენლებს: "ბათუმელების" ჟურნალისტს, ირმა დიმიტრიძეს და ანდჟეი პოჩობუტის ქალიშვილს, იანა პოჩობუტს.
მზია ამაღლობელსა და ანდჟეი პოჩობუტს სახაროვის პრემია 22 ოქტომბერს მიენიჭათ. ორივე მათგანი ახლა პატიმრობაშია.
სტრასბურგში, დაჯილდოების ცერემონიაზე, ევროპარლამენტის ტრიბუნიდან მზია ამაღლობელის სიტყვა წაიკითხა მისმა წარმომადგენელმა ირმა დიმიტრიძემ.
"ეს ჯილდო იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენი ხმა, საქართველოს მოქალაქეების ხმა გესმით ევროპაში.... იბრძოლეთ ჩვენთან ერთად და ჩვენთვის. იბრძოლეთ ისე, როგორც საკუთარი ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძოლებდით. გამოიყენეთ თქვენს ხელთ არსებული ყველა მექანიზმი, ვიდრე გვიანი არ არის. მე მჯერა თავისუფალი, დემოკრატიული და ძლიერი ევროპის!" - წერს მზია ამაღლობელი.
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ დაჯილდოების ცერემონიაზე თქვა, რომ "მზია ამაღლობელი და ანდჟეი პოჩობუტი სიმამაცისა და გმირობის განსახიერებები არიან".
„მზიას ბრძოლა ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებებისთვის შუქურად დგას ყველასთვის, ვისაც მიაჩნია, რომ თავისუფლება და ღირსება არასდროს უნდა დანებდეს. ეს პრიზი მათთვისაა. მათი ხმა კვლავაც ისმის მთელ ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ, მათი გაჩუმების ყველა მცდელობის მიუხედავად“, - თქვა მეცოლამ.
მისი სიტყვებით, ევროპარლამენტი არასოდეს შეწყვეტს იმ პოლიტიკური პატიმრების და ჟურნალისტების თავისუფლების განუხრელ დაცვას, რომლებიც მხოლოდ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გამო არიან პატიმრობაში.
„მივმართავ ყველა იმ ქართველს, რომლებიც თავიანთ მომავალს ევროკავშირში ხედავენ, ეს პარლამენტი მტკიცედ დგას თქვენ გვერდით და ჩვენ ამას ვადასტურებთ ჩვენს რეზოლუციებში, ჩვენს განცხადებებში, იმ საქმიანობაში, რომელსაც ვახორციელებთ იმისათვის, რომ საქართველო ევროპასთან რაც შეიძლება ახლოს იყოს, როგორც ის იმსახურებს და როგორც მისი ხალხი იმსახურებს“, - თქვა რობერტა მეცოლამ.
მზია ამაღლობელი 12 იანვრის შემდეგ პატიმრობაშია. მას ბათუმის საქალაქო სასამართლომ პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ (ნიკოლოზ მარგველაშვილი, ნანა ჯოხაძე და მარინა სირაძე) ჟურნალისტი 2-წლიან პატიმრობაში დატოვა.
სახაროვის პრემია “აზრის თავისუფლებისთვის” 1988 წელს დაარსდა, რუსი მეცნიერისა და დისიდენტის, ანდრეი სახაროვის პატივსაცემად და შემდეგ ევროპარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად იქცა.
ამ პრემიის მიზანია დააჯილდოოს ადამიანები, ჯგუფები ან ორგანიზაციები, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძვიან ადამიანის უფლებების დაცვისა და აზრის თავისუფლებისთვის მთელ მსოფლიოში.
ამასთანავე, სახაროვის პრემიის მიზანია, მსოფლიოს ყურადღება მიაპყროს პოლიტიკურ პატიმრებს, აქტივისტებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც იდევნებიან.
სახაროვის პრემია სხვადასხვა დროს მიღებული აქვთ ნელსონ მანდელას, აპართეიდთან ბრძოლის ლიდერს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველ შავკანიან პრეზიდენტს (1988); მალალა უსუფზაის, ადამიანის უფლებათა პაკისტანელ აქტივისტს (2013); ალექსეი ნავალნის, რუს ოპოზიციონერს (2021); უკრაინის ხალხს (2022); ჯინა მაჰსა ამინის, 22 წლის ირანელ ქალს, რომელიც ირანის „ზნეობის პოლიციის“ დაკავების შემდეგ გარდაიცვალა (2023).
ლაურეატებისათვის დაწესებული ჯილდო 50 000 ევროს შეადგენს.
ფორუმი