Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბავშვთა სამყაროს“ ჩაუმქრალი პროტესტი


აქციის მონაწილეები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან
აქციის მონაწილეები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან გრძელდება სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეთა საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეები დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას, ზარალის ანაზღაურებას და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ. დაზარალებულთა ნაწილს „ბავშთა სამყაროს“ დამწვარი შენობის წინ კარვები აქვს გაშლილი და შიმშილობის აქციას მართავს.

„ბავშვთა სამყაროს“ ჩაუმქრალი პროტესტი
please wait

No media source currently available

0:00 0:05:22 0:00
გადმოწერა

საყვირებითა და ხმაურით ცდილობდნენ აქციის მონაწილეები კანცელარიის შენობაში მყოფი მთავრობის ადმინისტრაციის წევრებისათვის ხმის მიწვდენას, თუმცა არც 15 მარტს და არც წინა დღით გამართულ აქციას კანცელარიის შენობიდან არავინ გამოხმაურებია. აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ხათუნა იაკობიძე, რომელსაც რადიო თავისუფლება გამოელაპარაკა, გაოცებას ვერ მალავდა ხელისუფლების გულგრილობის გამო:

ეჭვი გვაქვს იმის გამო, რომ რვა კერა გაჩნდა ერთდროულად. მეხანძრეები მოვიდნენ და წყალი არ ჰქონდათ. ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ცეცხლი, სადაც არ იყო, იქაც გადასულიყო...
ქეთევან ხუნჯუა

„არ გვენახებიან! უიარაღო ხალხი ვართ, ჩვენ რა უნდა დავუშავოთ? სირცხვილი არ არის, რომ არავინ გამოდის, არ გველაპარაკება? ნარმანიამ რომ თქვა, დავეხმარეთო, გამოვიდეს და მე მითხრას, რით დამეხმარა. რა პასუხს სცემს ამ ხალხს. ნუთუ არ რცხვენია? გამოვიდეს, არ მოვკლავთ! არც ერთ ჩვენგანს ბომბი არ უდევს, მაგრამ გვაქცევენ კამიკაძეებად. გვაიძულებენ ავაყირაოთ ერთი მანქანა, გავაკეთოთ პროვოკაცია, მოვიდნენ ოპოზიციური პარტიები, მერე მიგვაწებებენ პოლიტიკურ იარლიყს. არ ვართ ჩვენ პოლიტიკურად დაინტერესებული ხალხი, ჩვენ ვართ გაჭირვებული ხალხი“.

„გაჭირვებული ხალხი“, როგორც ხათუნა იაკობიძე „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებს უწოდებს, გამოთქვამს ეჭვს, რომ ხანძარი უბედური შემთხვევის შედეგად არ გაჩენილა. „ბავშვთა სამყარო“ დაგვიწვეს“ - ამ შინაარსის ტრანსპარანტი ეჭირა ხელში ქეთევან ხუნჯუას, რომელსაც „ბავშვთა სამყაროში“ ფეხსაცმლის ფარდული დაეწვა:

„ეჭვი გვაქვს იმის გამო, რომ რვა კერა გაჩნდა ერთდროულად. მეხანძრეები მოვიდნენ და წყალი არ ჰქონდათ. ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ცეცხლი, სადაც არ იყო, იქაც გადასულიყო. ამიტომ ვეჭვობთ, რომ დაწვეს. არანაირი რეაგირება ხელისუფლების მხრიდან არ ყოფილა. სრულიად იგნორირებული ვართ. ამ დრომდე დაზარალებულად არ გვცვნეს. ვითხოვთ დაზარალებულად ცნობას“.

აქციის მონაწილეებს, არაერთი საპროტესტო აქციის მიუხედავად, დღემდე არ მიუღიათ დაზარალებულის სტატუსი, რაც ხელისუფლებისა და ქართული მართლმსაჯულების სირცხვილად მიაჩნია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ზაზა ხატიაშვილს:

„საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა ასეთი ფაქტი - 20-ლარიანი ტელეფონის ქურდობაც რომ ყოფილა, მისი მფლობელი არ ეცნოთ დაზარალებულად. ასიათასიანი ზიანი აქვს ხალხს, მაგრამ არ ცნობენ დაზარალებულად. ამით სახელმწიფო ეუბნება მათ: დაიხოცეთ ქუჩაში“.

პასუხად კი ხელისუფლება, თბილისის მერის, დავით ნარმანიას, სახით, ამბობს, რომ უკვე გაწეული დახმარების გარდა, მათ სხვა არაფერი შეუძლიათ:

„ეს არის, ერთი მხრივ, ბაზრობის ადმინისტრაციასა და, მეორე მხრივ, თვითონ მოვაჭრეებს შორის ურთიერთობის საგანი, მათი სახელშეკრულებო ურთიერთობის ამბავი და ძალიან ცუდია ის, რომ მათ შორის ურთიერთობა ფორმალურ ხასიათს ატარებდა“.

ხანძრის შედეგად დაზარალებულთა ნაწილს კარვები აქვს გაშლილი დამწვარი შენობის წინ და შიმშილობის აქციას მართავს. ლევან ლოტოევი და მისი მეგობრები მესამე კვირაა მორიგეობით შიმშილობენ:

კარვები დამწვარი შენობის წინ
კარვები დამწვარი შენობის წინ

„ჩვენ მოვითხოვთ დახმარებას ხელისუფლებისგან. საკრებულომ პირველადი დახმარების სახით შემოგვთავაზა 300-დან 1500 ლარამდე, რაზეც არც ერთი დაზარალებული არ არის თანახმა, რადგან ჩვენ შორის არიან ადამიანები, რომლებმაც 10 ათასი და 100 ათასის ზარალი ნახეს. მოვითხოვთ ხელისუფლებისგან პირველად დახმარებას, სულ ცოტა, 5 ათას ლარს და მერე ასპროცენტიან კომპენსაციას. მინიმუმ პირველადი დახმარება მაინც მოგვცენ, რადგანაც არიან ადამიანები, რომლებსაც, პურის ფული რომ პურის ფულია, ისიც კი არ შერჩენიათ“.

სწორედ ყოველდღიური პურისთვის უწევს ბრძოლა ოქრომჭედელ ზურაბ ტაბატაძეს, რომელმაც ძვირფას მასალასთან ერთად დაკარგა შრომის იარაღი. 45-წლიანი გამოცდილების ხელოსნის ოჯახი ახლა მხოლოდ მისი პენსიის იმედად არის.

„დავკარგე მთელი ცხოვრების განმავლობაში ნაგროვები უნიკალური ხელსაწყოები, რომლებსაც დღეს ვერ შევიძენთ. დაახლოებით, 5 ათასამდე ლარის. ყველას ვერ ჩამოვთვლით. ათასი წვრილმანი იყო. ასევე დავკარგე კლიენტების ოქრო და ვერცხლი. სერიოზული დარტყმა მივიღეთ“, უთხრა ზურაბ ტაბატაძემ რადიო თავისუფლებას.

„ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები კვლავ აპირებენ საპროტესტო აქციების გამართვას. იმედს არ კარგავენ, რომ საზოგადოება, მათ შორის, პოლიტიკური პარტიები გულთან მიიტანენ მათ გასაჭირს და კვირას სახელმწიფო კანცელარიის წინ დანიშნულ საპროტესტო აქციას შეუერთდებიან.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG