Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხი მილიარდერი ბაბიში პრემიერი გახდება, თუმცა შესაძლოა პარტნიორების პოვნა გაუჭირდეს


ანდრეი ბაბიში
ანდრეი ბაბიში

ჩეხეთის პრეზიდენტი, მილოშ ზემანი, აცხადებს, რომ ანდრეი ბაბიშს პრემიერ-მინისტრად დანიშნავს, თუმცა ანტიისტებლიშმენტური პარტია „ანოს“ ამ მილიარდერ ლიდერს შესაძლოა გაუჭირდეს კოალიციური პარტნიორების პოვნა, არჩევნებში გამარჯვების მიუხედავად.

ამ უქმეებზე გამართულ არჩევნებში „ანომ“ ხმათა 29,6 პროცენტი მოიპოვა - თითქმის სამჯერ მეტი, ვიდრე მისმა უახლოესმა მეტოქემ, თუმცა ბევრი პარტია ყოყმანით ეკიდება ან, საერთოდ, უარყოფს მასთან კოალიციაში შესვლას.

ჩეხეთის უმდიდრეს მოქალაქეებს შორის ბაბიში მეორეა. მას ხშირად ადარებენ სხვა მაგნატებს, რომლებიც შემდგომში პოლიტიკურ ლიდერებად მოგვევლინენ - მაგალითად, დონალდ ტრამპს ან სილვიო ბერლუსკონის.

ჩეხი მილიარდერი ბაბიში პრემიერი გახდება

  • პრეზიდენტი ზემანი აცხადებს, რომ ანდრეი ბაბიშს პრემიერ-მინისტრად დანიშნავს
  • ბაბიშს 1-2 პარტნიორი სჭირდება უმრავლესობის შესაქმნელად
  • კოალიციის თაობაზე მოლაპარაკებებს შესაძლოა კვირები დასჭირდეს
  • მთავრობის შექმნაში შესაძლოა მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკური მეინსტრიმის კიდეებში მყოფმა პარტიებმა

200-ადგილიან პარლამენტში „ანოს“ 78 მანდატი ექნება - შესაბამისად, უმრავლესობის შესაქმნელად მას სჭირდება პარტნიორები დანარჩენი რვა ფრაქციიდან. მაგრამ ალიანსებში შესვლას მნიშვნელოვნად ართულებს ბაბიშის პოზიცია, რომელიც ისტებლიშმენტის მოწინააღმდეგეა.

ბაბიშის ქონება 4 მილიარდ დოლარს შეადგენს. მისი მოწინააღმდეგეები მას დემოკრატიისთვის საფრთხედ მიიჩნევენ, მართვის ავტორიტარული სტილისა და ბიზნეს თუ მედიაძალაუფლების გამო, რამაც, ოპონენტების თქმით, შესაძლოა ინტერესთა კონფლიქტები შექმნას.

ამასთან, პოლიცია ვარაუდობს, რომ ათი წლის წინ ბაბიშმა, იმისათვის, რომ ევროკავშირისგან სუბსიდირების სახით 2 მილიონი ევრო მიეღო, დამალა ის ფაქტი, რომ ერთ-ერთ ფირმას ფლობდა, გრანტი კი მცირე ბიზნესისთვის იყო განსაზღვრული. თავად ბაბიში ბრალდებას უარყოფს.

მიმდინარე წელს ის ფინანსთა მინისტრი გახდა და თავისი ქიმიკატების, საკვებისა და მედიის კომპანიები სხვა ფონდში გადაანაცვლა საიმისოდ, რომ დაეკმაყოფილებინა ინტერესთა კონფლიქტის განმსაზღვრელი კანონმდებლობა.

მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია „სამოქალაქო დემოკრატები“, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა და 25 მანდატი მოიპოვა, აცხადებს, რომ ოპოზიციაში დარჩება.

ანდრეი ბაბიშისა და მილოშ ზემანის საწინააღმდეგო აქცია პრაღაში. 17 ოქტომბერი, 2017 წ.
ანდრეი ბაბიშისა და მილოშ ზემანის საწინააღმდეგო აქცია პრაღაში. 17 ოქტომბერი, 2017 წ.

ორი მომცრო მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია, STAN და TOP09, ასევე აცხადებს, რომ ბაბიშთან არ იმუშავებს. „მას ლეგიტიმურობას ვერ მივანიჭებ და ვერც ნორმალური ვითარების ფასადს შევქმნიო“, განაცხადა STAN-ის ლიდერმა, იან ფარსკიმ, და სააგენტო „როიტერსთან“ დასძინა, „დემოკრატიული ძალები დამარცხდნენ, მაგრამ ბაბიშთან თანამშრომლობა მათ ვერ უშველის. პირიქით, ეს მათი დასასრული იქნებოდაო“.

მიმავალი პრემიერ-მინისტრის, ბოჰუსლავ სობოტკას, მემარცხენე-ცენტრისტული სოციალ-დემოკრატები, რომლებმაც ხმების მხოლოდ 7.3. პროცენტი მიიღეს, ამბობენ, რომ შეიძლება დათანხმდნენ „ანოსთან“ მოლაპარაკებას, ოღონდ იმ პირობით, თუ ბაბიში კაბინეტში არ იქნება წარმოდგენილი.

მხარდაჭერისთვის იმავე პირობას - რომ ბაბიში მთავრობაში არ უნდა იყოს - აყენებენ ცენტრისტი ქრისტიან-დემოკრატებიც, ამჟამად მესამე კოალიციური პარტნიორი. ლიბერალური „მეკობრეების პარტია“, რომელიც მესამე ადგილზე გავიდა, ასევე აცხადებს, რომ ბაბიშის მიმართ წარდგენილი ბრალდებები წინაღობას უქმნის ნებისმიერ თანამშრომლობას.

ბაბიში აცხადებს, რომ ქვეყანას არ გააწევრიანებს ევროს მოქმედების ზონაში და ევროკავშირზე ზეწოლას განახორციელებს მიგრაციასთან საბრძოლველად, თუმცა, ამავე დროს, ამბობს, რომ ჩეხეთი დარჩება ევროკავშირისა და ნატოს წევრად.

მაგრამ თუ პოლიტიკური მეინსტრიმის წარმომადგენელი პარტიები უარს იტყვიან „ანოსთან“ თანამშრომლობაზე, ბაბიშს შესაძლოა მოუწიოს მხარდაჭერა ეძიოს კომუნისტებთან და ევროკავშირისა და მიგრანტების მკვეთრ მოწინააღმდეგე თავისუფლებისა და პირდაპირი დემოკრატიის (SPD) პარტიასთან.

SPD-ს ლიდერი, ტომიო ოკამურა, აცხადებს, რომ მხარდაჭერის პირობად ბაბიშის მინისტრთა კაბინეტის გარეთ დარჩენა მიაჩნია. მოლაპარაკების პირობებად ის აყენებს იმიგრაციის წინააღმდეგ მკაცრ პოზიციას, ისლამის გავრცელების აკრძალვას და რეფერენდუმს ევროკავშირიდან გამოსვლის შესახებ.

კაბინეტის შემადგენლობა, ცხადია, გავლენას იქონიებს იმ ტონზე, რომელიც ჩეხეთს ექნება ევროკავშირთან მიმართებით. თუმცა, პოლონეთის ლიდერის, იაროსკავ კაჩინსკისა და უნგრეთის ლიდერის, ვიქტორ ორბანისგან განსხვავებით, ბაბიშს არა აქვს ის ანტილიბერალური შეხედულებები, რომელთა გამოც ვარშავა და ბუდაპეშტი მწვავე კონფლიქტებში შევიდნენ თავიანთ დასავლელ პარტნიორებთან.

პრეზიდენტი ზემანი აცხადებს, რომ ბაბიშთან ორშაბათს გამართავს შეხვედრას, თუმცა დასძენს, რომ პრემიერად მას ოფიციალურად მოგვიანებით დანიშნავს.

ზემანი ამბობს, რომ ახალი პარლამენტის პირველ სხდომას მოიწვევს კონსტიტუციით განსაზღვრული მაქსიმალური ვადის - 30 დღის - შემდეგ, რათა მანამდე საკმარისი დრო იყოს კოალიციის შესახებ მოლაპარაკების გასამართავად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG