Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ უნდა ეშინოდეს რუსეთს „გველის წელიწადის“


10 თებერვალს ჩინური ახალი წელი დაიწყო - ამჯერად გველის წელიწადი, ჩინური ასტროლოგიური კალენდრის შესაბამისად. მეზობელ რუსეთში ეს ამბავი შეშფოთებას იწვევს: ამ ქვეყნის ქარტეხილებით სავსე ისტორიაში ბევრი დრამატული მოვლენა მომხდარა სწორედ გველის წელიწადში, რომელიც 12 წელიწადში ერთხელ დგება.

გველი, ძაღლთან, ცხენთან, ღორთან, მაიმუნთან და რამდენიმე სხვა ცხოველსა თუ მითიურ არსებასთან ერთად, ერთ-ერთია ჩინური ზოდიაქოს ნიშნებიდან, რომლებიც 12-წლიანი ციკლის თითოეულ წელიწადს ესადაგება. გველის წელი, ზოგადად, ნაკლებად იღბლიანად ითვლება, ვიდრე, თუნდაც, წინა წლის აღმნიშვნელი ურჩხულისა. აშშ-ში 11 სექტემბრის თავდასხმები, ხოცვა-ჟლეტა პეკინის ტიანანმენის მოედანზე, შეერთებულ შტატებში „დიდ დეპრესიად“ წოდებული ეკონომიკური კრიზისის დაწყება - ყველა ეს მოვლენა გველის წლით თარიღდება. ამასთან, ასტროლოგიაში გათვითცნობიერებულები გვაფრთხილებენ, რომ წელს საქმე გვაქვს მის განსაკუთრებით სახიფათო გამოვლინებასთან: თურმე დადგა „შავი გველის წელიწადი“ - ეს კი ნიშნავს ასტროლოგიური კომპონენტების თანხვედრას, რაც 60 წელიწადში ერთხელ მეორდება და, შესაძლოა, მძიმე კატაკლიზმებს მოასწავებდეს.

ასტროლოგების შეფასებებს თუ ვენდობით, განსაკუთრებული სარფხთე მაინც რუსეთს ემუქრება. „გველის წელიწადი იმით გამოირჩევა, რომ ყოველთვის ხდება რუსეთისათვის მნიშვნელოვანი, გლობალური ცვლილებები სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. ასე რომ, 12 წელი გავიდა, დგება გველის წელიწადი, 2013, - ჩვენს ქვეყანაში დიდი ცვლილებების წელი“, განმარტა ფუტუროლოგმა პაველ სვირიდოვმა ინტერნეტპორტალ „პრავდა. რუ“-სთან საუბარში.

რუსეთის მეოცე საუკუნის ისტორიისათვის გარდატეხის მომტან რამდენიმე მოვლენას თუ გავიხსენებთ, აღმოჩნდება, რომ დრამატული ცვლილებები, მართლაც, საეჭვოდ ემთხვევა გველის წელიწადს: 1905 წლის რევოლუცია, 1917 წლის რევოლუცია, შემდეგ, 1929 წელს, - საბჭოთა კავშირში კოლექტივიზაციის დაწყება, 1941 წელს - დიდი სამამულო ომის დაწყება, 1953-ში - სტალინის სიკვდილი და მეოცე საუკუნეში გველის ბოლო წელს, 1989-ში, - გადამწყვეტი მოვლენები, რომლებსაც საბჭოთა კავშირის დაშლა მოჰყვა.
რა ელის რუსეთს ამჯერად, 2013 წელს? - ეს შეკითხვა ხშირად ისმის ასტროლოგიით დაინტერესებულებს შორის. ინტერნეტპორტალზე „ასტროსკოუპ.რუ“ ლამის ახალ რევოლუციას წინასწარმეტყველებენ... ყოველ შემთხვევაში, რეალისტურად მიაჩნიათ საფინანსო ბირჟების კრახი, შეერთებულ შტატებში 1929 წლის „შავი სამშაბათის“ ანალოგიით.

და რახან შეერთებული შტატები ვახსენეთ, ერთ-ერთი რუსი ასტროლოგის, მიხაილ ჩისტიაკოვის ერთ გაფრთხილებას გაგაცნობთ: რასაკვირველია, ცუდს არავის ვუსურვებთ, მაგრამ კატაკლიზმები, შესაძლოა, არა მარტო ჩვენ შეგვეხოს, არამედ ატლანტის ოკეანის მიღმა მყოფთაცო.

მოკლედ, ასეთი ასტროლოგიური საფრთხეები უკავშირდება გველის წელს. ჩინელები კი მას მხიარული ზეიმებით და ფოიერვერკებით ეგებებიან. ჩინური ახალი წელი რეგიონში უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია - როცა ოჯახის წევრები სუფრასთან იკრიბებიან, ერთმანეთს წარმატებებსა და ბედნიერებას უსურვებენ, როგორც ახლა, ამ დღეებში.
XS
SM
MD
LG