Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

CIA-ს უფროსის პოსტზე წარდგენილი კანდიდატი სენატის წინაშე წარდგება


ბარაკ ობამა და ჯონ ბრენანი
ბარაკ ობამა და ჯონ ბრენანი
ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის პოსტზე აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მიერ წარდგენილი კანდიდატი ხუთშაბათს სენატში მივა, სადაც, გავრცელებული ვარაუდით, პოსტზე დამტკიცებამდე რთულ შეკითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა. გავრცელებული ცნობებით, აშშ-ის სენატში დანიშნული განხილვის მთავარი თემა იქნება საიდუმლო პროგრამა, რომელიც ტერორისტების ადგილზე განადგურებას ემსახურება და რომლის შესახებაც ინფორმაციამ მიმდინარე კვირაში გაჟონა.

პრეზიდენტის მიერ დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარდგენილია ჯონ ბრენანი, რომელიც ამჟამად თეთრი სახლის მრჩეველია კონტრტერორისტულ საკითხებში, პრეზიდენტ ბუშის დროს კი ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში ეროვნულ კონტრტერორისტულ ცენტრს ედგა სათავეში. სწორედ ბრენანს მიიჩნევენ აშშ-ის იმ საჰაერო პროგრამის მთავარ ავტორად, რომელსაც ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ტერორისტების მოსაძებნად და დასახოცად მიმართავს.
სენატორები აცხადებენ, რომ ბრენანს აუცილებლად შეეკითხებიან იუსტიციის სამინისტროს გასაიდუმლოებული დოკუმენტის შესახებ. ამ დოკუმენტში იურიდიული გამართლებაა ფორმულირებული აშშ-ის იმ მოქალაქეების დახოცვისთვის, რომლებიც მიჩნეული იქნებიან ალ-ყაიდის ან მასთან დაკავშირებული რომელიმე ჯგუფის „მაღალი რანგის მოქმედ ლიდერებად“ და წარმოადგენენ ამერიკის წინააღმდეგ „ძალადობრივი შეტევის კარსმომდგარ საფრთხეს“.

ბრენანი იყო ადმინისტრაციის წარმომადგენელი პირველი ოფიციალური პირი, რომელმაც საჯაროდ აღიარა უპილოტო თვითმფრინავების გამოყენება ტერორისტების დასახოცად. ასეთი განცხადებით გამოვიდა ის მაისში:

„მოდით, მაქსიმალურად მარტივად გეტყვით: დიახ, კანონის სრული დაცვით, აშშ-ის ტერორისტების თავდასხმებისგან დაცვის მიზნით და ამერიკელების სიცოცხლის გადასარჩენად, აშშ-ის მთავრობა აწარმოებს მიზანმიმართულ თავდასხმებს ალ-ყაიდის კონკრეტული ტერორისტების წინააღმდეგ. ზოგჯერ საამისოდ დისტანციურად მართული საჰაერო ხომალდები გამოიყენება, რომლებსაც ხშირად დრონებს უწოდებენ ხოლმე“.

ოთხშაბათს თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტრო კონგრესის სადაზვერვო კომიტეტს გაუგზავნიდა საიდუმლო დოკუმენტებს, რომლებშიც აშშ-ის ტერორისტებად მიჩნეული მოქალაქეების უცხოეთში დახოცვის საკითხია განხილული.

ამ განცხადებას წინ უსწრებდა 11 სენატორის - მათ შორის, როგორც რესპუბლიკელების, ისე დემოკრატების - თხოვნა იუსტიციის სამინისტროს დოკუმენტების გაცნობის თაობაზე.

ობამასთვის გაგზავნილ წერილში სენატორები აცხადებდნენ, რომ თუ ეს ინფორმაცია კვლავაც ხელმიუწვდომელი დარჩებოდა, შეიძლება შეფერხებულიყო როგორც ბრენანის დამტკიცება, ისე ჩაკ ჰეიგელისა, რომელიც ობამამ თავდაცვის მინისტრად წარადგინა.

სამშაბათს თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯეი კარნიმ მიანიშნა, რომ გასაიდუმლოებული დოკუმენტების გადაცემა არ მოხდებოდა:

„როცა საქმე ამგვარ შემთხვევებთან გვაქვს, ინფორმაცია ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მოსაზრებებიდან გამომდინარეა ხოლმე გასაიდუმლოებული. ამას ამერიკელ ხალხს კი არ ვუმალავთ, არამედ მათ, ვინც ყოველდღიურად და მუდმივად ადგენს გეგმებს საიმისოდ, რომ აშშ-ს და ამერიკელ ხალხს ზიანი მიაყენოს“.

ბრენანის კანდიდატურის წარდგენის ირგვლივ კითხვები და პროტესტი გაუჩნდათ უფლებადამცველებს და ომის მოწინააღმდეგე ჯგუფებს. ამის მიზეზი მისი როლია უპილოტო თვითმფრინავების პროგრამაში - ისევე როგორც ის ფაქტი, რომ წარსულში ბრენანი გამოდიოდა დაკითხვის გაფართოებული და გამკაცრებული მეთოდებისა და ეჭვმიტანილთა გადაცემის საიდუმლო პროგრამის მომხრედ.

ერთ-ერთი ჯგუფის - Code Pink-ის - აქტივისტმა, სახელად ლორამ, ვაშინგტონში, ბრენანის სახლის წინ გამართული საპროტესტო აქციის მიზეზები ასე ახსნა:
„ჩვენ გვინდა ყურადღება მიაქციონ არა მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მიერ გატარებული დრონების მომაკვდინებელი პროგრამის შედეგად დაიხოცნენ, არამედ იმ ფაქტსაც, რომ ჩვენთვის მიუღებელია ეს კანდიდატურა; რომ გვსურს კონგრესმა მას სხდომების დროს მწვავე შეკითხვები დაუსვას და, ბოლოს, უარი თქვას ამ კანდიდატურის დამტკიცებაზე დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს ხელმძღვანელის პოსტზე“.

გავრცელებული ცნობებით, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის პოსტზე ბრენანის დანიშვნა ობამას ჯერ კიდევ 2008 წელს სურდა, თუმცა ბუშის ადმინისტრაციაში ბრენანის მიერ შესრულებული როლის გამო მისი გადაწყვეტილება ბევრმა გააპროტესტა და პრეზიდენტმა მაშინ უარი თქვა ამ კანდიდატის წარდგენაზე.
XS
SM
MD
LG