Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიდევ ერთი დაკავება საოკუპაციო ხაზთან


გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კოშკას მიმდებარე ტერიტორიაზე პარასკევ საღამოს ამ სოფლის მკვიდრი დავით კუდუხაშვილი დააკავეს. კუდუხაშვილი საკუთარი ნაკვეთის სიახლოვეს შეშას აგროვებდა, რა დროსაც რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გამოჩნდნენ და მას ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდება წაუყენეს. კუდუხაშვილი ჯერ სოფელ დმენისის, მოგვიანებით კი ცხინვალის მილიციის განყოფილების წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. დაკავებულის შვილი, ვანო კუდუხაშვილი, აცხადებს, რომ ცხინვალიდან მასთან კავშირზე ჯერ არავინ გასულა, მომხდარი ინციდენტის შემდეგ კი საქმის კურსში ქართველი სამართალდამცავები ჩააყენა.

კოშკას მცხოვრებლების განცხადებით, დაკავებული საკუთარი ნაკვეთის სიახლოვეს შეშას აგროვებდა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვერ გადავიდოდა, თუმცა, მათივე თქმით, ამ დრომდე გაურკვეველია, სად მთავრდება სოფლის ტერიტორია და საიდან იწყება მეზობელი ოკუპირებული ოსური სოფლის, ხელჩუას, მიწა. ამიტომ კოშკელები ადგილობრივი მთავრობისგან მეტ ინფორმაციას ითხოვენ.

გასული თვის განმავლობაში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულთა რაოდენობამ 20-ს გადააჭარბა. კუდუხაშვილის დაკავების ფაქტზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ცხელი ხაზი აამოქმედა. ქართველი სამართალდამცავები ოს კოლეგებთან დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით მოლაპარაკებას აწარმოებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG