Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენი და არასამთავრობოები დაკითხვის ახალი წესის წინააღმდეგ


პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა კანონპროექტს „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შესახებ“, პრინციპების დონეზე, მხარი დაუჭირა. საქმე ეხება ცვლილებებს იმ მუხლებში, რომლებიც მოწმეთა დაკითხვის წესებს არეგულირებს.

ახალ წესებს ეწინააღმდეგებიან არასამთავრობო ორგანიზაციები და საპარლამენტო უმცირესობა. 4 დეკემბერს განცხადება საქართველოს სახალხო დამცველმაც გამოაქვეყნა. ომბუდსმენს მთავრობის ეს ინიციატივა არ მოსწონს და მიიჩნევს, რომ კანონპროექტი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებს არ ესადაგება.

მთავარი, რაც სიხლის სამართლის საპროცესო კოდექსში იუსტიციის, შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროების, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით იცვლება, არის ახალი ჩანაწერი 114-ე მუხლში, რომელიც გამოძიების დროს მოწმეთა დაკითხვის წესს არეგულირებს.

ამ ჩანაწერის მიხედვით, მოწმეს აქვს უფლება უარი თქვას ჩვენების მიცემაზე, თუმცა ბრალდების მხარეს შეუძლია ის დაიბაროს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დასაკითხად, თუ არსებობს ეჭვი, რომ ის გამოძიებისთვის საჭირო ინფორმაციას მალავს და გამოკითხვაზე უარს ამბობს.

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი და სახალხო დამცველი მიიჩნევენ, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ეს ცვლილება ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება. სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა საკომიტეტო განხილვის დაწყებამდე ომბუდსმენის ვებგვერდზე განცხადება გამოაქვეყნა:

„აღნიშნული წარმოადგენს მოწმის მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვის საკმაოდ ფართო საფუძველს, რაც გამოიწვევს იმას, რომ მოწმეთა აბსოლუტური უმრავლესობა ამ წესით დაიკითხება და მოწმის გამოკითხვის ნებაყოფლობითობის პრინციპი ფორმალური გახდება. აღნიშნული საგამონაკლისო წესი მიიღებს ფართომასშტაბიან ხასიათს და პრაქტიკულად მოწმის დაკითხვის იძულების წესის გადმოტანა მოხდება საგამოძიებო ორგანოებიდან სასამართლოში“.

ამ აზრს არ იზიარებს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, რომელმაც საკომიტეტო მოსმენის დროს განმარტა, რომ ეს ჩანაწერი სამართალდამცავებს საშუალებას აძლევს მოიპოვონ გამოძიებისთვის საჭირო ინფორმაცია იმ შემთხვევაში, თუ არც ერთი მოწმე არ არის თანახმა მათთან ნებაყოფლობით ითანამშრომლოს:

„სრული უთანამშრომლობის პირობებში რა ქნას სახელმწიფომ? არ ებრძოლოს დანაშაულს? აი, სწორედ ასეთი გამონაკლისის სახით, ვფიქრობთ, უპრიანი, გონივრული და სამართლებრივად ყოველმხრივ დასაბუთებული იქნება, რომ სახელმწიფოს დავუტოვოთ ბერკეტი, სრული უთანამშრომლობის პირობებში, დანაშაულის შემსწრე პირებისგან ინფორმაციის მოსაპოვებლად“.

კანონპროექტის მოწინააღმდეგეები მოითხოვენ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში 114-ე მუხლი დარჩეს ისე, როგორც ეს 2010 წელს ამ დოკუმენტის მიღების დროს ჩაიწერა. ეს წესი მოწმეს უფლებას აძლევს, უარი თქვას გამოძიებისთვის ჩვენების მიცემაზე და, საჭიროების შემთხვევაში, ის მხოლოდ მაგისტრატ მოსამართლესთან დაიკითხოს.

არასამთავრობო ორგანიზაციები ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ, ახალი ცვლილებით, მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვის დროს დაცვის მხარეს დასწრების უფლება არ აქვს. ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი სოფო ვერძეული მიიჩნევს, რომ როდესაც, ამავე კანონპროექტით, ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემა სისხლის სამართლით ისჯება, არსებითი სასამართლო განხილვის დროს მოწმის ხელახლა დაკითხვას, ფაქტობრივად, აზრი ეკარგება:

„იქ, სადაც ცრუ ჩვენება დასჯადია, ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება დასჯადი არ არის. ამიტომაც, ჩემი თხოვნა იქნებოდა, ამ საკითხს პრინციპულად მიაქციონ ყურადღება“.

მოწმეთა დაკითხვის ახალ წესს ოპონენტებზე ზეწოლად მიიჩნევს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აკაკი მინაშვილი. ის ამბობს, რომ ეს ცვლილებები მხოლოდ ხელისუფლებას აძლევს ხელს და არა საზოგადოებას:

„პროკურატურას, გამოძიებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა საგამოძიებო უწყებებს არ უნდათ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და უნდათ სამართალდამცავი ბერკეტები გამოიყენონ ოპონენტების, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ“.

ახალი კანონპროექტის ავტორები და მომხრეები ამ წესის შეცვლას საჯარო ინტერესებს უკავშირებენ. როგორც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გედევან ფოფხაძემ საკომიტეტო განხილვისას თქვა, მას, ადამიანის უფლებების კუთხით, მართალია, კანონპროექტი არ მოსწონს, მაგრამ, მისი აზრით, ეს ინიციატივა დაბალანსებულია:

„მე ამ შემთხვევაში, პრინციპების დონეზე, მხარს ვუჭერ ინიციატივას, თუმცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განხილვისას შეიძლება ჩემი განსხვავებული პოზიცია დავაფიქსირო“.

კანონპროექტის მიხედვით, მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი არ შეეხება რამდენიმე მძიმე დანაშაულს, მათ შორის, ტერორიზმს და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას. ამ შემთხვევებში კიდევ ორი წლით იმუშავებს წესი, რომლის მიხედვითაც, მოწმე ვალდებულია გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

XS
SM
MD
LG