Accessibility links

თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ შენობა მთლიანად დაიწვა. ღამის სამ საათზე გაჩენილ ცეცხლს მეხანძრეები რვა საათის განმავლობაში აქრობდნენ. დაიწვა იქვე მდებარე საბითუმო ბაზრობის ნაწილიც. ათეულობით ადამიანის ზარალს ამ დრომდე ითვლიან. პროცესში ჩართულია სადაზღვევო კომპანია „ალდაგიც“. სწორედ ამ კომპანიაში იყო დაზღვეული სავაჭრო ცენტრის შენობა. მომხდარის გამო საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით აღიძრა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ნატო ვასაძე წლებია სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ შენობაში მდებარე სილამაზის სალონში კოსმეტოლოგად მუშაობს და ყოველდღიურად ნაშოვნი ფულით შვიდსულიან ოჯახს არჩენს. 29 იანვარს, საღამოს, მან სალონი დაკეტა, განვადებით ნაყიდი ძვირად ღირებული აპარატურა შეინახა და, დაქანცული, სახლში დაბრუნდა. ვერც კი წარმოიდგენდა, რომ დილით თავისი სამუშაო ადგილი მთლიანად დამწვარი დახვდებოდა. ის და ათობით სხვა ადამიანი, ვინც ამ სავაჭრო ცენტრში და მის მიმდებარედ არსებულ ე.წ. საბითუმო ბაზრობაზე მუშაობდა, ამ დრომდე გაურკვევლობაშია - სად წავლენ? ვინ გამოუყოფს ფართს? რით გადაიხდიან ბანკების ვალებს? როგორ გამოკვებავენ ოჯახებს?

„ვალები გვაქვს ყველას ბანკების. დაგვეხმაროს ხელისუფლება. არ ვიცი როგორ მოვიქცეთ, რა ვქნათ“...

„ძალიან დიდი ზარალი გვაქვს, ძალიან... ეს უკვე მეორე ხანძარია ამ ბოლო ხნის განმავლობაში“.

„მილიონებზე იქნება, ალბათ, ლაპარაკი. მარტო მე, ჩემს ოჯახს ჰქონდა 60-70 000 ლარის საქონელი, რაც სულ განადგურდა“...

„მე სამი ათასი ლარის საქონელი დამეწვა. სხვასთან შედარებით იქნებ ცოტაა, მაგრამ ჩემთვის ყველაფერი იყო. დღეში 10 ლარი მრჩებოდა და ამით ვცხოვრობდი... არც დაზღვეული მაქვს რამე და არაფერი. რა გვეშველება?“

„ბავშვთა სამყარო“ ხანძრის შემდეგ
„ბავშვთა სამყარო“ ხანძრის შემდეგ

„ბავშვთა სამყაროს“ შენობაში ხანძარი შუაღამის სამის ნახევარზე გაჩნდა. ცეცხლი შენობას მალევე მოედო და, როგორც სამაშველო სამსახურის უფროსის მოადგილე დავით გელაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ხანძარს მთელი ღამის განმავლობაში მეხანძრეთა 30-მდე ეკიპაჟი აქრობდა. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ორი მეხანძრე დაშავდა:

„შეტყობინება 04.11 ს-ზე შემოვიდა და პირველ სამ წუთში მოვიდნენ ადგილზე პირველი დანაყოფები. იწვოდა „ბავშვთა სამყარო“ და მის მიმდებარედ არსებული ღია სავაჭრო ფართობები. საერთო ფართობი 13 000 კვადრატული მეტრია. 31 სამაშველო ეკიპაჟი აქრობდა ცეცხლს. იყო საშიშროება, რომ ხანძარი გავრცელებულიყო ბორჯომის ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე და მეტროპოლიტენის ჩასასვლელშიც, თუმცა ეს საფრთხეები უკვე აღარ არსებობს. დიდი ტემპერატურის ზემოქმედების გამო შენობის ზოგი კოსტრუქციული ნაწილი დაზიანდა და ზოგ ადგილას ჩამოინგრა კიდეც“.

ხანძარი ჩააქრეს, მაგრამ შენობა, ფაქტობრივად, დასანგრევია. შიგნით ჯერჯერობით არავის უშვებენ, რადგან არსებობს მისი ჩამონგრევის საფრთხე. თუმცა ხალხს მაინც იმედი აქვს, რომ შეიძლება გადარჩენილი იყოს სეიფებში შენახული ოქრო - როგორც ცნობილია, სწორედ ამ შენობაში იყო განთავსებული ოქროს ნაკეთობების ბაზრობაც. საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ხელმძღვანელის, ზვიად წაქაშვილის, განცხადებით, დამწვარ შენობაში დარჩენილი ოქროული ჩაკეტილია და მას დაცვა იცავს:

მეხანძრეები
მეხანძრეები

„ჩვენი ინფორმაციით, ეს ოქროული დახურულ სივრცეშია ჩაკეტილი, შსს-ს წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ, რომ პერიმეტრი მთლიანად იყოს დაცული, პროცესში ჩართულები არიან მერიის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები, ექსპერტები, რომლებიც სწავლობენ, რა ხდება შიგნით და რამდენიმე საათში მეტის თქმას შეძლებენ, როცა შენობა გაცივდება“.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი შენობის უკანა მხარეს, ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩნდა და „ბავშვთა სამყაროზეც“ გავრცელდა. თუმცა ზუსტ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. „ბავშვთა სამყაროსთან“ დილიდანვე მივიდნენ ქალაქის თვითმმართველობის პირველი პირები. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ პასუხისმგებლობა მომხდარზე ბაზრობის ადმინისტრაციამ უნდა აიღოს. მისი თქმით, დედაქალაქის ბიუჯეტიდან თანხა ვერ გამოიყოფა:

„ზარალი საკმაოდ დიდია. ასეთი მასშტაბის ხანძარი, ბოლო წლებია, არც მომხდარა ქალაქში. რთული ვითარებაა, რადგან ბევრი ადამიანი დაზარალდა. თუმცა დედაქალაქის ბიუჯეტიდან მათ დასახმარებლად თანხა ვერ გამოიყოფა, მაგრამ თუ სხვა მხრივ შევძლებთ დახმარებას, რაც ჩვენს კომპეტენციაში შედის, მზად ვართ დაზარალებულებს დავეხმაროთ“.

ადგილზე დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილიც გამოჩნდა. მან თქვა, რომ, სავარაუდოდ, შენობა დაშლას ვერ გადაურჩება. რაც შეეხება დახმარებას, ალიბეგაშვილმა განაცხადა, რომ დაზარალებულები სახელმწიფოს მხრიდან თანადგომას იგრძნობენ, თუმცა ჯერჯერობით არავინ იცის, რაში გამოიხატება ეს თანადგომა. როგორც დიდუბის რაიონის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა უთხრა ჟურნალისტებს, ამ ზარალის ანაზღაურება გამგეობის შესაძლებლობებს აღემატება.

როგორც გაირკვა, „ბავშვთა სამყაროს” შენობა მის მეპატრონეს დაზღვეული ჰქონდა სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“ 6 მილიონ ლარად, თუმცა დაზღვეული არ ყოფილა მოვაჭრეთა კუთვნილი ქონება. როგორც მედიასთან საუბრისას განაცხადა სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ ქონებრივი ზარალის მართვის დეპარტამენტის დირექტორმა ვახტანგ ებიტაშვილმა, ამ ეტაპზე ხანძრის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. ებიტაშვილის განცხადებით, თუ შენობის გარემონტება შესაძლებელი იქნება, რემონტის ხარჯებს კომპანია დაფარავს, ხოლო თუ მისი აღდგენა შეუძლებელი იქნა, მაშინ უკვე კომპანიას ზიანის სრულად ანაზღაურება მოუწევს.

„ბავშვთა სამყაროს” მოვაჭრეების ნაწილი 30 იანვარს აცხადებდა, რომ სავაჭრო ცენტრში ხანძარი განზრახ გააჩინეს, რადგან, მათივე ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრის აშენება უნდოდათ. ამ საკითხს „ბავშვთა სამყაროს“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მაჭავარიანიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ჯობს ყველა დაელოდოს გამოძიების შედეგებს. მაჭავარიანი ამბობს, რომ ზარალი, სავარაუდოდ, რამდენიმე მილიონ ლარს აღწევს, რაც შეეხება პასუხისმგებლობას, „ბავშვთა სამყაროს“ დირექცია მზად არის მომხდარზე თავისი წილი პასუხისმგებლობა იკისროს.

„’ბავშვთა სამყაროს’ დირექცია ყველანაირ თავის პასუხისმგებლობას აიღებს საკუთარ თავზე. ჩვენ ახლა ველოდებით გამოძიების შედეგებს. ვნახოთ, რას იტყვიან, იმიტომ რომ ახლა არანაირი პასუხი არაფერზე არ მაქვს. ასეთი ხანძარი წარმოუდგენელი იყო ჩემთვის“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

კიდევ ერთი დიდი ხანძარი „ბავშვთა სამყაროსთან“ ახლოს, ე.წ. ბოშების ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2014 წელს გაჩნდა. მაშინ 2 500 კვადრატული მეტრი ფართი დაიწვა, ხოლო ხანძრის მიზეზად „გაუმართავი ელექტროგაყვანილობა“ დასახელდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG