Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ აღმოაჩინა დავით ბაქრაძის საბანკო ანგარიშები?


დავით ბაქრაძე
დავით ბაქრაძე

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის საქმეზე საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით, რაც დეკლარაციაში განზრახ არასწორი მონაცემის შეტანასა და უკანონო ან/და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გზებით მოხვდა მედიასაშუალებების ხელში დავით ბაქრაძისა და მისი მეუღლის საბანკო ანგარიშებთან დაკავშირებული ინფორმაცია. დასჯად ქმედებაზე მიანიშნებენ და ამ საკითხს ცალკე გამოსაძიებლად მიიჩნევენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და მესამე სექტორის წარმომადგენლები.

გამოძიება, რომელიც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაიწყო, სისხლის სამართლის კოდექსის 355-ე მუხლითა და 194-ემუხლის მესამე ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს, ხოლო სავარაუდო სასჯელი ჯარიმიდან 12 წლით თავისუფლების აღკვეთამდე მერყეობს. საუბარია თითქმის 277 ათას გირვანქა სტერლინგზე (795 ათასი ლარის ეკვივალენტი) - არადეკლარირებულ თანხაზე. HCBS ბანკის ინგლისის ოფისში გახსნილი ანგარიშები, ფულის სხვა ანგარიშზე გადატანის მიზნით, დავით ბაქრაძემ და მისმა მეუღლემ ივლისის ბოლოს დახურეს.

ეს ინფორმაცია დაადასტურა დავით ბაქრაძემ და წერილობით განცხადებაში განმარტა, რომ ფული სავსებით კანონიერად არის მიღებული მას შემდეგ, რაც 2002 წელს მისმა სიმამრმა საკუთარი სახლი 400 ათას დოლარად მიჰყიდა შვეიცარიის საელჩოს საქართველოში, უცხოური ბანკის ანგარიშზე კი მისმა მეუღლემ - მაკა მეტრეველმა - თანხა, მამის თხოვნით, 7 წლის შემდეგ, ანუ 2009 წელს, შეიტანა. დავით ბაქრაძემ უძრავი ქონების გაყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტები გამოაქვეყნა. ის თვლის, რომ კანონი არ დაურღვევია, რადგანაც სახლი 2002 წელს გაიყიდა - მაშინ, როცა მას არანაირი შეხება არ ჰქონდა პოლიტიკასთან. მაგრამ, სამაგიეროდ, საბანკო ანგარიშის გახსნისას დავით ბაქრაძე პარლამენტის თავმჯდომარე იყო. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება შეისწავლის საბანკო ანგარიშებზე დაფიქსირებული თანხების წარმომავლობის კანონიერებასაც.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მედიასაშუალებებში გამოქვეყნებულ საბანკო დოკუმენტებში ასახული თანხა ბევრად აღემატება ოჯახის წევრების ერთობლივ შემოსავალს, რაც დავით ბაქრაძის მიერ არის დაფიქსირებული თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციაში:

”2009-დან, 2014 წლის ჩათვლით, ბაქრაძეს საჯარო მოხელის 6 დეკლარაცია აქვს შევსებული და არც ერთ მათგანში აღნიშნულ თანხასთან დაკავშირებით ინფორმაცია მითითებული არა აქვს”.

”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ინფორმაციით, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არასახვა, სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, დასჯადი ქმედებაა. თუმცა, როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელმა ლევან ნატროშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, იმისათვის, რომ დავით ბაქრაძის საქმემ შერჩევით სამართალთან დაკავშირებული ეჭვები არ გაამყაროს, შესწავლილ უნდა იქნეს ამჟამინდელი საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატის დეკლარაციაც:

”ასეთი შემთხვევები დაფიქსირებული ჰქონდა ჩვენს ორგანიზაციას გასულ თვეებშიც და გასულ წლებშიც... მაგალითად გეტყვით, რომ პარლამენტის 8 წევრზე გვქონდა ანგარიშში ჩვენ ლაპარაკი, რომლებსაც გარკვეული ქონება არ ჰქონდათ მითითებული თავიანთ დეკლარაციებში, მაგრამ მაშინ არ დაწყებულა არანაირი გამოძიება ამ საკითხების შესასწავლად. მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხებში პროკურატურა იყოს თანმიმდევრული”.

ლევან ნატროშვილის თქმით, წერილობითი განცხადებით დავით ბაქრაძემ პრაქტიკულად უკვე დაადასტურა, რომ დაარღვია კანონის მოთხოვნა, რაც მას დეკლარაციის კეთილსინდისიერად და ზუსტად შევსებას ავალდებულებს. თუმცა, მეორე მხრივ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი საჭიროდ მიიჩნევს, რომ გამოძიება საგანგებოდ დაინტერესდეს კიდევ ერთი დასჯადი ქმედებით, რაც პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებასა და გამოყენებას გულისხმობს. ამ საკითხს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლი არეგულირებს. აქვე უნდა ითქვას, რომ 20 აგვისტოს გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში დავით ბაქრაძე გამოხატავდა აღშფოთებას და აღნიშნავდა, რომ საქართველოში გრძელდება მოსმენის, თვალთვალისა და პირადი ინფორმაციის გამოქვეყნების დაუსჯელი პრაქტიკა. ”ფაქტი, რომ სრულიად გაურკვეველი გზით მოხდა კერძო წერილის გახსნა, წაკითხვა და ყალბი ანგარიშით ინტერნეტში ატვირთვა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ფართოდ იყენებს და ახალისებს პოლიტიკური ოპონენტების დევნასა და თვალთვალს, აგრეთვე პირადი შურისძიების მიზნით პერსონალური და კონფიდენციალური ინფორმაციის გამოქვეყნების პრაქტიკას”, - ვკითხულობთ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის განცხადებაში.

რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში დასჯად ქმედებაზე ლაპარაკობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანიც. ის თვლის, რომ საკითხი საგანგებო ყურადღებას საჭიროებს:

”ამ შემთხვევაში ეს იყო კერძო კომუნიკაციის საიდუმლოს დარღვევა და ასევე პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევა. ეს არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული. მე კონკრეტულ კვალიფიკაციაზე, ბუნებრივია, ვერ ვილაპარაკებ - ეს საგამოძიებო ორგანოების პრეროგატივაა”.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება შეისწავლის მედიაში გავრცელებული ინფორმაციის ნამდვილობას, თუმცა არ დაწყებულა გამოძიება საგანგებოდ პირადი საიდუმლოს ხელყოფის მიმართულებით. დავით ბაქრაძესთან დაკავშირებული ინფორმაციის თავდაპირველი მომპოვებლისა და მომწოდებლის შესახებ, როგორც თავად აცხადებენ, არაფერი იციან ინფორმაციის გამავრცელებელმა მედიასაშუალებებმა. მაგალითად, როგორც საინფორმაციო სააგენტო ”რეპორტიორის” საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ანა ნოდიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, მის ორგანიზაციას ეს ინფორმაცია უცნობმა წყარომ სოციალურ ქსელ ფეისბუქში, პირადი შეტყობინების სახით, დავით ბაქრაძის სახელით გამოუგზავნა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG