Accessibility links

მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში საქართველოში შობადობის მაჩვენებლის უარყოფითი ტენდენციები არ შეინიშნება, დემოგრაფიულ საკითხებში ექსპერტთა ვარაუდით, უახლოეს პერიოდში ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაუარესდება.

please wait

No media source currently available

0:00 0:04:50 0:00
Direct link

ამ განცხადებას აქვეყნებს თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი და დასტურად მოჰყავს გაეროს მიერ ჩატარებული კვლევებისა და დემოგრაფიული სიტუაციის პროგნოზი, რომლის მიხედვითაც, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს დემოგრაფიული პოლიტიკა და სტრატეგიები არ შეიცვალა, ქვეყნის მოსახლეობა 2050 წლისთვის 2 985 000 გახდება. რას აკეთებს სახელმწიფო იმისათვის, რომ ქვეყანაში განხორციელდეს შობადობის სტიმულირება და რა რეკომენდაციები აქვს სახელმწიფოსთვის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს?

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა შეისწავლა მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პოლიტიკა, რომელიც, შეიძლება ითქვას, დღეს ერთ-ერთი ძირითადი მექანიზმია საქართველოში დემოგრაფიული პრობლემების მოგვარების თვალსაზრისით. გოგა თუშურაშვილი, ინსტიტუტის ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ყურადღებას ამახვილებს 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგებზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოში მცხოვრები მოქალაქეების რაოდენობა, 2002 წლის აღწერასთან შედარებით, 15 %-ითაა შემცირებული. გარდა ამისა, ის საყურადღებოდ მიიჩნევს გაეროს მიერ ჩატარებული გამოკვლევის მონაცემს, რომლის მიხედვითაც, თუკი საქართველოს დემოგრაფიული პოლიტიკა და სტრატეგიები არ შეიცვალა, ქვეყნის მოსახლეობა 2050 წლისთვის 2 985 000 გახდება. გოგა თუშურაშვილი ამბობს, რომ აუცილებელია სახელმწიფოს პოლიტიკის გადახედვა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ რეალურად შეეწყოს ხელი ოჯახებს და შობადობის გაზრდას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში 2014 წლიდან მოქმედებს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც შვიდ რეგიონში სამი და მეტშვილიანი ოჯახებისათვის ფულად დახმარებას გულისხმობს, გოგა თუშურაშვილი ფიქრობს, რომ ეს სიტუაციის გამოსასწორებლად საკმარისი არ არის:

„მიგვაჩნია, რომ, პირველ რიგში, პროგრამა უნდა გავრცელდეს მთლიანად საქართველოს მასშტაბით და არ უნდა იყოს მხოლოდ იმ შვიდ რეგიონზე, სადაც უარყოფითი მაჩვენებლები ფიქსირდება შობადობის თვალსაზრისით. აგრეთვე, მიგვაჩნია, რომ უნდა გაიზარდოს დახმარების პერიოდი. ახლა დახმარების პერიოდი მხოლოდ ორ წელიწადს მოიცავს. აგრეთვე, მიგვაჩნია, რომ არა მხოლოდ ფინანსური დახმარება, აგრეთვე მნიშვნელოვანია საგადასახადო შეღავათების დაწესება. ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა მოიფიქროს ჯანდაცვის უკეთესი დაზღვევის პაკეტების შეთავაზება მრავალშვილიანი ოჯახებისთვის; გარდა ამისა, კომუნალური შეღავათების დაწესება და ეს ყველაფერი უნდა მოხდეს კომპლექსურად“.

მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში შობადობის მაჩვენებლის უარყოფითი ტენდენციები არ შეინიშნება, დემოგრაფიულ საკითხებში ექსპერტთა ვარაუდით, უახლოეს პერიოდში ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაუარესდება. ვარაუდი გამყარებულია იმ მოსაზრებით, რომ 2017-2018 წლებიდან ქორწინებისა და რეპროდუქციული პოტენციალის ასაკში შევა 90-იან წლებში დაბადებული მოსახლეობა, როდესაც საქართველოში შობადობა ძალიან დაბალი იყო. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეიმუშაოს შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკა დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ საქართველოში განხორციელებული ბავშვებისა და მათი ოჯახების კეთილდღეობის კვლევების მიხედვით, ოჯახებში ბავშვთა რაოდენობის ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად იზრდება სიღარიბის მაჩვენებელიც. შესაბამისად, დემოგრაფიული პრობლემების მოგვარების კონტექსტში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეფექტური სახელმწიფო პოლიტიკის არსებობა მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების თვალსაზრისით. ილიას უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი ავთანდილ სულაბერიძეც რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ აუცილებელია ქვეყანაში განხორციელდეს შობადობის სტიმულირების პროგრამა, რადგან 2022-25 წლისთვის შობადობის შემცირებაა მოსალოდნელი:

„პირველ რიგში უნდა შეიქმნას ეკონომიკური, მატერიალური ბაზა. მე წინააღმდეგი ვარ, რომ მხოლოდ სამ და მეტშვილიანებს უწევენ დახმარებას. ეს დისკრიმინაციაა. პირველ და მეორე ბავშვს არ უნდა გაზრდა? როგორ ფიქრობთ? მიდის ათასნაირი მშენებლობა, კი ბატონო, კარგია, მაგრამ ვისთვის ვაშენებთ? ჩვენი ერი იქნება ამდენი? ჩვენი მოსახლეობა იქნება ამდენი? ვინ იქნება ამის პატრონი?“

დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის 2017 წლის თებერვლის მონაცემებით, ფულადი დახმარება 11 000 ბენეფიციარზე გაიცემა. პროგრამის მიხედვით, 2014 წლიდან დახმარებას იღებს იმ რეგიონში მცხოვრები მესამე და მომდევნო ბავშვი, სადაც არ იყო დაფიქსირებული ბუნებრივი მატება. ასეთ რეგიონებად 2014 წელს კახეთი, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, გურია, მცხეთა-მთიანეთი და იმერეთი დასახელდა, თუმცა 2017 წელს ამ ექვს რეგიონს კიდევ ერთი, სამცხე-ჯავახეთი, დაემატა. მაღალ მთაში ფულადი დახმარება თვეში 200 ლარია, დანარჩენ ტერიტორიაზე კი - 150 ლარი, სანამ ბავშვს არ შეუსრულდება 2 წელი. თუმცა მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონის დამტკიცების შემდეგ მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისათვის დახმარების პირობები შეიცვალა და დახმარებას ოჯახში ნულიდან 2 წლამდე მცხოვრები ყველა ბავშვი იღებს. სოციალური მომსახურების სააგენტოს პენსიისა და სოციალური დახმარების სამმართველოს უფროსის, თეა გვარამაძის, თქმით, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამისთვის 2017 წელს 22 მილიონი ლარია გათვალისწინებული:

„2017 წელს მესამე და მომდევნო ბავშვთა რაოდენობა იმ რეგიონებში, რომელსაც პროგრამის ფარგლებში ვეხმარებით, დაახლოებით, 300-ითაა გაზრდილი. ჩვენ ვაკვირდებით ტენდენციას და ასე ფიქსირდება, ყოველთვიურად 300 ბავშვით იზრდება. ჩვენ ამ პროგრამისთვის გათვალისწინებული გვაქვს თანხა 22 მილიონამდე, რადგან ჩვენ წლის განმავლობაში ველოდებით მატებას და წლის ბოლომდე უნდა გვქონდეს თანხა განსაზღვრული“.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი 10-მდე რეკომენდაციას იძლევა, მათ შორის: სახელმწიფო პროგრამამ უზრუნველყოს ფინანსური დახმარების დამატებითი გარანტიების შექმნა იმ ბავშვისთვის, რომელიც განსაკუთრებულ მზრუნველობას საჭიროებს ან რომელსაც ერთი მშობელი დამოუკიდებლად ზრდის; საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული სტანდარტების შესაბამისად, უზრუნველყოს შესაბამისი კანონპროექტის მომზადება, სადაც გათვალისწინებული იქნება მრავალშვილიანი ოჯახებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში მრავალშვილიანი ოჯახებისთვის უკეთესი პირობებისა და ჯანმრთელობის დაზღვევის მეტი გარანტიების შექმნა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG