Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ზუგდიდში ადგილობრივ ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ


დევნილების ერთ-ერთი საცხოვრებელი ზუგდიდში
დევნილების ერთ-ერთი საცხოვრებელი ზუგდიდში

სამოქალაქო მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ ლიდერი თენგიზ ჯგუშია ადგილობრივ ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს. შესაბამისი განცხადება მან ზუგდიდში ენგურქაღალდკომბინატის დასახლებაში დევნილთა საცხოვრებელი სახლების დათვალიერებისას გააკეთა. თენგიზ ჯგუშიას თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე დევნილებს პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატები ბევრს დაჰპირდნენ, მაგრამ არც ერთი დაპირება არ შეუსრულებიათ. მისი თქმით, ენგურქაღალდკომბინატის დასახლების მაჟორიტარი დეპუტატი ნიკოლოზ ზარქუა დევნილების პრობლემით არც დაინტერესებულა და ადგილობრივმა მოსახლეობამ არც კი იცის, ვინ არის მათი წარმომადგენელი საკრებულოში:

„ოთხი თვე გავიდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან. ეს ყოველგვარ გონივრულ პოლიტიკურ თაფლობის თვეზე მეტია. ოთხი თვის განმავლობაში ყელგამოწვდილი იხვეწებოდნენ ხმებს როგორც „ქართული ოცნების“, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები და შემდეგ ეს ადამიანები ავიწყდებათ“.

თენგიზ ჯგუშია კომბინატის უბანში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ელიავების ოჯახშიც მივიდა. მისი თქმით, უსამართლობაა, როცა, უმძიმეს პირობებში ცხოვრების მიუხედავად, მათ ახალი საცხოვრებელი მაინც ვერ მიიღეს. მისი სიტყვები დაადასტურა ოჯახის დიასახლისმა. ლია ელიავას განმარტებით, მისი მეუღლე მიკროავტობუსის მძღოლის თანაშემწედ მუშაობს და სოციალური მომსახურების სააგენტომ ექვსსულიან ოჯახს საჭირო ქულები შემოსავლის ამ წყაროს გამო არ მიანიჭა:

„დაელოდეთო, ფოთში მოგცემთო. ფოთში აპლიკაცია შევავსეთ, არ მოგვცეს. ახლა თაბუკაშვილის ქუჩაზე დაელოდეთო და იქაც უიმედოდ ვართ. ველოდებით, როდის წაგვიყვანენ“.

იძულებით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრისას თენგიზ ჯგუშიამ პირობა დადო, რომ ის განსაკუთრებულ ყურადღებას მომავალში სწორედ დევნილების საკითხს დაუთმობს. მისი ცნობით, „სამეგრელოს ხმამ" რეაგირებისათვის უკვე მიმართა საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს.

თენგიზ ჯგუშიას ბრალდებას, რომ მაჟორიტარი დეპუტატი არც დაინტერესებულა ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებით, არ იზიარებს ნიკოლოზ ზარქუა. ენგურქაღალდკომბინატის დასახლების მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, „ქართული ოცნება“ ეტაპობრივად შეასრულებს წინასაარჩევნოდ გაცემულ ყველა დაპირებას:

„ამ საკითხებზე ყურადღება მახვილდება. პოპულისტობას ბავშვობიდან არ ვარ შეჩვეული. მე ვიცი კონკრეტულად ამ ხალხს რა პირობები აქვთ. იქაური გაზრდილი ვარ და ბავშვობიდან მესმის მათი გასაჭირი და ყოველდღიურად ვხედავ“.

არც ლტოლვილთა სამმართველოს ზუგდიდის ოფისში იზიარებენ „სამეგრელოს ხმის“ ლიდერის ბრალდებებს. სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელ მალხაზ ჟვანიას განცხადებით, ლია ელიავა იმყოფებოდა მათთან ოფისში და მიეწოდა დეტალური ინფორმაცია, რის საფუძველზე არ მოხდა ამ ეტაპზე მათი განსახლება:

„ყველა დევნილმა იცის, რომ ბინების გაცემა ხდება კრიტერიუმების მიხედვით. ამ ქალბატონს არაფერი არ ჰქონდა - არც სოციალური, არც არაფერი - და ამიტომაც არ მოუვიდა ქულები“.

მალხაზ ჟვანიას განცხადებით, პირველ ეტაპზე საცხოვრებელი გადაეცემა განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში მცხოვრებთ. ყველა იძულებით გადაადგილებული პირის ახალი საცხოვრებლით უზრუნველყოფა კი 2016 წელს დასრულდება.

ენგურქაღალდკომბინატის დასახლებაში ყოფნისას თენგიზ ჯგუშიამ ასევე განაცხადა, რომ „სამეგრელოს ხმის“ ბაზაზე დაფუძნდა ახალი მოძრაობა „მოითხოვე და შეასრულე დანაპირები“. ჯგუშიას თქმით, ახალი მოძრაობის მთავარი ფუნქცია იქნება ადგილობრივ ხელისუფლებას შეახსენოს გაცემული დაპირებები და მოსთხოვოს მათი შესრულება.

XS
SM
MD
LG