Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ებოლა: სწრაფი რეაგირების რაზმები


ამერიკაში ორი ტიპის სწრაფი სამედიცინო რეაგირების რაზმები იქმნება. სპეციალისტთა ჯგუფები მზად არიან ორიოდ საათში ებოლასთან საბრძოლველად ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში გაემგზავრონ.

ებოლასთან საბრძოლველად შექმნილ სწრაფი სამედიცინო რეაგირების თითოეულ რაზმში 20 სპეციალისტი ერთიანდება. ორ სხვადასხვა სახის ჯგუფს მოსამზადებლად სულ რამდენიმე საათი აქვს და ამერიკის ნებისმიერ კუთხეში გასამგზავრებლად მუდმივად მზადყოფნაშია.

„ჯგუფი „სერტი“ საავადმყოფოს თანამშრომლებს დაავადების სწორ დიაგნოსტიკაში ეხმარება. სპეცდანიშნულების რაზმში გაერთიანებული არიან ინფექციის კონტროლის სპეციალისტები, კლინიცისტები, ინციდენტის გამომძიებლები, კომუნიკაციის ექსპერტები და მრავალი სხვა დარგის სპეციალისტი, მათ შორის ლაბორატორიის თანამშრომლებიც“ - აღნიშნავს ჯორდან ტაპერო, დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრებში ებოლას ინციდენტების მენეჯერის თანაშემწე.

სწრაფი სამედიცინო რეაგირების რაზმები პრეზიდენტ ობამას განკარგულებით მას შემდეგ შეიქმნა, რაც შეერთებულ შტატებში ებოლით დაავადების პირველი დადასტურებული შემთხვევა აღინიშნა. ლიბერიიდან ჩამოსული პაციენტის ერიკ დუნკანის დაღუპვის შემდეგ ნათელი გახდა, რომ საავადმყოფოების უმრავლესობა ვირუსთან ბრძოლისთვის მზად არ იყო. როცა დაავადება რამდენიმე ადამიანს გადაედო, ბევრმა ამერიკელმა თითი ჯანდაცვის ექსპერტებისკენ გაიშვირა. სპეცდანიშნულების მეორე ტიპის რაზმი -„ფასთი“- საავადმყოფოების ებოლასთვის მზადების დონეს ამოწმებს. პრეზიდენტ ობამას თქმით სწრაფი სამედიცინო რეაგირების რაზმები პროცედურების სწორ დაცვას უზრუნველყოფენ.

„დადგენილ წესებს ნაბიჯ-ნაბიჯ თუ მივყვებით, ზუსტად დავიცავთ და სათანადო ინფორმაციასაც ხელმისაწვდომს გავხდით, ებოლას ფართოდ გავრცელების შანსები ამ ქვეყანაში ძალიან, ძალიან დაბალი იქნება“ - განაცხადა ბარაკ ობამამ.

პრეზიდენტი შეეცადა ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელების შიში გაენეიტრალებინა. სწრაფი რეაგირების რაზმების დისლოცირების გადაწყვეტილებას კი საავადმყოფოს მოთხოვნის საფუძველზე დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრების დირექტორი იღებს.

„როგორც იცით, საგანგებო ოპერაციების ცენტრი 100 დღეზე მეტია ამოქმედდა. სპეცდანიშნულების რაზმების გაგზავნას დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრებში ებოლას ინციდენტების განყოფილება და მისი მენეჯმენტი უზრუნველყოფს. საგანგებო ოპერაციების ცენტრიც ჩვენს დირექტორს, ექიმ ტომას ფრიდენს ემორჩილება, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს“ - ამბობს ჯორდან ტაპერო, დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრებში ებოლას ინციდენტების მენეჯერის თანაშემწე.

სწრაფი სამედიცინო რეაგირების რაზმები სპეციალისტებით სხვადასხვა შტატებიდან კომპლექტდებიან. „ფასტის“ ტიპის სამი ჯგუფი უკვე გაიგზავნა ნიუ იორკში, ჩიკაგოში და ვაშინგტონში. „სერტის“ ჯგუფები კი სრულ მზადყოფნაში არიან და საჭიროების მიხედვით ამერიკის ნებისმიერ კუთხეში გაეშურებიან.

XS
SM
MD
LG