Accessibility links

მშობლებმა, რომლებიც განსაკუთრებულად ზრუნავენ იმაზე, რომ ახალშობილ შვილებს ეკოლოგიურად უსაფრთხო გარემო შეუქმნან და თან ბავშვის ოთახის გაფორმება სურთ, უნდა იცოდნენ, რომ ინტერნეტმაღაზია „ეკო-დეკო“, ანუ ეკოლოგიურად სუფთა საბავშვო დეკორიაციები, 1 თვის წინ სწორედ ამისთვის შეიქმნა. დღეს „ეკო-დეკოში“ ბავშვების გარემოს გაფერადებაზე 2 ადამიანი ზრუნავს. იდეა გვანცა სამხარაძეს ეკუთვნის.

გვანცა: “პირველი იდეა ჩემს შვილს უკავშირდება, რადგან მაშინ გადავწყვიტე რაიმე გამეკეთებინა, როცა გავიგე, რომ ორსულად ვარ.

მაშინ რაღაც პრობლემების გამო ვერ მოვახერხე და ზუსტად ერთი თვის წინ შემეძინა ძმისშვილი ლიზა, რომლისთვისაც პირველი კოლექცია სპეციალურად შევქმენით. მინდოდა რაიმე განსაკუთრებული დეკორაცია შემექმნა, რომ ბავშვის კუთხე ლამაზი ყოფილიყო, მაგრამ აქამდე იყო ძალიან ბევრი ეტაპი. იდეა ჩემს პარტნიორს, ანა სარიშვილს, ვუთხარი და ძალიან მოეწონა. ანა არის მხატვარი, გრაფიკული დიზაინერი, ამავდროულად, სტუდენტია და უწევს ხეზე მუშაობა.

დავდიოდით ყველგან, რომ გაგვეგო როგორ უნდა გაგვეკეთებინა საქმე, აგვერჩია უსაფრთხო საღებავები. საღებავზე მაქვს აქცენტი, რადგან ყველაზე დიდ პრობლემას სწორედ საღებავი უქმნის ბავშვს, როდესაც კონტაქტი აქვს სათამაშოსთან”.

მას შემდეგ, რაც ბავშვებისთვის უსაფრთო საღებავებს მიაგნეს და გვანცამ ანასგან ხეზე მუშაობა ისწავლა, სპეციალური ინსტრუმენტების დახმარებით, საკუთარი ხელით ქმნიან ოთახისთვის ფერად გასაფორმებლებს. პირველი იყო ღრუბელი. მშობლისთვის განსაკუთრებული თარიღი, ბავშვის გაჩენის დრო, სახელი და სხვა პარამეტრები „ეკო-დეკოში“ ხის ფერად ღრუბლებზე გადააქვთ. კედელზე დასაკიდი ამ გაფორმების გარდა, „ეკო-დეკოში“ არაერთი რამ მზადდება. როგორც გვანცა ამბობს,ისინი კონკურენტებისგან მაინც გამოირჩევიან.

გვანცა: “ძალიან მიხარია, რომ ბევრი მუშაობს ხეზე, ბევრი აკეთებს დღიურებს, ბევრი აკეთებს საბავშვო დეკორაციას, მაგრამ ჩვენ მაინც განსხვავებული გვაქვს. პირდაპირ იმ მონაცემების გადატანა, რაც ბავშვის დაბადებას უკავშირდება, არ ყოფილა აქამდე და ძალიან გვიხარია, რომ პირველები ვართ ჩვენ. დაინტერესებაც სწორედ აქედან არის. ძალიან ბევრი გვწერს, რომ ბავშვი დაიბადა ამ თვეში და დაგვიმზადეთ, გამოჭერით და სანტიმეტრს, წონას და დაბადების საათს შემდეგ გეტყვით და ჩვენც ასე ვიქცევით”.

მიუხედავად იმისა, რომ “ეკო-დეკოში” საბავშვო თაროები, საკიდები, სათამაშოების ყუთები, საჰაერო ბუშტები, საწოვარას სამაგრები და სხვადასხვა დეტალები იქმნება, დღიურები სპეციალური წარწერით მაინც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია.

გვანცა: “ემოციურია უფრო, მაგალითად, “ჩემი ორსულობა”, “წერილები ჩემს შვილს” და ძალიან მიხარია რომ ხალხს ეს მოეწონა, რადგან როდესაც მე ვიყავი ორსულად, ასეთი წარწერით დღიური არ მქონდა, მაგრამ ყველაფერს ვიწერდი ჩემი ორსულობის შესახებ, ჩემი შვილისთვის ახლაც ვწერ წერილებს და მაინტერესებდა იგივეს თუ აიტაცებდა მომხმარებელი.

პატარა ბავშვები გვწერენ, დღიური მინდა და სულ მაქვს ათი ლარი და როგორ დაგვიმზადებთო. რა თქმა უნდა, ყველანაირად ვცდილობთ ათ ლარადაც და კიდევ უფრო ნაკლებად დავამზადოთ. განსაკუთრებულად ვაკვირდებით, თუ ბვშვია და უნდა დღიური”.

თუმცა, სტანდარტულად, პროდუქციის ფასი 15 ლარიდან იწყება და მაქსიმალური ზღვარი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა დაკვეთას იძლევა მშობელი.

“ეკო-დეკოში” საქმიანობის გაფართოებას ახალი დეკორაციებითა და ხის სათამაშოებით გეგმავენ, მეტი ცნობადობისთვის კი სხვადასხვა გამოფენაში აპირებენ მონაწილეობის მიღებას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG