Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტენდენციები


სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის ნახევარი წლის წინასწარი მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, ქვეყნის მთლიანმა შიდა პროდუქტმა 2.6 პროცენტით მოიმატა. ასეთი მაჩვენებელი თითქმის ორჯერ ნაკლებია 2015 წლის დასაწყისში მთავრობის მიერ დაგეგმილზე.

მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი დაგეგმილზე ბევრად ნაკლებია, მთავრობა მაინც კმაყოფილია. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორიოდე კვირის წინ ტელეკომპანია „ჯი-დი-ეს“-ის გადაცემა „20-30“-ში განაცხადა, რომ ოპტიმისტურად არის განწყობილი და წლის ბოლოსთვის ქვეყნის ეკონომიკის ორი პროცენტით მომატებას იმედოვნებს:

“ ჩვენ დაგეგმილი გვქონდა წელს 5 %-იანი ეკონომიკური ზრდა, მაგრამ, ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, რაზეც ვისაუბრეთ, - ეს არის ISIS-ის პრობლემა, ეს არის ნავთობის ფასები, უკრაინაში კრიზისი, რუსეთში კრიზისი, - რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პროგნოზს ვერ შევასრულებდით. პრაქტიკულად ყველა ქვეყანას რეგიონში - და არამხოლოდ რეგიონში - მოუწია ეკონომიკური ზრდის, ასე ვთქვათ, პარამეტრების გადახედვა. ჩვენც, ანალოგიურად, გადავხედეთ და გავიარეთ კონსულტაციები IMF-თან და სხვა საფინანსო ინსტიტუტებთან და შევთანხმდით, რომ წელს მიღწევადია 2 %-იანი ეკონომიკური ზრდა. ჩვენ ვართ ოპტიმისტურად განწყობილნი, რომ მივაღწევთ ამ 2%-იან ზრდას”.

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

შეგახსენებთ, ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემა „20-30“-ში გააკეთა. მის ოპტიმიზმს არ იზიარებენ ოპოზიციასა და ექსპერტულ წრეებში. ეკონომისტების კამათის საგანს არ წარმოადგენს ის, რომ ქვეყნის სწრაფად განვითარებისთვის საჭიროა ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლები, თუმცა ამ აზრს არ ეთანხმება პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე და მრეწველთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ტყემალაძე:

“თქვენ ჩემზე კარგად იცით, რომ არ არის ეს სწორი. რას ჰქვია 10 %-იანი და 20 %-იანი ზრდები? წლის განმავლობაში ასეთი ზრდისთვის არც ერთ ქვეყანას არ მიუღწევია და არც უნდა მიაღწიოს. ის თუ როდისმე არსებობდა ან სადღაც, აი, ასეთი ზრდები, ჩემო ბატონო მიხეილ (მიხეილ მაჭავარიანს მიმართავს), ის სხვა იყო და ის, ბოდიში და, რაღაცა წუმპიდან ამოყვანის პროცესი იყო და იმ წუმპეშიც ვინ შეიყვანა, ისიც გასარკვევია”.

მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლის ამ განცხადებას ბევრი ეკონომისტი არ იზიარებს. მათ შორის არის ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის პრეზიდენტი, ეკონომიკის დოქტორი რამაზ გერლიანი. ის ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის გარეშე შეუძლებლად მიიჩნევს განვითარებულ ქვეყნებთან საქართველოს მიახლოებას.

ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის პრეზიდენტის განცხადებით, მთავრობა, რეგიონისა თუ ევროპის ქვეყნების ნაცვლად, უნდა ედარებოდეს მთავრობისვე მიერ დამტკიცებულ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიას - „საქართველო 2020“. რამაზ გერლიანი ამ დოკუმენტით გათვალისწინებული გეგმების შესახებ საუბრობს:

„2020 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე უნდა გახდეს 13 ათასი ლარი...“

გამოწვევების, ანუ გარემოს გამაუარესებელი, ნუსხა კი გაცილებით გრძელია და ამ ჩამონათვალშია: არასტაბილური საკანონმდებლო გარემო და გადავადებული ცვლილებები; ახალი საიმიგრაციო პოლიტიკა; შრომის კოდექსის რეფორმირების გაჭიანურებული პროცესი...
ნინო ევგენიძე

ეკონომისტ რამაზ გერლიანის ცენტრის გარდა, მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას აკრიტიკებენ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც. ორი თვის წინ საქართველოში მოქმედმა 15-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ქართული ოცნების“ მმართველობის 2 წელი შეაჯამა. კვლევის ავტორთა აზრით, ეკონომიკური ზრდის 2.6-პროცენტიანი მაჩვენებელი უკანასკნელი წლების მანძილზე ყველაზე დაბალია. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გაუმჯობესებაზე საუბარი შეუძლებელი იქნება, თუ საქართველოში მნიშვნელოვანი საინვესტიციო ბუმი არ შედგა. ამისთვის საჭირო საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების ხელშემშლელ ფაქტორებზე ისაუბრა რადიო თავისუფლების დილის გადაცემაში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ევგენიძემ:

„გამოწვევების, ანუ გარემოს გამაუარესებელი, ნუსხა კი გაცილებით გრძელია და ამ ჩამონათვალშია: არასტაბილური საკანონმდებლო გარემო და გადავადებული ცვლილებები; ახალი საიმიგრაციო პოლიტიკა; შრომის კოდექსის რეფორმირების გაჭიანურებული პროცესი; უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის აკრძალვა; საფოსტო მომსახურების ახალი რეგულაციები; ასევე ის, რომ ზოგიერთ სექტორში კვლავაც შეინიშნება ელიტური კორუფციის ნიშნები და იკვეთება ინტერესთა კონფლიქტები, რაც ხელს უშლის სანდო და კვალიფიციური ინვესტორების შემოსვლას. ხშირად გაუგებარია, ვინ დგას დაგეგმილი თუ მიმდინარე მნიშვნელოვანი (ინფრასტრუქტურა, ქალაქმშენებლობა, ენერგეტიკა) პროექტების უკან, ვინ არიან მათი რეალური დამფინანსებლები და მფლობელები“.

ექსპერტები ასახელებენ სხვა მიზეზებსაც და იძლევიან რეკომენდაციებს საქართველოში უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად.

მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოს ეკონომიკური ზრდა 2015 წელს 3 % იქნება. ექსპერტების აზრით, თუკი საქართველოს ეკონომიკა წელს მთავრობის მიერ დაგეგმილი მოცულობით - 2 %-ით - გაიზრდება, მაშინ საქართველო დანარჩენ მსოფლიოსთან მიმართებით 1 %-ით გაღარიბდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG