Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორწლიანი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგები


გამოკვლევის პრეზენტაცია
გამოკვლევის პრეზენტაცია

გუშინ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ოცნების მთავრობის ორი წლის მუშაობის შედეგები შეაჯამეს. ეკონომიკის მიმართულებით ანგარიში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა მოამზადა. დოკუმენტში ხელისუფლების მუშაობის შემდეგ დადებითი მხარეებიდან, პირველ რიგში, ხაზგასმულია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერა და ამოქმედება; ასევე ნათქვამია, რომ საჯარო ფინანსების მართვის მიმართულებით განხორციელდა არაერთი რეფორმა (რეგიონული ბიუჯეტების პროგრამულობა, ახალი საბიუჯეტო კოდექსი, შიდა აუდიტის ახალი სისტემა, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ბიუჯეტთან ერთად წარმოდგენილი დოკუმენტების ხარისხი და გაფართოვდა მათი სპექტრი და ა.შ).მიუხედავად საგარეო ვალის ზრდისა, ქვეყანა ახერხებს მის შენარჩუნებას სსფ-ისა და მსოფლიო ბანკის მიერ განსაზღვრულ ფარგლებში; საქართველო ინარჩუნებს სავაჭრო ბაზრების დივერსიფიცირების გეზს; მიუხედავად ექსპორტის საერთო მაჩვენებლის შემცირებისა, ევროკავშირში ექსპორტი იზრდება.

სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაწყებული რეფორმებიდან დადებითად შეფასებულია შემდეგი მიღწევები: შექმნილია საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია 2015-2020 წწ; დაიწყო აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამა; კოოპერაციის მხარდამჭერი აქტივობები; სამელიორაციო სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები – 2014 წლის დეკემბრის მდგომარეობით, გასარწყავებულია 88 ათასი და დაშრობილია 25 ათასი ჰექტარი.

ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით, აღსანიშნავია: რძის და თაფლის ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება; სურსათის უვნებლობის სამსახურის გააქტიურება; საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის მიერ საერთაშორისო სერტიფიკატების მიღება; სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის შექმნა;

ორი წლის მანძილზე წარმოქმნილი მთავარი გამოწვევები კი ბიუჯეტის განხილვით იწყება და აღნიშნულია, რომ2014-2015 წლების ბიუჯეტები სოციალურად ორიენტირებულია. ჯანდაცვისა და სოციალურ მიმართულებებზე ბიუჯეტის, დაახლოებით, 30 პროცენტი იხარჯება; არაფინანსური აქტივების (კაპიტალური დანახარჯების) ზრდის მუხლით კი მთლიანი გადასახდელების რვა პროცენტია გამოყოფილი. ამასთან, საბიუჯეტო ხარჯები ვერ სრულდება, ძირითადად, იმ მიმართულებებით, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკის ზრდას. შესაბამისად, ბიუჯეტი ვერ ასრულებს ეკონომიკის მასტიმულირებელ როლს; ტენდენციად იქცა საბიუჯეტო სახსრების დიდი ნაწილის წლის ბოლო კვარტალსა და თვეებში დახარჯვა.

საგარეო ვალის 94 პროცენტი უცხოურ ვალუტაშია დენომინირებული. ეს ზრდის სავალუტო რისკს და გაცვლითი კურსის ფონზე აღებული ვალდებულების წნეხის შესაძლო მატების საფრთხეს. რაც უკვე დადასტურდა პრაქტიკაში, ლარის კურსის ვარდნის გამო, გაიზარდა ვალის წილი მშპ-ში. რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდისა და უკრაინაში მიმდინარე ომის ეფექტი მძიმედ აისახა საქართველოს საექსპორტო მაჩვენებელზე.

ანგარიშის მიხედვით, პრობლემად რჩება ისიც, რომ საქართველოს ბიზნესმენებს საკმაოდ მცირე მოცულობით აქვთ ათვისებული DCFTA- ის შესაძლებლობები; სოფლის მეურნეობის მიმართულებით გაწეული დანახარჯების დიდი ნაწილი სუბსიდირების მიმართულებით ხორციელდება, რომელთა ეფექტიანობა საეჭვოა. კერძოდ: 2012 წლიდან 2014 წლამდე სოფლის მეურნეობის წილი საქართველოს მშპ-ში 8,6 პროცენტიდან 9,4 პროცენტამდე გაიზარდა, ანუ, სულ, 0,8 პროცენტით. სოფლის მეურნეობისთვის კვლავ პრობლემად რჩება: ფორმალური, სტრუქტურირებული მიწის ბაზრის არარსებობა; მიწების ფრაგმენტაცია; მოძველებული ინფრასტრუქტურა; ეფექტიანი ფინანსური ინსტრუმენტების ნაკლებობა; ტექნოლოგიების/„ნოუ-ჰაუს“ არარსებობა;

არასამთავრობოების მიერ მომზადებულ დასკვნებთან დაკავშირებით ხელისუფლებამ მოცულობითი დოკუმენტი მოამზადა და შენიშვნების ძირითადი ნაწილი არ გაიზიარა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG