Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკვადორი შეისწავლის სნოუდენის განაცხადს თავშესაფრის გამოყოფის თაობაზე


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი
აშშ-ის უშიშროების ყოფილი კონტრაქტორი ედვარდ სნოუდენი, რომელსაც ვაშინგტონი ჯაშუშობის ბრალდებას უყენებს, მოსკოვში იმყოფება. ჯერჯერობით გაურკვეველია, სად აპირებს ის გაფრენას რუსეთიდან. კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ სნოუდენი კუბაში გეგმავდა გაფრენას, თუმცა, როგორც იუწყებიან, ორშაბათს მოსკოვიდან ჰავანაში მიმავალი თვითმფრინავის მგზავრებს შორის სნოუდენი არ ყოფილა.

აშშ-მა რუსეთს სნოუდენის ექსტრადიციის თხოვნით მიმართა. აშშ-ში სნოუდენს რამდენიმე მუხლით წაუყენეს ბრალი, აშშ-ის მთავრობის საიდუმლო სათვალთვალო პროგრამაზე ინფორმაციის საჯაროდ გამოტანის გამო. თუმცა რუსეთმა განაცხადა, რომ ვერ ხედავს მიზეზს სნოუდენის დასაკავებლად.

ამასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ დელიში ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე შემდეგი განცხადება გააკეთა:
„ძალიან საწყენი იქნება, მას თუ განზრახ დართავენ თვითმფრინავში ჩაჯდომის უფლებას. ეს, ეჭვგარეშეა, ჩვენს ურთიერთობაზე გარკვეულ გავლენას და ეფექტს იქონიებს და შედეგებიც იქნება“.

კერიმ რუსეთის მთავრობას მოუწოდა უერთგულოს კანონის სტანდარტს.
„ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ რუსეთის თხოვნა გავითვალისწინეთ და მას შვიდი პატიმარი გადავეცით. ვფიქრობ, საპასუხო ნაბიჯები და კანონის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანიაო“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

მოდით, დავასრულოთ მითქმა-მოთქმა. გადაწყვეტილებას მართებულ დროს მივიღებთ. ჩვენ ამ საკითხს პასუხისმგებლობის დიდი განცდით ვუდგებით და ყურადღებით ვმუშაობთ, რადგან ის ეხება გამოხატვის თავისუფლებას...
რიკარდო პატინო
კვირა საღამოს სნოუდენთან შეხვედრა გამართა რუსეთში ეკვადორის ელჩმა, რამაც გაამყარა ვარაუდები იმის თაობაზე, რომ სნოუდენი შესაძლოა ეკვადორში გეგმავდეს ჩასვლას და დაფუძნებას. ეკვადორის საგარეო საქმეთა მინისტრმა რიკარდო პატინომ ორშაბათს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა განიხილავს სნოუდენის განაცხადს თავშესაფრის გამოყოფის თაობაზე:

„მოდით, დავასრულოთ მითქმა-მოთქმა. გადაწყვეტილებას მართებულ დროს მივიღებთ. ჩვენ ამ საკითხს პასუხისმგებლობის დიდი განცდით ვუდგებით და ყურადღებით ვმუშაობთ, რადგან ის ეხება გამოხატვის თავისუფლებას და მთელ მსოფლიოში მოქალაქეების უსაფრთხოებას. შესაბამისად, ის ღრმა გაანალიზებას მოითხოვს“.

ედვარდ სნოუდენი მოსკოვში კვირას ჩავიდა ჰონგ-კონგიდან, სადაც მას შემდეგ იმალებოდა, რაც გასაიდუმლოებული ინფორმაცია საჯაროდ გახდა ცნობილი.

ჰონგ-კონგის მთავრობამ განაცხადა, რომ სნოუდენის დაპატიმრების ორდერი, რომელიც აშშ-მა გასცა, არ შეესაბამებოდა ჰონგ-კონგის სამართლებრივ მოთხოვნებს.

სნოუდენის მიერ საჯაროდ გამოტანილი დოკუმენტების შესახებ ცნობები გამოაქვეყნეს ბრიტანეთის „გარდიანმა“ და „ვაშინგტონ პოსტმა“. საქმე ეხება აშშ-ის მთავრობის მცდელობას გუგლის, ფეისბუქის და სხვა პროვაიდერების მეშვეობით შეეგროვებინა და დაჰკვირვებოდა აშშ-სა და მთელ მსოფლიოში მცხოვრები მილიონობით ადამიანის სატელეფონო თუ ინტერნეტმონაცემებს.
აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას ადმინისტრაციის თქმით, სათვალთვალო პროგრამა ხორციელდებოდა სასამართლოსა და კონგრესის ზედამხედველობით და ამ პროგრამის შემწეობით 50-მდე ტერორისტული გეგმის ჩაშლა მოხერხდა. ამ გეგმების ნაწილი, როგორც იუწყებიან, აშშ-ში მოიაზრებდა სამიზნეებს.
გასულ კვირაში აშშ-ის მთავრობამ სნოუდენს ბრალი წაუყენა მთავრობის საკუთრების მოპარვაში, თავდაცვის სფეროს დოკუმენტაციის უნებართვო გავრცელებასა და გასაიდუმლოებული ინფორმაციის განზრახ გავრცელებაში.
ყველა ეს ბრალდება, ცალ-ცალკე, ათ წლამდე ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.
XS
SM
MD
LG