Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Elton John – Word in Spanish


მთელი ბავშვობა და თინეიჯერობა სიცრუეში ვიცხოვრე.

მჯეროდა, რომ არსებობს ორგვარი მუსიკა - პაპსა და არაპაპსა.

პაპსა არ არის, თუ გიტარა ხერხავს და ვიღაცა ყვირის. ან, შეიძლება ხერხვა არ იყოს, მაგრამ სერიოზულ თემაზეა - სიკვდილზე ან რამე ეგეთზე. მსგავსი ტიპის წყნარი სიმღერები დაშვებული იყო. ასევე, თუ ჯგუფი იყო ძალიან კარგი, ეგეც მოსული ამბავი იყო - „ბითლზზე“ ვინ იტყოდა, პაპსაა, არ მოუსმინოო. უფრო სწორად, ამბობდნენ, როგორ არა, მაგრამ ალბათ თვითონაც ხვდებოდნენ, რომ მოუკრეფავში გადადიოდნენ.

სიყვარულზე თუ ტკბილად ვინმე იმღერებდა, ეგ იყო პაპსა. მორჩა და დამთავრდა.

მერე, ნელ-ნელა გავიგე, რომ მთლად ეგრე არ ყოფილა.

ჯერ სტივი უანდერი, თურმე, სულ არ ყოფილა ცუდი.

მაგრამ, ეგ, კაი, მუსიკის გიგანტია, თან, რავი ბრმაა და კი მღერის სიყვარულზე ტკბილ სიმღერებს, ამიტომ „ხარისხიან პაპსაში“ გადიოდა.

მერე, ნელ-ნელა ნაკლებად გიგანტების ტკბილი სიმღერებიც შემიყვარდა.

მოკლედ, გვიან მივხვდი, რომ პაპსა არ არსებობს და, მეტაფორულად, შეიძლება მწვადი გიყვარდეს, მაგრამ დროდადრო ნაყინიც არ დაიკლო.

ელტონ ჯონის ეს სიმღერა იმ, ძველი ღირებულებების მიხედვით ცალსახად პაპსაა.

თუმცა, დროდადრო ვუსმენ ხოლმე, ნოსტალგიის ამბავში. ემტივი, ზაფხული, რამე.

გუშინ კი გზად კარგი ხარისხის ყურსასმენებში ვისმენდი და უცებ, შევარდნაძისა არ იყოს, შემზარა - მეთქი რა კარგი სიმღერაა. ანუ, გარდა იმისა, რომ მელოდიაა საკაიფო და ელტონ ჯონი საოცრად მღერის, თვითონ სიმღერაა კარგი. არანჟირება აქვს სრულიად გადასარევი და ვინც უკრავენ, არ ვიცი ვინ არიან, თავისი საქმის უბადლო ოსტატები არიან.

მოკლედ, პაპსა კი არა, ძალიან მაგარია.

  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG