Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული მხარე ქერე-ოტრევის მონაკვეთზე მავთულხლართების მონტაჟს აპროტესტებს


ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის 46-ე შეხვედრა 4 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. მხარეთა წარმომადგენლებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. ქართულმა მხარემ საოკუპაციო გამყოფი ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და ღობეების მონტაჟის პროცესი გააპროტესტა. საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებმა ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება და სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების აღსადგენად სათავე ნაგებობებზე, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზეა მოქცეული, ქართველი სპეციალისტების დაშვება მოითხოვა. ერგნეთის შეხვედრის ერთადერთ მიღწევად ეს საკითხი უნდა ჩაითვალოს, რადგან ოსურმა მხარემ ქართველ სპეციალისტებს უფლება მისცა დუშეთის რაიონის სოფელ სამებასთან სამუშაოები ჩაატარონ.

ახალი თემა, რომელიც ქართულმა მხარემ ერგნეთის შეხვედრაზე წამოსწია, ახალგორში საქართველოს მოქალაქეების დაუბრკოლებელ გადაადგილებას ეხებოდა. მიმდინარე წლის მაისში ოსურმა და რუსულმა მხარეებმა ახალგორის მიმართულებით ახალი საშვთა სისტემა აამოქმედეს. გაუქმდა მანამდე არსებული ფორმა ნომერი 9, რომლის მეშვეობითაც იქ მცხოვრებნი გადაადგილდებოდნენ. ამჟამად ახალი საშვები მოსახლეობის მცირე ნაწილს აქვს მიღებული. შესაბამისად, მათი გადაადგილება ეგრეთ წოდებულ გამშვებ პუნქტებზე შეზღუდულია. ამ საკითხზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ტოივო კლაარმა განაცხადა, 1000-ობით მოქალაქეს ექმნება პრობლემა და ოსური მხარისგან ელოდებიან პასუხს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ეს საკითხი გადაწყდესო.

ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა ხოხ გაგლოითიმ ისე დატოვა ერგნეთის ტერიტორია, რომ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა გოჩა რატიანმა კი განაცხადა, რომ ბევრ საკითხზე ოსური და რუსული მხარეებისგან განმარტებები ვერ მოისმინა. ეს ეხება ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, რომან შიტიკოვის, გაუჩინარების ფაქტს. რატიანის ინფორმაციით, ქართულმა მხარემ შესაბამისი მტკიცებულებები წარადგინა შიტიკოვის ცხინვალის ციხეში ყოფნის თაობაზე, მაგრამ ოსური მხარე მის დაკავებას ისევ კატეგორიულად უარყოფს. ქართული მხარე განმარტებებს ახალგორელებისთვის ახალი საშვების გაუცემლობასთან დაკავშირებითაც ითხოვს. რატიანმა სოფლების ქერე-ოტრევის მონაკვეთზე მავთულხლართების მონტაჟის პროცესიც გააპროტესტა.

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მომდევნო შეხვედრა 30 ივლისს გაიმართება.

XS
SM
MD
LG